Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მთიან ყარაბაღში ბრძოლები განახლდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ოქტომბერს


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი: რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში? რა განცხადებები კეთდება თბილისში?

აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვას. პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი „ფეისბუკის“ გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა.

გუშინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საბრძოლო ვითარების გარშემო იმსჯელა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას. ბაქოში კი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ჩავუშოღლუმ 6 ოქტომბერს ტვიტერით დაწერა: „ბაქოში ვართ, რათა ჩვენს ძმებს აზერბაიჯანში ვუჩვენოთ ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა“.

საქართველოში კი დეზინფორმაციას ებრძვიან. სომხეთის საელჩოს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ საქართველო ხელს არ უშლის სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთისა და საწვავის გატარებას. ამასთან, საქართველო ისევ ინარჩუნებს სამხედრო ტვირთის გატარებასთან დაკავშირებულ აკრძალვას, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მკაცრი სიგნალი ევროკავშირიდან: "ოცნების" ხელისუფლებამ იჩქარა თუ ვენეციის კომისიამ დაიგვიანა?

არჩევნებამდე 3 კვირით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთი მკაცრი შენიშვნა მიიღო, რომელიც ისევ სასამართლო სისტემას უკავშირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის უარყოფით შეფასებებს საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოდ თვლის. ვადებთან დაკავშირებული ცაიტნოტის გამო. თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცესებში საქართველოს მანამდეც მრავალი შენიშვნა აქვს მიღებული. რა მოხდა ამჯერად? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

გასულ 24 საათში თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, რა იქნება დღეს?

დღეს კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა გახდება ცნობილი. გუშინდელმა დღიურმა მაჩვენებელმა კი მცირედით დაიწია და სულ 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 348 ისევ აჭარის რეგიონში იყო. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 58-ს მიაღწია.

თბილისში კორონავირუსით უფრო მეტი პირი დაინფიცირდა, ვიდრე ეს წინა დღეებში. გუშინ ეს მაჩვენებელი 99-ს გაუტოლდა.

  • 6 ოქტომბერი - 99;
  • 5 ოქტომბერი - 72.

მოწამვლის შემდეგ თავის პირველ ვიდეოინტერვიუში ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება

რუსეთის ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოწამვლის შემდეგ პირველად მისცა ვიდეოინტერვიუ. ის მეუღლესთან, იულიასთან ერთად ესაუბრა YouTube-ის პოპულარული არხის წამყვანს, ჟურნალისტ იური დუდს.

ნავალნიმ თქვა, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. „ყველაფერი კარგად იქნება და მოვრჩები,“ თქვა მან. მისი სიტყვებით, ექიმებს უკვირთ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

თავისი მოწამვლის შესახებ საუბრისას ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ მოხვდა მის ორგანიზმში შხამი. პრაქტიკულად დადგენილია, რომ მოწამვლა მოხდა სასტუმროში. უფრო სავარაუდოა, რომ ის ხელით შეეხო რომელიღაც საგანს, რომელზეც შხამი იყო მოთავსებული, მაგრამ რომელს, ჯერჯერობით არავინ იცის. რუსი ოპოზიციონერის თქმით ის პუტინის მითითებით მოწამლეს.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

26 ქვეყანა მოუწოდებს დასავლეთს სანქციების გაუქმებისკენ, რათა პანდემიის დაძლევა გაუიოლდეთ

ოცდაექვსმა ქვეყანამ მოუწოდა შეერთებული შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, გააუქმონ სანქციები მათ მიმართ, რათა პანდემიით მოტანილ პრობლემებს უფრო იოლად გაართვან თავი.

ჩინეთი სანქციების გაუქმებისკენ მოწოდების მოთავე იყო გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 5 ოქტომბერს.

გაეროში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ სანქციები არღვევს გაეროს წესდებას და აბრკოლებს ადამიანის უფლებების დაცვას "დაზარალებულ ქვეყნებში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის" ხელის შეშლით და ჯანმრთელობის უფლებისთვის ძირის გამოთხრით.

წაიკითხე მეტი.

რელიგიის თავისუფლება და "ხილული და უხილავი საზღვრები"

„მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - ასე აფასებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელმაც 6 ოქტომბერს გამართა ვრცელი ანგარიშის პრეზენტაცია 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ამ ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთ უცვლელ პრობლემად საქართველოში ისევ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა რჩება.

ეს ჩანს მისი დაფინანსებების, უძრავი თუ მოძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკაში, როგორც ცენტრალური, ისე თვითმმართველობის ბიუჯეტის დონეზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით ისევ ხშირია ჩარევა მუსლიმთა სამმართველო საქმეში, ასევე დისკრიმინაციული მიდგომაა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებში. კიდევ რა პრობლემები გამოიკვეთა ანგარიშში, წაიკითხე მეტი.

რუკას, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული ფრანგული ნაციონალისტური ორგანიზაცია იყენებს. ამან ფეისბუკმომხმარებლებში პროტესტი გამოიწვია. პოსტის ავტორს საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტს ლორან ვოკიეს არაერთი კრიტიკული კომენტარი დაუტოვეს ფოტოს ქვეშ.

რატომ დადიან ადამიანები არჩევნებზე? რა მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ ხმას? როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და სჯერათ თუ არა პოლიტიკოსების დაპირებების? ამ ვიდეოს გმირები - სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები - გვიყვებიან საკუთარ გამოცდილებაზე, დაკვირვებებზე, ჩავლილ არჩევნებსა და იმ მოლოდინებზე, რაც მათ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მიმართ აქვთ. ეს ის ხალხია, ვისაც არჩევნების გზით ცვლილების სჯერა და ყოველთვის დადის არჩევნებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG