Accessibility links

site logo site logo

მეორე ტურზე სწორება ხალხმრავალი აქციის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ოქტომბერს


სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდა

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი აქცია გუშინ, საღამოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასრულდა. ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი აქცია თბილისში.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილს თან ჰქონდა წითელი ვარდები. აქციის ბოლოს მელიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა:

"ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი ქვეყანა რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ, ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და, რაც მთავარია, ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის წრფელი სიტყვები. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა. ამდენ ადამიანს ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მართლები ვართ, მართლები ვართ როგორც არასოდეს. გეგმა არის ერთადერთი. სხვა გეგმა ვერ იქნება. გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა.

შეკრებილებს წერილის საშუალებით მიმართა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მისმა ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა შერიგების იდეით და აღნიშნა: „ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პოლიტპატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას“.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედნისკენ ავტოკოლონები გუშინ რეგიონებიდან დილით დაიძრა. გზად იყო რამდენიმე ინციდენტიც. რუსთავის შესასვლელთან კოლონებს ცოცხებით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა "საზღვრების" დაკანონებას ითხოვს რუსეთი?

მოსკოვი თბილისს სთავაზობს, საქართველოს რეგიონები, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს.

სწორედ ამას გულისხმობს რუსეთის საგარეო უწყების მორიგი უკანონო ინიციატივა - საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ.

საქართველოს უარის მიუხედავად, საზღვრების უკანონო დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი ცალმხრივად უკვე დაძრულია და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რუსეთი აქტიურად მუშაობს ცხინვალსა და სოხუმთან.

დემარკაციის საკითხი რუსეთის მხარეს ჟენევაში სხვა დროსაც არაერთხელ წამოუყენებია, თუმცა ამჯერად, უკანონო საზღვრების დემარკაციის პროცესში რუსეთი, როგორც ჩანს, მთავარი როლის შესრულებას გეგმავს და მის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს ამ პროცესში მხოლოდ მხარდამჭერებად მოიხსენიებს.

„რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საზღვრის დემარკაციის პროცესი საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რასაც მოჰყვება დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 54-ე რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნა.

რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი და რას უკავშირდება ამჯერად მისი ინიციატივა?

წაიკითხე მეტი.

ევროპარლამენტარები ითხოვენ შეწყდეს სააკაშვილის პატიმრობა - წერილს "ფორმულა" ავრცელებს

"ფორმულა" ავრცელებს წერილს, რომელიც მათი ინფორმაციით ევროპარლამენტარებმა შეადგინეს და საჯაროდ დღეს გამოქვეყნდება. მასში საუბარია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების აუცილებლობაზე და ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

"ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის", - წერია წერილში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს. წერილის ნამდვილობას ადასტურებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილიც, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება.

წაიკითხე მეტი.

მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში შესვლის საშუალებას?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი გუშინ რუსთავის ციხეში ითხოვდა შესვლას, სადაც ექსპრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან იმყოფება.

"საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი დროის განმავლობაში, ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა... ადამიანურად გთხოვთ, მომეცით საშუალება, 10 წუთით უფლება, რომ ბატონი პრეზიდენტი ვნახო და კიდევ 10 წუთი, რომ ვნახო ანალიზები და კიდევ 5 წუთი, რომ ვნახო ციხის ექიმი, რომელიც ძალიან მომწონს... მოქალაქეს, ნიკა ყიფშიძეს, არ მესმის, რა გავაკეთე ცუდი ან რა უნდა გავაკეთო ცუდი, რომ შევიდე ავადმყოფთან, ჩემს მეგობართან და ვნახო, რა სიტუაციაშია ახლა", - თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მას ციხეში შესვლის უფლება წინა დღესაც არ მისცეს.

მოახერხებს თუ არა ნიკოლოზ ყიფშიძე მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მონახულებას? თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამებების სექციაში.

ბათუმში ჩამონგრეული სახლის სრული დემონტაჟი განხორციელდება

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული 7-სართულიანი სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო.

როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 26 მაისისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული კუთხის სახლი მთლიანად დაინგრევა, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, კორპუსი ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება.

სახლის დემონტაჟისა და სპეციალური პროექტის განსახორციელებლად 500 ათასი ლარი გამოიყო.

ამჟამად 53 ოჯახი დროებით გასახლებულია. ნაწილი ქირით, ნაწილი სასტუმროებში და ნაწილიც ნათესავებთან ცხოვრობს.

წაიკითხე მეტი.

სომხეთი გაეროს სასამართლოში აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებს

სომხეთმა აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში დაადანაშაულა, როცა ორი ქვეყანა, რომლებსაც ექვსკვირიანი ომი ჰქონდათ გასულ წელს, შემოდგომაზე, 14 ოქტომბერს ერთმანეთის ჰააგაში დაუპირისპირდნენ.

სომხეთის წარმომადგენელმა, იეღიშე კირაკოსიანმა, მოსმენის გახსნისას, ბრალდება წამოაყენა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მოსამართლეებისადმი სომხეთის მიმართვასთან დაკავშირებით - მიიღონ სასწრაფო დროებითი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

საქმე ეხება მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო გასული წლის ომს, რომლის შედეგადაც 6600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ეთნიკური სომხების ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა სეპარატისტული ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში.

წაიკითხე მეტი.

ისევ უარი? დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფოს პასუხის მოლოდინში

„იმედი გვქონდა, რომ სახელმწიფო, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ე.წ. CGM სისტემას დაგვიფინანსებდა. ახლა კი გვაქვს განცდა, რომ შვილები ჩვენც მოვატყუეთ და სახელმწიფომაც“, - გვეუბნება ნანი გოგიაშვილი, 15 წლის ანას დედა.

ანას რამდენიმე წელია, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და სისხლში შაქრის მუდმივად გაზომვის გარეშე გარეთ გასვლასაც კი ერიდება.

ერთხელ, როცა საზომი ჩხირები გამოელიათ და ის დათქმულ ვადაზე ადრე მოითხოვეს, სახელმწიფოსგან უარი მიიღეს. ანა მაშინ ისე გაბრაზდა, თქვა: „მე არ ვარ ამ ქვეყნის მათხოვარი, მე ამ ქვეყნის მომავალი ვარ და ამას ასე არ უნდა ვითხოვდეო“.

თუ ანა და მის მსგავსად, კიდევ, დაახლოებით, 1300-დან 1500-მდე ბავშვი, ვისაც იგივე დიაგნოზი აქვს, სისხლში შაქრის დონეს მუდმივად არ გაიკონტროლებს, ამან შესაძლოა, ჰიპო ან ჰიპერგლიკემია გამოიწვიოს - ბავშვი საერთოდ ვერ მიხვდეს სისხლის შაქრის ცვლილებას და ამან მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ერთხელ, ამის გამო, ანა, რომელიც ცეკვაზე დადის, სცენაზე დაეცა.

წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

"ოპოზიციური კანდიდატების ამოცანა მეორე ტურისთვის იყო პირველი ტურის შემდეგ თამაშგარე დარჩენილი პარტიების ამომრჩევლის მოზიდვა. ამ ტიპის ესკალაცია არათუ ვერ იზიდავს, მხოლოდ აფრთხობს ამომრჩეველს, - ამბობს გია ხუხაშვილი, - ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მობილიზება არ სჭირდება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG