Accessibility links

site logo site logo

მელიას საქმე: როდის აღსრულდება განაჩენი? - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 თებერვალს


განვლილი ღამე "ნაციონალური მოძრაობის ოფისში

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაათენეს. ისინი პარტიის ლიდერს ნიკა მელიას ათობით მხარდამჭერთან ერთად იცავდნენ დაკავებისგან, თუმცა წუხელ პარტიის ოფისში სასამართლოს განაჩენის აღსასრულებლად არ მისულან.

6-საათიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

"დღეს წაშლილია ყველანაირი პარტიული პოლიტიკა, არსებობს ორი მხარე: ქართული ეროვნული მოძრაობა და მისი ინტერესები და ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. მიხარია, რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ. ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს", - ასე შეაფასა ნიკა მელიამ ამ დროისთვის პოლიტიკური ძალების განაწილება საქართველოში.

ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტს" უწოდებენ მელიას ინტერესების დამცველები და იმავე აზრზე არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყვნენ შეკრებილი ნიკა მელიას დასაცავად.

საღამოს გავრცელდა ინფორმაცია სპეცრაზმის მობილიზების შესახებ, თუმცა შსს-მ ეს ფაქტი უარყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზა მდებარეობს სამართალდამცველების მობილიზება დილითაც შეინიშნებოდა.

პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გავრცელდა და საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დაძაბულობა და დაჭერის მოლოდინი დღესაც გრძელდება. წაიკითხე ვრცლად გუშინდელი დღის შეჯამება ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მელიას საქმე: კანონით, როგორ არის გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

ნიკა მელიას საქმის პროკურორმა გუშინ განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ მოვა სისრულეში გადაწყვეტილება. მიხეილ სადრაძის თქმით, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, თუ რა ვადაში უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მან თქვა, რომ ეს უკვე სხვა უწყებას ეხება. კითხვაზე კონკრეტული პასუხი პროკურორს არ გაუცია, თუმცა დაამატა, რომ მელიას დაკავება „გონივრულ ვადაში მოხდება“.

მიხეილ სადრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში.

წაიკითხე მეტი.

ევროსასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, პუტინის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის განცხადების საპასუხოდ, რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დოკუმენტის ასლი გამოქვეყნებულია ნავალნის ვებსაიტზე.

სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, მას გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთა აღსრულება სავალდებულოა. ეს კეთდება იმ შემთხვევებში, როცა სასამართლო ასკვნის, რომ ზომების მიუღებლობა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს განმცხადებელს. მაგრამ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ გეგმავს ამ მოთხოვნის შესრულებას და რომ ეს „წითელი ხაზის გადალახვა“ და „სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევაა“.

წაიკითხე მეტი.

ბაიდენი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა ამერიკელი ივლისის ბოლომდე მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ივლისის ბოლომდე ყველა ამერიკელს მიეცემა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების საშუალება.

ბაიდენი მანამდე ამბობდა, რომ ვაქცინები შესაძლოა გაზაფხულისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ თეთრ სახლს ახლახან ვადების გადაწევა მოუწია, ვაქცინების რაოდენობასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების გამო.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ სურს სკოლები მალე გაიხსნას და მხარს უჭერს ვაქცინაციას მასწავლებლებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს "ჯოგური იმუნიტეტის" მიღწევამდე და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფორმასთან დაბრუნებამდე.

წაიკითხე მეტი.

შემოდიან თუ არა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში COVID-ვაქცინის ყალბი ცნობით?

Купить сертификат о вакцинации против ковид - თუკი რუსულ საძიებო საიტზე ამ სიტყვების კომბინაციებს ჩაწერთ, პირველივე ცდაზე, არაერთი პორტალი „ამოგიხტებათ“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს COVID19-ის საწინააღმდეგო აცრის ყალბ სერტიფიკატს სთავაზობს, ცხადია, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. საიტები მომხმარებლებს სთავაზობენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ დოკუმენტაციას, შესაბამისი ნომრით, ბეჭდითა და ექიმის ხელმოწერით და ამგვარ გარიგებას „ცნობის ოფიციალურად შეძენას“ უწოდებენ. მთავარია, ყალბი ცნობის მსურველმა, პორტალზე მითითებულ ველებში ჩაწეროს პირადი მონაცემები, დაარეგისტრიროს მოთხოვნა და მას უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება „სპეციალისტი“, რომელიც დოკუმენტის ღირებულების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

მაგალითად, აი ეს საიტი, „სამედიცინო ცნობების გაფორმება“, ყალბი დოკუმენტის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვრცელ ე.წ. საინფორმაციო ტექსტსაც სთავაზობს და აღწერს, თუ რატომ და ვისთვის არის უპრიანი ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის „ოფიციალურად შეძენა“.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სწორედ ასეთი, ვაქცინაციის გაყალბებული დოკუმენტით შემოვიდა საქართველოში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის, ოთხსულიანი ოჯახი. ისინი საქართველოში მოსკოვი-სტამბოლი-თბილისის გავლით ჩამოვიდნენ და ამბობენ, რომ ცნობის წარდგენისას, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG