Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზებული ფეისბუკ-კამპანია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ


ორგანიზებული ფეისბუკ-კამპანია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:24:43 0:00

"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) "თიბისი ბანკისა" და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გაჩაღებული კამპანიის მონიტორინგი განახორციელა და შედეგად 9 გვერდი გამოავლინა, საიდანაც 4 გვერდის ადმინისტრატორი ტროლი აღმოჩნდა. ტროლმა "ავთანდილ კერესელიძე" დაირქვა, ანგარიში სხვა ადამიანის ფოტოებით გაიფორმა და თავის დღის წესრიგს მისდევდა, ვიდრე... ნანა რაფავა, MDF-ის მკვლევარი სტუმრობდა "დილის საუბრებს" და ამ კონკრეტულ ტროლზე ვილაპარაკეთ. როგორ გამოააშკარავეს ის? "პირველი, იმიტომ არის ტროლი, რომ მოპარული ჰქონდა სხვა, რეალური ადამიანის ფოტოები, რაც დადასტურდა კიდეც. ჩვენ ვესაუბრეთ იმ ადამიანს, ვისი ფოტოებიც ჰქონდა მოპარული. ანუ, ტროლი არის ავთანდილ კერესელიძე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ ვესაუბრეთ ვინმე კარო მანუკიანს, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ერევანში და წარმოდგენა არ აქვს, რომ ვიღაცამ მისი ნებართვის გარეშე აიღო ფოტოები და დაიდო თავის პროფილის ფოტოდ. როგორც კი გახმაურდა ეს ამბავი, "ავთანდილ კერესელიძემ" ჯერ რამდენიმე საათში პოსტი გამოაქვეყნა, რომ იჩივლებდა და რომ ტროლი არ არის და ა.შ.. რა თქმა უნდა - ხომ არ იტყოდა ტროლი ვარო! 😊 და რამდენიმე საათში წაშალა თავისი ანგარიში და დღეს ის საერთოდ აღარ იძებნება". "ავთანდილ კერესელიძე" "თიბისისთან" დაკავშირებულ პოსტებსაც დებდა და თან მართავდა 4 ღია ფეისბუკ-ჯგუფს, რომელშიც აქტიურად იდებოდა პოსტები "თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ: "ტროლი ზღაპრის პერსონაჟია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, ზღაპართან არ გვაქვს საქმე. ეს ის სამწუხაროი რეალობაა, როდესაც ადამიანი ყალბ ანგარიშს ხსნის სოციალურ ქსელში იმისთვის, რომ ადამიანებს, საზოგადოებას მოახვიოს თავისი აზრი და გაუჩინოს გარკვეული განცდა, რომ ეს ინფორმაცია არის სიმართლე. ხშირად ეს გამოიყენება ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად, ან ასეთი კამპანიისთვის, რომელიც აგორდა "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ. აი, ასეთი ადამიანები არიან ტროლები, რომლებიც არ უნდა აგვერიონ ბოტებში. ბოტი არის ავტომატიზებული ანგარიში, რომელიც კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით იმართება. ტროლი არის რეალური ადამიანი, ყალბი ანგარიშით სოციალურ ქსელებში". "ავთანდილ კერესელიძეს" დაახლოებით 300-მდე მიმდევარი ჰყავდა ფეისბუკზე. ისინი ყველანი აქტიურად არ აკომენტარებდნენ, მაგრამ მათ ნიუსფიდში უვარდებოდათ ავთანდილ კერესელიძის პოსტები, ან მის მიერ მართული ჯგუფების პოსტები. "როცა ასეთ მასშტაბებზე გადიხარ, ბუნებრივია, რაღაც ნაწილი მაინც დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძემ ხალხის ანაბრები მიითვისა და მის მიმართ უარყოფით განწყობას შექმნის, რა მიზანსაც ემსახურება ეს ყველაფერი. ამის მონიტორინგი უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის სახელისუფლებო ტროლი". როგორ უნდა მოვექცეთ ტროლებს? "ზოგადი რეკომენდაციია - ტროლებს არასდროს შეეკამათოთ. აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი დღის წესრიგი. თუ ამაში ფულს იღებენ და პოლიტიკური ტროლები არიან, მითუმეტეს გააგრძელებენ თავისი "აჯენდის" მტკიცებას და ვერასდროს გადაარწმუნებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც მოხდა, ჩვენ ის "დავარეპორტეთ". ეს ძალიან ეფექტიანია. არ ვიცით, ამ ადამიანმა თვითონ წაშალა ეს ყალბი ანგარიში, თუ დარეპორტებით წაიშალა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ეფექტი ჰქონდა. დარეპორტება არის ყველაზე ქმედითი საშუალება", - გვიხსნის ნანა რაფავა და თვლის, რომ ორგანიზაციის მიზანი - დაედგინა, მიმდინარეობდა თუ არა მამუკა ხაზარაძის და "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული კამპანია, მიღწეულია, "ფაქტია, რომ ის მიმდინარეობს". ტროლი, რომელიც MDF--მა გამოავლინა, სისტემატურად დებდა ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს.

XS
SM
MD
LG