Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო პრეზიდენტს უჩივის


სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და შუამდგომლობა გაიგზავნა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლს ასაჩივრებს და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საგანგებო მდგომარეობისას პრეზიდენტის მიერ დაწესებულ ჯარიმებს. ადვოკატ ჯეიჰუნ მამედოვის თქმით, რომელმაც სარჩელი მოამზადა, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობებს პრეზიდენტი არ აწესებს და ის ჯარიმები, რომლებიც მხოლოდ დეკრეტის მიხედვით არის გამოწერილი, უნდა გაუქმდეს.

"21 მარტს გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლით პრეზიდენტმა ფაქტობრივად გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ მას შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობებს, ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და მიიღოს კანონის სახით", - ამბობს ჯეიჰუნ მამედოვი.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლის მიხედვით:

"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.

2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით".

სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მარნეულიდან ფოსტით გაუგზავნეს. ბათუმში დოკუმენტები რამდენიმე დღეში ჩავა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საქმეს სასამართლო წარმოებაში მიიღებს, მის დასრულებამდე ჯარიმების გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს არ ექნებათ, - განმარტავს ჯეიჰუნ მამედოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG