Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 დეკემბერს


სააკაშვილის სასამართლო პროცესი და დაგეგმილი პროტესტი საქალაქო სასამართლოსთან

დღეს საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება "საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმის" განხილვა, სადაც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს თავისი ადვოკატის ნიკა გვარამიას საშუალებით მოუწოდა, რომ შეიკრიბონ საქალაქო სასამართლოსთან საგულშემატკივროდ.

როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლოს და სიტყვითაც გამოვიდეს.

რაც შეეხება თავად ბრალდებას, როგორც პროკურატურა აცხადებს, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, „ამ საქმეს რეალურად იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გრძელდებოდა 2013 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და „ქართულ ოცნებას" ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში“.

წაიკითხე მეტი.

უნდა იყო "ლაქების გარეშე" - როგორ ჩანს საქართველოს ევროპული პერსპექტივა ბრიუსელიდან?

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 15 დეკემბრის სამიტის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

30 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული „ასოცირებული ტრიოს“ შეხვედრების დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს შესახებ ასეთი რამ თქვა: საქართველოში საჭიროა, რომ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მივყვეთ დაგეგმილ რეფორმებს, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და ავტორიტეტიანი ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ პოზიციებს ამ საკვანძო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, რომ დავკარგოთ სხვაგანაც“.

„ასოცირებულ საბჭოში“ საქართველოს გარდა მოლდოვა და უკრაინაც არის, თუმცა მიშელს ამ ორი ქვეყნის მისამართით მსგავსი გზავნილები არ ჰქონია. „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელმა დიპლომატიური ენით საქართველოს რეფორმები გააკრიტიკა.

ორ კვირაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს. როგორც მან 30 ნოემბერს, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სამიტს მნიშვნელოვან იმედებსა და მოლოდინს უკავშირებს.

რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების იმედები და რა ბარიერები გაჩნდა ბოლო წლებში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

უვადო “მწვანე პასპორტის“ იდეის გადახედვას იმუნიზაციის საბჭო მოითხოვს

იმუნიზაციის საბჭო კოვიდის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეის გადახედვას მოითხოვს, - ამის თაობაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო "მწვანე პასპორტის" იდეა და ის შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან განმარტა, განხილვის საგანია, ვირუსის გადატანიდან რამდენი თვის განმავლობაში შეიძლება „ჩაითვალოს ვალიდურად“ „მწვანე პასპორტი“.

კოვიდპასპორტების სისტემა საქართველოში გუშინ ამოქმედდა. კვების ობიექტებსა და გასართობ დაწესებულებებში მისი წარდგენა აუცილებელი იქნება და ერთგვარი საშვის ფუნქციას შეასრულებს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პუტინის თქმით, რუსეთს ესაჭიროება გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგით“ შეეცდება მიაღწიოს „კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც გამორიცხავს ნატოს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით“, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასთან იარაღის ისეთი სისტემების განთავსებას, რომლებიც მოსკოვში მუქარის შემცველად მიაჩნიათ.

1 დეკემბერს 20 ქვეყნის - მათ შორის, ნატოს წევრი სლოვაკეთის, ესპანეთისა და იტალიის - ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას პუტინმა გაიმეორა რამდენიმე დღის წინ გამოთქმული მოსაზრება იმის აუცილებლობაზე, რომ დასავლეთმა რუსეთს გარკვეული „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა მისცეს. ამასთან, პუტინმა ახსენა, რომ ზოგიერთი ქვეყანა „დაძაბულობას ამძაფრებს“ რუსეთის საზღვრებთან.

პუტინის თქმით, რუსეთისთვის აუცილებელია „სწორედ სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები“, ვინაიდან, როგორც მან თქვა, „დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ზეპირად ნაკისრი ვალდებულებები“, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით.

წაიკითხე მეტი.

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტთა ნომინაციებში მოხვდნენ

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2021 წლის გამორჩეულ ძიუდოისტთა სიაში შეიყვანა. მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ შავდათუაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტთა ნომინაციაში, ხუთ ნომინანტს შორის დაასახელა. სულამანიძე კი წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს კანდიდატია, ასევე ოთხ კონკურენტთან ერთად.

IJF-ის მიერ ჩამოწერილ ნომინაციებში, გამარჯვებულები 10 დეკემბერს უნდა გამოავლინოს სოციალურ ქსელში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დღეში ერთხელ, ამ ბმულზე: https://awards.ijf.org/

წაიკითხე მეტი.

კორეული ტალღა საქართველოში

კორეა მოდურია და მისი პოპულარობა ჯერ კიდევ არ არის პიკში. მოვლენამ, რომელსაც მსოფლიომ კორეული ტალღა შეარქვა, ბოლო წლებში საქართველოსაც გადაუარა.

50-მილიონიანი სახელმწიფო, რომელსაც საზღვარი მხოლოდ ზღვასთან და ტოტალიტარულ ჩრდილოეთ კორეასთან აქვს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მათი გატაცების მთავარი მიზეზი კორეული კულტურა - ძირითადად მუსიკა და სერიალებია.

ჯერ ერთ კორეულ დრამას ვუყურე, მერე მეორეს, მესამეს... ასე შევედი კორეულ სამყაროში და ვეღარ გამოვდივარ“, - ამბობს თეკლა მგელაძე, რომელიც კორეულს ჯერ საქართველოში სწავლობდა, შემდეგ კი კორეაში გააგრძელა, - „პირველად რომ ჩავედი კორეაში, ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე კორეულმა საჭმელმა, სრულიად განსხვავდება ქართულისგან. ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ, განსაკუთრებით იმას მოეწონება, ვისაც ცხარე კერძები უყვარს. კორეაში შენთვის ხარ, თავისუფლად, თან ძალიან დაცული, 24-საათიანი ქვეყანაა და ღამითაც შეგიძლია ქუჩებში უსაფრთხოდ იარო. სტუდენტების აქაურ რეჟიმს საქართველოსას ვერც შევადარებ. ძალიან ბევრს მეცადინეობენ, ამის გამო ბევრ ჩემს კორეელ მეგობარს ჰქონდა დეპრესია“.

კორეული ენის სპეციალისტი თამთა აბულაძე, რომელსაც ასევე აქვს კორეაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ამბობს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება კორეულის შესწავლის სურვილი. კორეული ენა არც იაპონურს ჰგავს და არც ჩინურს. უნიკალურია დამწერლობაც - 40-ასობგერიანი ანბანი ჰანგილი.

კორეული ენის, „კეი-პოპისა“ და რომანტიკული დრამების მოყვარულთა შესახებ წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

"რონდელის მსოფლიო რადარის" ავტორი, ალექსი პეტრიაშვილი მიმოიხილავს ვენაში ჩატარებულ მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და ერდოანის მცდელობებს, გაზარდოს თურქეთის, როგორც მედიატორის როლი საერთაშორისო არენაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG