Accessibility links

მიულერის ანგარიში: რა არის მოსალოდნელი?


აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აშშ-ში კანონმდებლები, აქტივისტები, ჟურნალისტები, რიგითი ამერიკელები და, პირველ რიგში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში მოუთმენლად ელოდნენ, რა შედეგით დამთავრდებოდა ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადსაშიში გამოძიება ამერიკის უახლეს ისტორიაში.

22 მარტს აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაცხადა, რომ დასრულდა თითქმის ორწლიანი გამოძიება და რომ მან ანგარიში გადასცა აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს.

ჯერჯერობით არაა ცნობილი, რას შეიცავს ეს ანგარიში.

შესაძლოა, მასში ამოვიკითხოთ, რომ ახალ ბრალდებებს უნდა ველოდეთ. თუმცა მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სავარაუდოდ ასე არ მოხდება.

შესაძლოა, ის შეიცავდეს გზამკვლევს მოპოვებული მასალებისა, რომლებიც მიუთითებს, რომ ტრამპი და მისი თანაშემწეები ცდილობდნენ რუსეთთან გარიგებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

შესაძლოა, ის ტრამპს ბრალს სდებს FBI-ისთვის ხელის შეშლაში მისი მაშინდელი დირექტორის, ჯეიმს კომის გათავისუფლებით 2017 წლის მაისში. სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა მიულერის დანიშვნა.

მასში შეიძლება ნახსენებია მოქმედებები, რომლებიც შეიძლება არ წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, მაგრამ შესაძლოა, საფუძველი იყოს მომავალი საქმეების აღძვრისა და გამოძიებების ჩატარებისთვის კონგრესის მიერ.

შესაძლოა, ის არაფერ ზემოხსენებულს არ შეიცავდეს.

მაგრამ განურჩევლად იმისა, რა წერია ამ დოკუმენტში, მიულერის ანგარიში დიდ როლს ითამაშებს ტრამპის ადმინისტრაციის ბედისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში.

ვნახოთ, რა ნაბიჯებს უნდა ველოდეთ.

ბარის გადაწყვეტილება

კანონი ერთ საკითხში მკაფიოდ განსაზღვრავდა მიულერის მუშაობას: ის ვალდებული იყო, მუშაობის დასრულების შემდეგ საბოლოო ანგარიში წარედგინა იუსტიციის სამინისტროსთვის, რაც, როგორც ბარმა დაადასტურა, 22 მარტს მოხდა.

კანონში და იუსტიციის სამინისტროს რეგულაციებში ნაკლები სიცხადეა იმაზე, ანგარიშის რა ნაწილი შეიძლება გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

წელს სენატში გამართულ მოსმენაზე ბარმა ფრთხილი პასუხი გასცა შეკითხვას, თუ რა პოზიცია უკავია ანგარიშის გასაჯაროების საკითხში.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და კონგრესი ინფორმირებული იყონ სპეციალური პროკურორის მუშაობის შედეგების თაობაზე. ჩემი მიზანი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა კანონის ფარგლებში,“ განუცხადა მან სენატორებს.

მაგრამ ეს განცხადება მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას შეიცავს.

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი.
აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი.

ბარს ასევე ჰკითხეს იმ პირების შემთხვევაზე, რომლებიც მხოლოდ ნახსენები არიან მიულერის ანგარიშში. ვინაიდან ასეთ დოკუმენტში ხსენებაც კი შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ადამიანისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, ან შესაძლოა საერთოდ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ბიძგიც კი გახდეს.

ბარის თქმით, წესებით გათვალისწინებულია, რომ მსგავსი შემთხვევები, ისევე, როგორც ბრალდებები, სპეციალური პროკურორის მიერ მომზადებულ დასკვნებში კონფიდენციალური უნდა იყოს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ბარი წერდა, რომ ის შეხვდება გენერალური პროკურორის მოადგილეს, როდ როზენსტაინს და მიულერს, „რათა განსაზღვრონ, კანონის ფარგლებში სხვა რა ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს კონგრესს და საზოგადოებას.“

იქნება თუ არა სხვა ბრალდებები?

მას მერე, რაც მიულერმა და მისმა გუნდმა 2017 წელს გადაიბარეს FBI-ში უკვე მიმდინარე გამოძიება, მათ ბრალდებები წაუყენეს სამ ათეულზე მეტ კერძო და იურიდიულ პირს. მათ შორის ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს და კამპანიის უფრო დაბალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს. რომ არ ვახსენოთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს ათზე მეტი აგენტი.

ამ მომენტისთვის ნაადრევია იმის თქმა, მიულერის მუშაობის დასრულების შემდეგ აღიძრება თუ არა სხვა სასამართლო საქმეები. იუსტიციის სამინისტროსთვის ანგარიშის გაგზავნიდან ცოტა ხნის შემდეგ „ნიუ იორკ ტაიმსი“, CNN-ი და სხვა მედიასაშუალებები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ, ანგარიში არ შეიცავს ახალ ბრალდებებს. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

მიულერი ასევე იძიებდა, შეეცადა თუ არა ტრამპი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას FBI-ს დირექტორის, ჯეიმს კომის მოხსნით. ტრამპმა კომი 2017 წლის მაისში გაათავისუფლა და სწორედ ამ ნაბიჯმა გამოიწვია მიულერის დანიშვნა. ტრამპი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ფართო უფლებამოსილებები აქვს კაბინეტის წევრების დასანიშნად და მოსახსნელად. ზოგიერთი სამართლის ექსპერტის თანახმად, თუკი ტრამპმა კომი მოხსნა სწორედ იმიტომ, რომ მისთვის ხელი შეეშალა ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებაში, მაშინ საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან.

ასევე შესაძლებელია, რომ მიულერმა უკვე მოუმზადა იურიდიული საფუძველი სხვა საქმეებს სხვა ადგილებში, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს მიულერის სამუშაოს დამთავრების შემდეგაც. მაგალითად, მიულერის მიერ გაწეულმა სამუშაომ მანჰეტენის პროკურორს საფუძველი მისცა, სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევისთვის საქმე აღეძრა ტრამპის დიდი ხნის პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის წინააღმდეგ. კოენი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე დათანხმდა და სამართალდამცველებს დახმარება აღმოუჩინა სხვა საქმეების გამოძიებაში.

სამართლის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, არის იმის ნიშნები, რომ მიულერმა სამუშაოს დასრულების შემდეგ სამომავლოდ დატოვა ბრალდებები, რომლებიც მოგვიანო პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ ასეთი ვარაუდები ჯერჯერობით არ დასტურდება.

არის ასევე გამოძიებები ცალკეულ შტატებში. ნიუ-იორკის შტატში, სადაც მდებარეობს ტრამპის მთავარი კორპორაციის შტაბბინა, სამართალდამცველებმა და მარეგულირებელმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება ტრამპის ბიზნესსა და მის საქველმოქმედო ფონდებთან დაკავშირებით. ეს საქმეები მიულერის გამოძიებისგან დამოუკიდებლად გაგრძელდება.


რა ხდება კონგრესში?

ნოემბერში წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის დაწესების შემდეგ დემოკრატებმა მიანიშნეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის კავშირებსაც უფრო აგრესიულად გამოიძიებენ და სხვა საქმეებსაც.

წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე სამმა კომიტეტმა უკვე დაიწყო მოწმეების გამოძახება და საბუთების მოთხოვნა.

მართალია, მიულერის ანგარიშის რა ნაწილი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, ეს შეიძლება უფრო მეტად ბარზე და იუსტიციის სამინისტროზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ძლიერმა ორპარტიულმა სიგნალმა გაიჟღერა ამ თვის დამდეგს, როცა ერთხმად (420-0) მოითხოვა, რომ ანგარიში გასაჯაროვდეს.

22 მარტს კი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარმა მიიღო ანგარიში, კონგრესში დემოკრატების ორმა ლიდერმა - წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა - გამოცხადეს, რომ ანგარიშის გამოქვეყნება „იმპერატივია“.
„ამერიკელ ხალხს აქვს სიმართლის ცოდნის უფლება“, ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ გვინდა სრული ანგარიში, გვინდა ახლა. გვინდა მანამდე, სანამ პრეზიდენტი მასში რამის შეცვლას შეძლებს“, განუცხადა დემოკრატმა დეპუტატმა ერიკ სუოლუელმა CNN-ს.
ამასობაში სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ მიესალმება მიულერის მიერ გამოძიების დასრულების შესახებ ცნობას.

„მრავალი რესპუბლიკელი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის ინტერესებისთვის,“ თქვა მაკკონელმა თავის განცხადებაში. „იმედი მაქვს, სპეცპროკურორის ანგარიში დაგვეხმარება ინფორმაციის მოპოვებაში და ჩვენი ძალისხმევის გაუმჯობესებაში ჩვენი დემოკრატიის დასაცავად“.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ღიად გამოვიდა ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით. პელოსი მათ დაშოშმინებას შეეცადა.


ტრამპი არ დაგვავიწყდეს

ტრამპმა მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა მისი დაწყების პირველივე დღეებიდან და აცხადებდა, რომ არავითარი გარიგება მასა და რუსეთს შორის არ ყოფილა. ის მკაცრად აკრიტიკებდა მიულერის გუნდს და პოლიტიკურ შეთქმულებაში სდებდა მათ ბრალს. მან ანათემას გადასცა ბარის წინამორბედი, ჯეფ სეშნსი, რომელმაც უარი თქვა მიულერის ზედამხედველობაზე, რასაც საქმეში როზენსტაინის ჩართვა მოჰყვა.

და ის თავს დაესხა კომის, FBI-ს დირექტორს. სწორედ კომი ხელმძღვანელობდა ამ გამოძიებას, რომელიც კარგა ხნის დაწყებული იყო, სანამ მას 2017 წლის მაისში მიულერი ჩაუდგებოდა სათავეში. საბოლოოდ ტრამპმა მოხსნა კომი და მთელი რიგი წინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტებები გააკეთა ამის თაობაზე.

მიულერის ანგარიშის წარდგენის თაობაზე თეთრი სახლის პირველი რეაქცია პრესმდივნის, სარა სანდერსის მხრიდან მოჰყვა. „შემდეგი ნაბიჯი გენერალურ პროკურორ ბარს ეკუთვნის და ინტერესით მოველით, რა კურსით განვითარდება პროცესი“, თქვა მან.

ბარი ანგარიშვალდებულია ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მიმართ. ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეიძლება სცადონ აღმასრულებელი ხელისუფლების პრივილეგიები გამოიყენონ და იზრუნონ, რომ საჯაროდ არ გამოქვეყნდეს ტრამპისთვის სახიფათო ელემენტები.

იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, საქმე შეიძლება მივიდეს სერიოზულ საკონსტიტუციო შერკინებებამდე, რამაც შესაძლოა ბოლოს მიაღწიოს უზენაეს სასამართლოსაც, რომელიც იძულებული გახდება გადაწყვიტოს დავა საპრეზიდენტო და საკანონმდებლო ინსტიტუტებს შორის.

და არ დაგვავიწყდეს: შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG