Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე: ახლოსაა თუ არა შეთანხმება? - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 დეკემბერს


არჩილ თალაკვაძე - შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას

ოპოზიცია და ხელისუფლება უცხოელი ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. როდის გაიმართება ის, ჯერ კიდევ უცნობია. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი ხელახალი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კომპრომისი არსად ჩანს, ინტერპრესნიუსთან კომენტარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ახლა დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა. მისი თქმით, შეთანხმებასთან ყველანი ახლოს არიან, „თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გადაწყდება ხელისუფლების „გონივრულ წინადადებების“ საფუძველზე.

წაიკითხე მეტი.

სასამართლომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არც ის გარემოება, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა.

„ამ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მოსამართლეს სჭირდებოდა გამბედაობა. მოსამართლეს ეს გარემოება არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა მართლმსაჯულების სისტემისთვის არის უცხო“, - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სხდომის შემდეგ. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ ეთანხმება დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნავს, „თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, ის არც შინაარსობრივად და არც რეკვიზიტით, ექსპერტიზის დასკვნა ვერც იქნება“.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

30 ნოემბერს საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3216 შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 37 პაციენტი.

ორშაბათიდან საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის საწოლების რაოდენობა 1100-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახლა ქვეყანაში 7100 საწოლია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საკმარისი საწოლების რაოდენობის ცნება ზოგადად არ არსებობს და არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის, საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს.

ვირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა საქართველომ მარტში მიიღოს კორონავირუსის პირველი ვაქცინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax-პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი შენატანი უკვე გაკეთებულია.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი დეზინფორმაციისთვის სანქციების შემოღებას გეგმავს

ევროკომისია აპირებს, გაამკაცროს ონლაინპლატფორმების კონტროლის მექანიზმი. როგორც რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული მასალები ცხადყოფს, ევროკომისია პირველად გამოვა წინადადებით, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს სახელმწიფო აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

დემოკრატიის ევროპულ სამოქმედო გეგმაში (The European Democracy Action Plan), რომელსაც კომისია 2 დეკემბერს წარადგენს, ნათქვამია, რომ 27-წევრიანმა ბლოკმა „უფრო სისტემატურად უნდა გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული საშუალებები, რათა დაუპირისპირდეს უცხოეთის ჩარევას და ოპერაციებს, რომლებიც გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, და ეს საშუალებები კიდევ უნდა განავითაროს, მათ შორის, დამნაშავეებისთვის საფასურის დაკისრებით“.

წაიკითხე მეტი.

გალავანს მიღმა - რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში?

პირველი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, როცა საეკლესიო ბავშვთა თავშესაფარზე ან მუსლიმურ სკოლა-პანსიონზე ფიქრობ, ბევრსაწოლიანი დიდი ოთახია ან დიდი სასადილო - გრძელი მაგიდებით, ყველასთვის ერთნაირი სადილით. შეიძლება ისიც წარმოიდგინო, რომ ყველას ერთნაირად აცვია, ყველაფერი დაწესებულ დროს ხდება - ყველა წესებს ემორჩილება. მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენაა - რა ხდება ამ სახლების გალავანს მიღმა - დიდწილად უცნობია.

ეს იცის მან, ვინც იქ ცხოვრობს. ვინც იქ ასწავლის ან აღმზრდელად მუშაობს. იცის ეკლესიამ. იციან მედრესეების ხელმძღვანელებმა და ცოტათი სახალხო დამცველის აპარატმა, ვისაც დროდადრო იქ შესვლის უფლება აქვს.

სახალხო დამცველის აპარატი როგორც ყოველწლიურ, ისე სპეციალურ ანგარიშებში წლებია მიანიშნებს სისტემურ პრობლემებზე. სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე დღესაც აცხადებს, რომ ამ პანსიონებს სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს. მინიმალურია ადგილობრივი სოციალური მუშაკების ჩართულობაც.

რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში? ვინ და რატომ ხვდება იქ? როგორია აღმზრდელობითი პროცესი და რა ნაკლოვანებებზე საუბრობენ უფლებადამცველები? წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ხუთი დღე COVID-კლინიკის ბოქსირებულ პალატაში

წაიკითხე და ნახე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის დათო ქორიძის ფოტორეპორტაჟი კოვიდინფიცირებულთა ბოქსირებული პალატებიდან.

რას ამბობენ მოხუცები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს? ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადაში“ კოვიდისგან რვა მოხუცი განიკურნა. ჯერ კიდევ ავადაა 9 ბენეფიციარი, რომლებიც ცალკე სართულზე, იზოლაციაში იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG