Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგრო შესაძლოა ევროპის პირველი ქვეყანა გახდეს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა


ავტორი: ტონი ვესოლოვსკი, რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურთან ერთად.

მონტენეგროში უკვე 28 დღეა, რაც კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა. ეს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებით, ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი კორონავირუსისგან თავისუფლად გამოაცხადოს. როგორ მოახერხა ეს ამ პატარა ბალკანურმა ქვეყანამ?

დღეები ისე გადის, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ქვეყნების უმეტესობისთვის ეს სურვილი უფროა, ვიდრეა რეალისტური მიზანი.

თუმცა მონტენეგრო, მცირე ზომის ქვეყანა ბალკანეთში, სადაც 600 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ამის მიღწევის ზღვარზეა.

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დუშკო მარკოვიჩმა, 25 მაისს განაცხადა, რომ ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე მთაგორიან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, წინა დღით კი საავადმყოფოდან გაწერეს კოვიდინფიცირებული ბოლო პაციენტი.

თუ ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა, მონტენეგროს 2 ივნისს შეეძლება თავი კორონავირუსისაგან თავისუფლად გამოაცხადოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული კრიტერიუმების თანახმად.

ის პირველი ასეთი ქვეყანა არ იქნება. მანამდე სლოვენიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი აღარ იყო, თუმცა შემდეგ აქ კოვიდინფექციის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს სტატუსი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას წაახალისებს და დაარწმუნებს სტუმრებს, რომ აქ ჩამოსვლა უსაფრთხოა, ქვეყანა კი გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას ქვეყანაში და ვინ - არა.

მონტენეგროში COVID-19 -ის პირველი შემთხვევა 17 მარტს დაფიქსირდა. სულ აქ 324 დადასტურებული შემთხვევა იყო. 9 ადამიანი გარდაიცვალა.

რა არის საჭირო კორონავირუსისგან თავისუფალი სტატუსისთვის

2 ივნისს მონტენეგროს შეეძლება თავი კორონავირუსისგან თავისუფლად გამოაცხადოს. რა მნიშვნელობა აქვს ამ თარიღს? 2 ივნისს გადის 28 დღე, როდესაც ინფექციის ბოლო შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანმო ქვეყანას ვირუსისგან თავისუფლად აცხადებს, როდესაც ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდის ორჯერ მეტი დროის განმავლობაში. COVID-19-ის შემთხვევაში ეს 14 დღეა.

წარსულში ჯანმოს გაუკეთებია ოფიციალური განცხადებები ქვეყანაში კრიზისის დასრულების შესახებ - მაგალითად, 2014 წელს, ებოლის ეპიდემიის დროს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ორგანიზაცია მსგავსი განცხადების გაკეთებას მონტენეგროსთან მიმართებით.

რა გააკეთა მონტენეგრომ

მონტენეგრომ აკრძალა მიმოსვლა იტალიასთან, ესპანეთსა და ჩინეთთან, ასევე სამხრეთ კორეასთან 10 მარტს, 15 მარტს კი საზღვრები დაიხურა ყველა უცხოელისთვის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში ორი დღის შემდეგ დაფიქსირდა.

მარტის დასაწყისში დახურეს სკოლები. ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად აიკრძალა საჯარო შეკრებები. დადებითად აფასებდნენ მონტენეგროს მიერ ჩატარებულ ტესტირების პროგრამასაც - 26 მაისისთვის 12 ათასზე მეტი ადამიანი იყო შემოწმებული.

მთავრობის მიერ მიღებულ ზოგიერთ ზომას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლებამ საჯაროდ განათავსა ყველა იმ ადამიანის სია, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამას ადამიანის უფლებების დამცველების კრიტიკა მოჰყვა. ერთ დროს სამთავრობო ვებსაიტზე 6 ათასამდე ადამიანის სახელი და მისამართი იყო განთავსებული - ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 1 პროცენტი.

შემთხვევების კლებასთან ერთად საგანგებო ზომებიც ნელ-ნელა მოიხსნა.

დაეხმარება თუ არა ეს ტურიზმს?

25 მაისს დუშკო მარკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა გახსნიდა საზღვრებს იმ ქვეყნებისთვის, სადაც 100 ათას მოსახლეზე 25 შემთხვევაზე ნაკლები ფიქსირდებოდა - ამ ქვეყნებს შორისაა ხორვატია, ალბანეთი, სლოვენია, გერმანია და საბერძნეთი.

ამ სიაში ვერ მოხვდნენ ბრიტანელები და რუსები. არადა, ამ ქვეყანაში ვიზიტორთა დიდ ნაწილს აქამდე სწორედ ისინი წარმოადგენდნენ.

ტურისტული სეზონი საზღვრების გახსნასთან ერთად ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ტუროპერატორები რთულ სეზონს ელიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ინფექციისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაეხმარება ინდუსტრიას, რომელიც მშპ-ს მეხუთედს შეადგენს და სამუშაო ადგილების მეხუთედს ქმნის.

შესაძლო საფრთხეები

სლოვენიაში 14 მაისს გამოაცხადეს კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ. იმავე დღეს პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანსამ განაცხადა, „ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართ ევროკავშირში ეპიდემიასთან ბრძოლის მხრივო“, თუმცა 25 მაისს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ლიხტენშტეინში, სადაც 38 ათასი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 82 შემთხვევა და ერთი სიკვდილი დაფიქსირდა. ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ქვეყანაში ახალი შემთხვევა აპრილის დასაწყისის შემდეგ არ გამოვლენილა.

ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა ისლანდიაშიც, სადაც ამჟამად 3 ინფექციაა გამოვლენილი. სულ კუნძულზე 1805 შემთხვევა და 10 სიკვდილი დაფიქსირდა, რაც 366- ათასიანი მოსახლეობის ქვეყანაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ამას ტესტირების მაღალ მაჩვენებელს მიაწერენ.

მონტენეგროში ზოგი სკეპტიკურად უყურებს მთავრობის განცხადებას კორონავირუსის დამარცხების შესახებ. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა შემთხვევები არასაკმარისი ტესტირების და უსიმპტომო ინფიცირების გამო არ გამოვლენილა.

„თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, რადგან მონტენეგროში ბევრი არ შეუმოწმებიათ“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს პოდგორიცას მცხოვრებმა დესანკა რაკჩევიჩმა. „საიდან იციან, რამდენია ჩვენს შორის სიმპტომების გარეშე?“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG