Accessibility links

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში: მრავალეთნიკური ნაკრები გუნდები


რუსეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთში ჩასულ ნაკრებებს შორის ბევრი გუნდია მრავალეთნიკური, რასაც ვერ იტყვით საკუთრივ რუსეთის, თავისთავად მრავალეროვნული ფედერაციის, ეროვნულ გუნდზე. ამ მხრივ, რუსეთს ემსგავსება იაპონიისა და სამხრეთ კორეის გუნდებიც.

გამოყოფენ ხოლმე შვეიცარიის ნაკრებს. კონფედერაციის ნაკრების 23 მოთამაშიდან 14 ან შვეიცარიის გარეთ არის დაბადებული, ან ემიგრანტთა შვილებს, მეორე თაობას წარმოადგენს.

შვეიცარიელებს არც საფრანგეთის ნაკრები ჩამოუვარდება. მის შემადგენლობაში სამი მეოთხედი სხვადასხვა თემის წარმომადგენლები, ემიგრანტების შვილები არიან. ბელგიის ნაკრებში 11 ასეთი ფეხბურთელია, ინგლისის გუნდში - 10, ხოლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში - ექვსი.

რუსეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები
რუსეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები

რუსეთის ნაკრები ამ მხრივ განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მილიონობით ემიგრანტი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, რუსეთის გუნდში ერთი-ორი ფეხბურთელი თამაშობს საკუთრივ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რეგიონიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან. ნატურალიზებული ბრაზილიელის, მარიო ფერნანდესის გარდა, თუ არ ჩავთვლით ბელორუსი და უკრაინელი მშობლების, საბჭოთა პერიოდში რუსეთში ჩასახლებული პირების შთამომავლებს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გუნდში არ არიან არარუსი ფეხბურთელები.

სლავა მალამუდმა, „სოვეტსკი სპორტის“ კორესპონდენტმა, რომელიც აშშ-ში მუშაობს, გვითხრა, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის ვერ ქმნის ინტეგრაციის პირობებს, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ რუსეთის ეროვნული გუნდი, ევროპის ქვეყნების ნაკრებებისგან განსხვავებით, მულტიეთნიკურობით არ გამოირჩევა.

მალამუდი იხსენებს, რომ ნიგერიელი ემიგრანტების რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ შვილს, პეტერ ოდემვინგის, უარი უთხრეს რუსეთის ნაკრების წევრობაზე. რუსეთში მცხოვრები ემიგრანტები, მისი განმარტებით, მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მუშაობენ დაბალანაზღაურებად მშენებლობებზე და ეკონომიკური ზღუდეები არ აძლევს მათ სპორტში მონაწილეობის შესაძლებლობას. მალამუდის თქმით, მათ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად არ მიიჩნევენ.

პეტერ ოდემვინგი (მარცხნივ)
პეტერ ოდემვინგი (მარცხნივ)

​მალამუდი თვლის, რომ რუსეთის ნაკრებში უმცირესობების არყოფნა შეიძლება რასიზმითაც აიხსნებოდეს. საფრანგეთის, გერმანიისა თუ ინგლისის ნაკრებ გუნდებში უცხოელების ყოფნას ბევრი რუსი ამ საზოგადოებების სისუსტედ, ტრადიციული კულტურის ეროზიად მიიჩნევს.რუსები თვლიან, რომ ევროპა ბარბაროსების შემოსევის მსხვერპლია, ეს ქვეყნის ოფიციალური იდეოლოგიის ნაწილიც კი არის, ამბობს მალამუდი და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, „ზენიტი“ არაოფიციალურ პოლიტიკას მისდევს, რომ არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას შავკანიან ფეხბურთელებთან, რადგან გულშემატკივრები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ამას. წელს ევროპის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯარიმა კიდეც „ზენიტი“ იმის გამო, რომ მისი გულშემატკივრები რასისტურ ლოზუნგებს გაიძახოდნენ ლაიფციგის გუნდის წინააღმდეგ თამაშის დროს. ამავე თამაშზე, გადმოცემით, გულშემატკივრები მღეროდნენ სიმღერას „მოკალი შავკანიანები“.

„ზენიტის“ გულშემატკივრები. 2017 წელი
„ზენიტის“ გულშემატკივრები. 2017 წელი

რუსეთის გუნდის მსგავსად, ეთნიკურად ერთფეროვანი არიან იაპონიის, ირანისა და სამხრეთ კორეის გუნდები. მათ მსგავსად, სერბიისა და ხორვატიის ნაკრებებსაც არ ჰყავთ უცხოელი ფეხბურთელები. შვეიცარიის გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები, ჯერდან შაჩირი და გრანიტ ჯაკა ეთნიკური ალბანელები არიან სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვოდან. მათ სერბიასთან თამაშში გოლები გაიტანეს და თავიანთ გუნდს მოაგებინეს. ახლახან რეზონანსი გამოიწვია ფაქტმა, რომ ორივემ, გოლის შემდეგ ხელებით გამოსახა „ორთავიანი არწივი“, ალბანეთის დროშაზე გამოხატული სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში მცხოვრებთა 25% არაა ამ ქვეყანაში დაბადებული, ყველა შვეიცარიელი არ არის ბედნიერი მულტიკულტურული გუნდით და ზოგიერთი ექსტრემისტი თვლის, რომ ისინი არ არიან საკმარისად შვეიცარიელები.

გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი
გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი

შვეიცარიის მემარჯენე სახალხო პარტიის წევრი, როგერ კიოპელი მათ უწოდებს „სეზონურად დაქირავებულ გამოცდილ რაზმებს ბალკანური აქცენტით“. კიოპელი აფრიკელი ფეხბურთელების მიმართ ასევე დამამცირებელ ტერმინს იყენებს. სახალხო პარტიას მანდატების უმრავლესობა აქვს შვეიცარიის პარლამენტში. ამავე პარტიის სხვა წევრი, ნატალი რიკლი, თვლის, რომ კოსოვოელების მიერ გატანილი გოლები არ ეკუთვნოდა შვეიცარიას, ისინი კოსოვოსთვის შეაგდეს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა, რომელმაც ახლახან თქვა უარი იტალიის მოქალაქეობაზე, დაიცვა ფეხბურთელები და განაცხადა, ბუნებრივია პატრიოტული გრძნობების ქონა იმ ქვეყნისთვის, რომელიც აირჩიე და ამავე დროს არდავიწყება სამშობლოსი, საიდანაც ხარო.

უცნაური დისკუსია დაიწყო სოციალურ ქსელებში მათზე, ვინც დაიბადა ევროპაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდში და თამაში გადაწყვიტა თავისი წინაპრების ქვეყნების გუნდებისთვის. მაროკოს ნაკრებში 23 ფეხბურთელიდან 17, ტუნისის ნაკრებში კი 11, ევროპაშია დაბადებული. უტრეხტის უნივერსიტეტის სპორტის და საზოგადოების კვლევის სპეციალისტი, პროფესორი ფრანკ ვან ეეკერნი ამბობს, ნიდერლანდელები საკუთარ თავს ეკითხებიან, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რა გავაკეთეთ არასწორად, რომ ეს ხალხი თავს შინ არ გრძნობს, რა მოხდა ბოლო წლებში ასეთიო.

იაპონიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები
იაპონიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები

სლავა მალამუდი ამტკიცებს, რომ ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ ხეირი მოუტანა მდიდარ ქვეყნებს - საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას, ნიდერლანდს. შვეიცარიას რაც შეეხება, არ შემიძლია არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა არაჩვეულებრივი გუნდი ეყოლებოდა ალბანეთს, ეს შესანიშნავი ფეხბურთელები სხვაგან რომ თამაშობდნენო.

მალამუდი არგენტინისა და ბრაზილიის მაგალითს იხსენებს და ამბობს, ალბათ, ასეთ წარმატებებს ეს გუნდები ვერ მიაღწევდნენ, მრავალფეროვანი საზოგადოება რომ არ ჰქონდეთო.ერთადერთი მიზეზი, რატომაც აშშ-ის ფეხბურთის მომავლის იმედი შეიძლება გქონდეს კაცს, ისაა, რომ ეს ქვეყანა მრავალფეროვანია ეთნიკურად და კულტურულად, ამბობს მალამუდი, თვითონ აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG