Accessibility links

მარია ბუტინა, სავარაუდო რუსეთის აგენტი


მარია ბუტინა

ეს ქალი, სავარაუდოდ, რუსი აგენტია. აშშ-ის პროკურორების თქმით, 29 წლის მარია ბუტინა ცდილობდა ეწარმოებინა „ზემოქმედების ფარული კომპანია“, რომლის სამიზნეც, ბრალდების თანახმად, პოლიტიკური პირები და იარაღის ეროვნული ასოციაცია (NRA) იყო.

“მე აქ ვარ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი მოძრაობისა „იარაღის ტარების უფლებისათვის“, - ასე წარმოადგენდა ის საკუთარ თავს 2014 წელს ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ბერლინში გამართულ ყრილობაზე.

მოძრაობა „იარაღის ტარების უფლებისათვის“ ლობირებას ახდენდა რუსეთში იარაღის ტარების შეზღუდვის შესამსუბუქებლად, რასაც, როგორც ჩანს, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია.

2013 წელს ბუტინა სიტყვით გამოვიდა მოსკოვში გამართულ კონგრესზე, ისევე როგორც აშშ-ის იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) მაშინდელი პრეზიდენტი, დევიდ კინი.

ჯონ ბოლტონი - იმხანად (NRA) იარაღის ეროვნული ასოციაციის გავლენიანი წევრი, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში - ლაპარაკობს იმ ვიდეოზე, რომელიც მოგვიანებით ბუტინას ჯგუფის მიერ იქნა გამოქვეყნებული.

„უნდა ჰქონდეს თუ არა რუსეთის მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება? მე შემიძლია გაგიზიაროთ აზრი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კონკრეტულად ეს თავისუფლება ამერიკელებისათვის“.

მე ტორშინს ვიცნობდი ბუტინასაგან. ისინი, როგორც შევატყვე, ერთმანეთის ძალიან ახლობლები იყვნენ. ტორშინი მეტისმეტად უცნაურად მომეჩვენა: ღიპიანი მსუქანი სენატორი, რომელიც გატაცებულია იარაღით და დაიარება იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) ყრილობებზე...
ჟულია იოფე

ამერიკელი პროკურორები ბრალს სდებენ ბუტინას იმაში, რომ იგი მოქმედებდა ანონიმი რუსი მაღალჩინოსნის მითითებებით. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს ალექსანდრ ტორშინი, მმართველი „ერთიანი რუსეთის პარტიის“ წევრი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ იმყოფება. მის საქმეს სწავლობენ ასევე ესპანეთში რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში.

ამერიკელმა ჟურნალისტმა ჟულია იოფემ გვითხრა:

„მე ტორშინს ვიცნობდი ბუტინასაგან. ისინი, როგორც შევატყვე, ერთმანეთის ძალიან ახლობლები იყვნენ. ტორშინი მეტისმეტად უცნაურად მომეჩვენა: ღიპიანი მსუქანი სენატორი, რომელიც გატაცებულია იარაღით და დაიარება იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) ყრილობებზე“.

ბუტინამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ტორშინს თან ახლდა აშშ-ში ვიზიტის დროს, NRA-სთან კავშირების დამყარება დაიწყო.

აშშ-ის პროკურორების თანახმად, 2013 წელს ბუტინამ დაამყარა პირადი ურთიერთობა ერთ-ერთ ამერიკელ პოლიტიკურ მოხელესთან, რომელმაც, სავარაუდოდ, იგი გავლენიან ამერკელ პოლიტიკურ პირებთან დააკავშირა.

ბუტინა გამოჩნდა ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს 2015 წელს და შეკითხვა დაუსვა დონალდ ტრამპს:

„გსურთ თუ არა, რომ გაგრძელდეს სანქციების პოლიტიკა, რომელიც ორივე ქვყენის ეკონომიკას აზიანებს?“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

„ვფიქრობ, რომ კარგად შევეწყობოდი პუტინს. გასაგებია? მხედველობაში მაქვს ის, რომ ვიცი, რაშია ჩვენი ძალა. არა მგონია, რომ სანქციები გვჭირდებოდეს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად შევეწყობოდით ერთმანეთს“, - უპასუხა ტრამპმა.

ბუტინას დაპატიმრების შესახებ ცნობა გავრცელდა იმ დღეს, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირველი ორმხრივი შეხვედრა გამართეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბუტინას დაპატიმრება ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელიც ამ შეხვედრის წარმატებისათვის ძირის გამოთხრას ემსახურებაო:

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაცამ აიღო საათი და კალკულატორი და გამოთვალა, როდის უნდა მიეღოთ მარია ბუტინას დაპატიმრების გადაწყვეტილება, რომ როგორმე სამიტის შედეგები ჩაეფუშათ“.

18 ივლისს გამართულ სასამართლოზე ბუტინამ თავი უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ განმარტებები არ გაუკეთებია. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არის საშიშროება ეჭვმიტანილის მიმალვისა და უარი თქვა თავდებით მის გათავისუფლებაზე. მოსალოდნელია, რომ ბუტინა საპატიმროში დარჩეს სასამართლო პროცესამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG