Accessibility links

მიზანში ამოღებული ბარგი


ზემო ლარსი, რუსეთ-საქართველოს საზღვარი

19 აგვისტოდან რუსეთში ძალაში შევა საზღვრის გავლით ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების შეტანის ახალი წესი. ამიერიდან ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაუფორმებლად ჩემოდნითა და ხელბარგით შესაძლებელი იქნება არა უმეტეს ხუთი კილოგრამი ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ყვავილების სამი თაიგულის გატანა. თანაც, თითოეული თაიგული მაქსიმუმ 15 ყვავილის, ფოთლის ან სხვა სახის მცენარისგან უნდა შედგებოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უფრო დიდი პარტიის გადასატანად საჭიროა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ასეთი დოკუმენტის გარეშე პროდუქციას ან უკან გააბრუნებენ, ან ადგილზე გაანადგურებენ მფლობელის ხარჯზე.

ახალი წესები გავრცელდება ყველა სახის - მათ შორის საზღვაო, ავია, სარკინიგზო და საავტომობილო - ტრანსპორტზე.

ჩრდილოეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა „კავკაზ.რეალიისთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შეზღუდვა ნეგატიურად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე.

„ნებისმიერი შეზღუდვა გაკისრებს ვალდებულებებს, ვალდებულებები კი იწვევს სხვადასხვა ჯარიმებს. შესაძლოა წესრიგის დასამყარებლად ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ცხადია, რომ 20 კილოგრამი გასაყიდად არ მიმაქვს. შეზღუდვა რაღაცნაირად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ“, - განაცხადეს პალატის ექსპერტიზის განყოფილებაში.

წყაროს თანახმად, ვინაიდან შეზღუდვა ბითუმად წვრილმან მოვაჭრეებს შეეხება, იგი არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკაში ხილისა და ბოსტნეულის ფასზე. ახალი წესები ყველაზე მეტად ტურისტებს შეეხებათ. ცნობისათვის: ჩრდილოეთ ოსეთის გავლით რუსეთიდან საქართველოსკენ და უკან გადაადგილდება უამრავი ტურისტი.

სახელმწიფო კომპანია „როსსელხოზნადზორის“ ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ახალი წესების შემოღების შედეგად მოელიან სამუშაოს მოცულობის გაზრდას. განყოფილების დირექტორის მოადგილე ანზორ ტორჩოკოვმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა, რომ სამსახური რეგულარულად აკავებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიიდან რუსეთში მიმავალ უხარისხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით სავსე ტვირთებს.

„ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას საქართველოსა და სომხეთზე. იქ გვხვდება ხოლმე, მაგალითად, ატმის ხოჭოთი დაავადებული ნაყოფის პარტიები. მათ ჩვენ ვაგზავნით ლაბორატორიებში ქიმიური დამუშავებისათვის, რათა გავაუვნებელყოთ ამ მწერისაგან, ან ასეთ ტვირთს უკან ვაგზავნით მეზობელ სახელმწიფოში“, - გვითხრა მოხელემ.

რაც შეეხება 5 კილოგრამის ხილისათვის სავალდებულო ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების ზომის შემოღებას, ტორჩოკოვმა აღნიშნა, რომ წესები ზემოდან მოდის და მათი შესრულება სავალდებულოა.

საქონლის თავდაპირველი შემოწმება, როგორც გაირკვა, ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მიერ შემუშავებული სიის მიხედვით ხდება. თუ ამ დოკუმენტში კონკრეტული სახის საქონელი არ არის შეტანილი, მაშინ უკვე რუსეთის ეროვნულ სიას უყურებენ.

„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ რუსეთის მთავრობის დადგენილება მიზნად ისახავს ზეეროვნული და რუსული საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზებას.

„იმ წესებით, რომლებიც დადგენილებაშია ასახული, ჩვენ უკვე 2017 წლიდან ვცხოვრობთ. დადგენილია ევრაზიული ეკონომიკური კომისიის გადაწყვეტილებით. რუსეთის მთავრობის ამჟამინდელი დადგენილებით იწყება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პერიოდი“, - განუცხადეს „ახალი ამბების“ სააგენტო „ტასს“ უწყებაში.

ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში შედიან სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი, რომელიც ამ კავშირის ლიდერად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG