Accessibility links

მიიღებს თუ არა რუსეთი აშშ-ის შეთავაზებულ დახმარებას?


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა დახმარება ტყეების ხანძრების ჩაქრობაში. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია საუბარი. იუწყებიან, რომ საუბარი გაიმართა თეთრი სახლის ინიციატივით. რუსული სააგენტოების ცნობით, პუტინმა მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს შეთავაზებულ დახმარებას.

„რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერი ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც საწინდარი იმისა, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი ურთიერთობის აღდგენა“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ამერიკულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი სატელეფონო საუბარზე.

უფრო ადრე, ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით ციმბირში მძვინვარე ტყეების ხანძრების ჩაქრობაში ჩაერთო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ეს იმ ფონზე, როდესაც ორიოდე დღით ადრე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ უსი იძლეოდა განმარტებას, რატომ არ აქრობს ხელისუფლება ხანძრებს ციმბირში.

„ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, რომელთან ბრძოლაც უაზრობაა და სადღაც, შესაძლოა, საზიანოც კი იყოს“,- თქვა უსმა 29 ივლისს ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსვლისას.

რამდენად ეფექტურია არმია სტიქიასთან ბრძოლაში?

ციმბირის ტყეებში ხანძრების გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოიარსკის მხარესა და ირკუტსკის ოლქში, სადაც, ბოლო მონაცემებით, სტიქიის ფართობმა 3 მილიონ ჰექტარს მიაღწია.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, განგაშით იქნა მობილიზებული სამხედრო ძალები ირკუტსკის რეგიონში, სადაც იწვის მილიონ ჰექტარამდე ტერიტორია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის თანახმად, რომელიც 31 ივლისს ჩავიდა კრასნოიარსკში, ხანძრებთან უკეთ საბრძოლველად რუსეთი აპირებს გამართოს კონსულტაციები დასავლეთის სახელმწიფოებთან, მათ შორის აშშ-თან.

„ასეთი მასშტაბური ხანძრები მძვინვარებენ ალიასკაზე. ისინი ყოველთვის ხდება ევროპაში, რომელსაც ასევე აქვს შემუშავებული მასთან საბრძოლველად მეცნიერული მიდგომები. ვთვლი, რომ [მათთან] კონსულტაციების გამართვა - არ გვაწყენდა ასეთ სიტუციაში,“ - განაცხადა მედვედევმა.

გარემოს დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, „გრინპისის“ რუსეთის განყოფილების ცნობით, ამ წელს ხანძრების შედეგად დაიწვა დაახლოებით 12 მილიონი ჰექტარი ტყე, რის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოყოფილი ნახშირმჟავა გაზების რაოდენობა და შემცირდა ტყეების უნარი შთანთქოს ეს გაზები.

როგორც „გრინპისის“ პრესმდივანმა, გრიგორ კუსკინმა უთხრა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“, სამხედრო ქვედანაყოფების გადასროლა ტყეებში, შესაძლოა საზიანო უფრო იყოს სტიქიასთან ბრძოლის პროცესში, ვიდრე - სასარგებლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG