Accessibility links

მარიამ მაისურაძე ანტიკორუფციული მაჩვენებლების გაუარესებაზე


მარიამ მაისურაძე ანტიკორუფციული მაჩვენებლების გაუარესებაზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:44:29 0:00

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია კვლავაც აქტუალურად თვლის ქვეყანაში ერთი ანტიკორუფციული უწყების შექმნას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მრავალ ფუნქციას შეითავსებს და რომელიც იქნება დამოუკიდებელი. საქართველოში კორუფციის მხრივ არსებული ვითარების შესაფასებლად IDFI-მ შეკრიბა 2019-2020 წლებში კორუფციის თემაზე გამოქვეყნებული კვლევების, რეიტინგებისა და ინდექსების შედეგები: „პრინციპში, ყველა ამ კვლევის შედეგი ერთმანეთს ეხმიანება. ყველას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი მეთოდოლოგია როგორ იღებენ ამ შედეგებს და ყველა მათგანი არის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ორგანიზაცია. მაგალითად, Trace International-ის ზომავს ვითარებას ბიზნესის წარმომადგენლების და ექსპერტების გამოკითხვაზე დაყრდნობით, აგრეთვე ეყრდნობა ძალიან ბევრ წყაროს, მათ შორის „მსოფლიო ბანკის“ და სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებს და როგორც ვნახეთ, 2018 და 2019 წელს შედეგი გვქონდა ერთნაირი. …ცალკე აღებული ეს მაჩვენებლები, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ცუდი არ არის ნამდვილად, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა, თუმცა, ჩვენ შევეცადეთ დაგვენახებინა დინამიკა და ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ინდექსში, მაგალითად, გავაუარესეთ 3 ქულით მდგომარეობა და 2 ადგილით უკან წავიწიეთ, რა თქმა უნდა, არის ყურადსაღები, რადგან, ამ ტემპით თუ წავალთ, ხუთი წლის შემდეგ უკვე ცუდ შედეგს მივიღებთ. აქვე აღსანიშნავია ის, რომ 2014 წელს ამავე ინდექსში ვიყავით 10 ადგილით წინ. 2016 წელსაც კარგი შედეგი გვქონდა და მერე უცებ გაუარესდა. ნაწილობრივ ეს იყო დამოკიდებული მეთოდოლოგიის ცვლილებაზეც, ორგანიზაციამ თვითონვე გააკეთა განმარტება, თუმცა, ბოლო წლებში მეთოდოლოგია აღარ შეცვლილა. ყველაზე ცუდი შეფასება არის კორუფციის აღკვეთის მიმართულებით. ამაში მოიაზრება სახელმწიფოს მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების ეფექტიანობა. ამ ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა”. IDFI-ს მიმოხილვაში არაერთი სხვა ორგანიზაციის მონაცემებსაც ნახავთ კორუფციის მდგომარეობაზე. მარიამ მაისურაძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს ქვეყანაში არსებულ ანტიკორუფციულ სისტემას: „ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიკორუფციულ პოლიტიკას სჭირდება გადახედვა. ერთი მხრივ, კორუფცია არის მოვლენა, რომელიც მუდმივად ვითარდება და ახალ თვისებებს იძენს, ამიტომ მასთან ბრძოლის პოლიტიკაც საჭიროებს მუდმივად გადახედვას და ახალი ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ანტიკორუფციული სისტემა - ის, თუ როგორ არის განაწილებული ფუნქციები ანტიკორუფციულ უწყებებს შორის. ერთი მხრივ, ერთმანეთისგან გამიჯნულია და სხვადასხვა უწყებას აქვს სხვადასხვა ფუნქცია: ერთს პოლიტიკის შემუშავების ფუნქცია, სხვას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივ დევნის და ცალკე - საჯარო სამსახურის ბიურო აკეთებს დეკლარაციების მონიტორინგს, რაც ასევე ერთ-ერთი ფუნქცია უნდა იყოს ანტიკორუფციული უწყების. სასურველია ეს ფუნქციები არ იყოს ასე გამიჯნული. ხელოვნურად არ იყოს გაყოფილი. დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეიქმნას ერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა ამ ფუნქციას. გარანტირებული უნდა იყოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG