Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ გრიგალაშვილი - პოლიტიკის მკვლევარი


29 აპრილი, კვირა

ეს ბოლო თვეებია, დილით 2 შეტყობინება მხვდება. ზოგჯერ ისე ამთხვევენ, ერთად შემოდის მესინჯერის ზარი და მეღვიძება… დღესაც იგივე მოხდა... ერთ-ერთი შეტყობინების ავტორი ოთახში შემოვიდა. ხო მთელ ქვეყანას მერჩივნა, მაგრამ რაც მუცლით პატარა “ვარსკვლავს” ატარებს, ათასჯერ მეტად შემიყვარდა.

დილა ეკასთან ერთად დაიწყო.

გამზადებული საუზმე, რძიანი ყავა, ბევრი სიცილი და იმის წარმოდგენა, რას ვუზამთ პატარა “ვარსკვლავს”, როცა გაჩნდება.

სახლში მოსული ვხვდები, რომ კვირის განმავლობაში ისე ვიღლები, შაბათ-კვირას, უბრალოდ, მინდა არაფერი ვაკეთო, ვიჯდე და ვუყურო ჰოუმლენდის ბოლო სერიებს, ვესტვორდის ბოლო სეზონს და ასე ვიყო…

მაგრამ არა, ღამის 3 საათამდე ვწერთ მე, მარიამი და ელენე ერთმანეთს, თუ ვინ დაგვიდასტურა მოსვლა კონფერენციაზე, ვინ რა გაარედაქტირა, ვინ რას თარგმნის, ვინ რას ბეჭდავს და ვინ რას უკეთებს დიზაინს.

30 აპრილი, ორშაბათი

დილით ისევ 2 შეტყობინება... დღევანდელი დღე ვიცი, რომ იქნება უგრძესი. ძნელია წარმოიდგინო, რამდენ ადგილზე ვარ მისასვლელი. დღეს სახალხო დიპლომატიის ფორუმია. ბევრი ნაცნობი სახეა ირგვლივ. ზოგს მხოლოდ იქიდან ვიცნობ, ბოლო ერთი წელია, კვირაში 2-ჯერ ვხვდები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე.

ფორუმი 2 საათზე დავტოვე და სამსახურში გავიქეცი. ვიცი, იქ რა ამბები ტრიალებს. 2 მაისს საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ და იმდენი საქმეა, მარიამი და ელენე ოფისში ათენებენ ღამეებს. ეს ბოლო 2 თვეა, ისე ვგრძნობ გუნდურად მუშაობის ძალას, როგორც არასდროს. კარგია, რომ შენს ირგვლივ სამსახურშიც არიან შენი ადამიანები.

სამსახურიდან უნივერსიტეტში ჩავირბინე. მიყვარს შანიძიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩასვლა, განსაკუთრებით მიყვარს პეტრიაშვილის ასახვევი, ღვინის ქარხნის კუთხე, სადაც ყვავილები იყიდება - ისეთი ლამაზია, ისეთი სუნი ტრიალებს, შეხედავ და მაშინვე კარგ ხასიათზე დგები. ამ ადგილას მოსვლისას სულ მიჩნდება სურვილი იასამნების ყიდვის, მაგრამ რაღაც უსაფუძვლო კომპლექსები რომ გაქვს ადამიანს აკვიატებული (”ქუჩაში ყვავილებით ხო არ ვივლი?!”), ჩქარი ნაბიჯით ვშორდები.

ოდესმე გაგივლიათ პირველი კორპუსის დერეფანში იმ დროს, როდესაც ირგვლივ არავინაა? ისეთი უზარმაზარი გეჩვენება და ისეთი საოცარი, გრძნობ, რომ იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელი.

უნივერსიტეტიდან რონდელის ფონდში მივდივარ. ზოგჯერ ყოველდღე სამსახურის შემდეგ, უკვე ერთი წელია, აქ მოვდივარ. პარასკევს ვამთავრებთ უსაფრთხოების კურსს. კი ვწუწუნებთ, როდის დამთავრდება, დავიღალეთ უკვე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ერთ კვირაში ისევ ძალიან მოგვენატრება სამსახურის შემდეგ გადაღლილებს ლექციებზე ჯდომა, სიცილით ჩამოვლა ჩიტაძეზე, ერთმანეთისთვის ლაპარაკის არდაცდა….

1 მაისი, სამშაბათი

დილით რუსთაველის მეტროდან მელიქიშვილზე გზად ჩემი ლექტორი შემხვდა. 18-ში ერევანში მივდივართ იმ იმედით, რომ მანამდე ყველაფერი დალაგდება. საინტერესოა მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს ყოფნა, მაგრამ ამ ეტაპზე მზად არ ვარ. ასე რომ, 18-მდე ყველაფერი უნდა დალაგდეს ერევანში.

2 მაისი, ოთხშაბათი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი დღეს უკვე მესამედ მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას. დილით რომ დგები, უკვე იცი, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დღე იწყება. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო, რომ არაფერი შეგეშალოს და არაფერი გამოგეპაროს. სიმართლე რომ ვთქვა, უკვე იმდენი რამე დაემთხვა დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კიდევ რა შეიცვლება. 6 თვის წინ დადასტურებული სპიკერები პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად მიდიან ქუთაისში და ელენეს უწევდა ყოველდღე კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლა. მიუხედავად ამისა, დღეს ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამოგვივა.

გამოცდილებიდან კი ერთი რამის თქმა შემიძლია: საქართველოში ყველაფერი ფორსმაჟორულ სიტუაციებში კეთდება. გინდა 6 თვით ადრე დაგეგმე ყველაფერი, გინდა 1 წლის, ბოლოს მაინც ყველაფერი წინა დღეს წყდება.

11 საათია და ახლა მოვედი სახლში. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ოდესმე გქონიათ შეგრძნება, როცა ძალიან დაღლილი ხარ, თითქმის ვერ ლაპარაკობ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ისეთი დაღლილი ხარ, ვერც კი იძინებ, მაგრამ იცი, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო და შინაარსიანი დღე იყო შენს ცხოვრებაში.

3 მაისი, ხუთშაბათი

დღე ჩვეულებრივ დაიწყო. განსაკუთრებული არაფერი მაქვს დაგეგმილი. სამსახურში მოსვლისას გადავწყვიტე ჩემი მაგიდა გამეთავისუფლებინა იმ ქსეროქსის ფურცლებისგან, რომლებიც აღარ მჭირდება. ძალიან საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში მაქვს გადაყვანილი, რამე საკითხის საგულდაგულოდ წაკითხვა თუ მინდა, წაკითხვის ტრადიციულ გზას ვიყენებ. ჰოდა, ახლა ვდგავარ ქაღალდის უზარმაზარი გროვის წინ და ვფიქრობ, რა რაოდენობის ხის მასალა იყო საჭირო, მე რომ საგულდაგულოდ წამეკითხა.

ალბათ, არ ღირდა…..

საღამოს მარიამმა მომწერა. 14 მაისს უნდა შევხვდეთ… შეხვედრის ადგილი -ბრიუსელი. უკვე წარმომიდგენია, გარშემო ხალხს როგორ შევაწუხებთ, როგორ მოვირბენთ მთელ ქალაქს გაუჩერებელი ლაპარაკით და როგორ არ დავიღლებით ბევრი სიცილით. ბევრჯერ მითქვამს: მარიამი იმაზე მეტად მგავს, ვიდრე მე ვგავარ ჩემს თავს და იმაზე მეტად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე საკუთარ თავებს. დღეს მომწერა, მგონი, ტელეპატიურად ვართ დაკავშირებულებიო… ერთი პერიოდი, როცა აბიტურიენტობისას ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს, ზოგჯერ მეშინოდა: ფიქრი არ მქონდა დამთავრებული, მარიამი ზუსტად იმას ამბობდა, რასაც ვფიქრობდი და პირიქით. ჰოდა, ახლა ჩემს “მადიაამს” მალე ვნახავ!

5 საათისკენ თეომ მომწერა, ვაპირებდი თუ არა GFSIS-ში ლექციაზე მისვლას. ბევრი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დაღლილები ვიყავით და ხვალ აუცილებლად მივიდოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ბოლო ლექციაზე.

4 მაისი, პარასკევი

დღეს დილით ელენეს შევხვდი „მერიოტის“ ფოიეში, სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციაზე. არ არის ადვილი, ისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს. მით უფრო არ არის ადვილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ზოგადად, ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს ყველაფრისადმი, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოხსენება ორმაგად უფრო საინტერესოა, როცა საქმე ოკუპირებულ მიწაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება.

პრეზენტაციიდან დაბრუნებულებს მოკლე დისკუსია გვქონდა ახალი კვლევების შესახებ. ზოგჯერ რაღაცის დაწერა ძალიან გინდა, მაგრამ არ იცი მისი კონკრეტული მიზანი, სამიზნე აუდიტორია. მიდიხარ ოფისში და ამ შენი ფიქრების გროვას აფრქვევ, ლევანი კი თავისი უმშვიდესი ტონით ნელ-ნელა გილაგებს უწესრიგოდ გაფანტულ პასუხებს. ლამის უკვე ერთი წელია, ასე მშვიდად ვსწავლობ ლევანისგან ძალიან ბევრს. და ყველაზე მეტად მეამაყება, რომ ჩემი მეგობარი ოქსფორდში სწავლობდა.

საღამოს გოგებაშვილის ქუჩით წამომიყვანა ტაქსიმ ჩიტაძეზე. მელიქიშვილზე და რუსთაველზე საცობში დგომას ყოველთვის ზემოდან მოვლა მირჩევნია, თან აქედან ხომ განსაკუთრებით ლამაზია თბილისი.

დღეს სრულდება ერთწლიანი სასწავლო კურსი უსაფრთხოებასა და საჯარო ადმინისტრირებაში. გარდა იმ დამატებითი ცოდნისა, რომელიც ამ კურსის ფარგლებში მივიღე, არსებობს სხვა უმნიშვნელოვანესი შენაძენი - ის ხალხი, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში გავიცანი და რომლებსაც ახლა თამამად შემიძლია ვუწოდო ჩემი მეგობრები.

5 მაისი, შაბათი

შაბათია, მაგრამ 8 საათზე უკვე ფეხზე ვდგავარ, ყავით ხელში. რამდენიმე დავალება მაქვს შესასრულებელი, საღამოს კი ევროპის დღეებზე მივდივარ. გეფიცები, არაფერი ისე არ უხდება ჩვენს ქვეყანას, როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ერთად აფრიალებული დროშები. მე ქართველების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც სჯერა, რომ აუცილებლად შეიცვლება ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ, რომ ძალიან მალე ქვეყნის მთავარი ძალა სწორედ ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც სტუდენტობისას სარგებლობდნენ გაცვლითი პროგრამებით, რომლებმაც იციან, რომ ევროპა არაფერს გართმევს, რომ ევროპაში ერთიანობა სწორედ მის მრავალფეროვნებაშია, რომ ის სტანდარტები, რომელთაც ევროკავშირი გიწესებს, უპირველესად ისევ ჩვენთვისაა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის კეთდება.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:08 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG