Accessibility links

მოგვარდა თუ არა 8 მარტის შეთანხმების საკითხი - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 მაისს


ოპოზიციამ შეხვედრები განაახლა - რაზე ისაუბრეს მათ?

18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

გიგი უგულავას თქმით სანამ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა საპატიმროშია, პრობლემა პრობლემად დარჩება და 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

უგულავას თქმით, რურუას გათავისუფლების გარეშე „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს: შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა შუაშია, ეხლა ის იყოს, რა მოხდა. არა. თუ ჩვენ აი, ამ პატარას დღეს დავთმობით, ჩვენ მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე იმიტომ, რომ ამ ადამიანს [ივანიშვილს] ასეთი ენა ესმის - გამივიდა, გავალ თავს. ამიტომ უნდა შევხედოთ ამას, როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის“.

გიორგი რურუა კი გუშინ საქალაქო სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

გუშინვე, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ხელახალ შეკრებაზე მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებზეც იყო საუბარი.

„ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აპირებს მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი.

„ალბათ ორ კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში“, - თქვა მან.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას მომხრე, ვაშაძემ უპასუხა, რომ არ იცის არავინ, ვინც წინააღმდეგია.

ციხიდან ახლად გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმაც თქვა, რომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში გორის მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

სანამ ოპოზიციის მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმების ერთგული რჩება. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა აღნიშნა ჟურნალისტებთან კომენტარში.

„შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს... საუბარი იმაზე, რომ, ვინაიდან დღეს სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, ეს შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია“, - თქვა კახიანმა.

მანვე, 18 მაისს, აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

წაიკითხე მეტი.

ბოლნისის რაიონის 7 დასახლებაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები უქმდება

დადასტურებული შემთხვევა - 701

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 432

კარანტინში - 3787

სტაციონარში - 337

დღეიდან ბოლნისის რაიონის 7 დასახლებაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები უქმდება. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

ამ დასახლებებში კვლავ ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა წესები.

ბოლნისის რაიონში მკაცრი საკარანტინო ზომები 23 მარტიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადდა. ქვემო ქართლის და მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იტალიის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა სერია A-ს სეზონის 12 ივნისს განახლებას

იტალიის საფეხბურთო კლუბებმა იძულებითი არდადეგები დაასრულეს და დღეს საწვრთნელი პროცესი განაახლეს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როდის გაგრძელდება შიდა ჩემპიონატები.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წინასწარი გეგმით, სერია A 12 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო და სეზონი მაყურებლების გარეშე ჩამთავრებულიყო, მაგრამ ფეხბურთელთა გეგმები იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებამ შეცვალა.

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული აკრძალვა 14 ივნისამდე გაგრძელდება.

რა იქნება რაჭაში: ჰესი, ეროვნული პარკი, ორივე ერთად თუ არც ერთი?

ონის კასკადის გარშემო ინტერნეტში დაწყებული პროტესტი 24 მაისს ქუჩაში გადაინაცვლებს. ისინი, ვინც „არას“ ეუბნებიან ზემო რაჭაში 206-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას, გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ინვესტორს და სახელმწიფოს არ დაანებებენ ონში ჰესის აშენებას.

აქცია ამჯერად თბილისშია დაგეგმილი. ონლაინკამპანია „არა ონის კასკადს“ კარგა ხანია გრძელდება და განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დაახლოებით ორწლიანი განხილვის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა ჰესის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა. ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა - მშენებლობის ნებართვა კომპანია „ფერიმ“ და სს „ონის ჰესების კასკადმა“ სწორედ მისგან უნდა მიიღოს.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

  • 18 მაისიდან საქართველოში მუშაობა განაახლეს სილამაზის სალონებმა.
  • როგორ იცავენ სალონები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებსა და რეგულაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG