Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით


ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით
please wait

No media source currently available

0:00 0:24:51 0:00

ჩეხური ორგანიზაცია People in Need ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით". ის მიმდინარე წლის ბოლომდე გორისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და იქაურ ახალგაზრდებს შეუქმნის პირობებს ადამიანის უფლებებზე სამსჯელოდ და, არა მხოლოდ სამსჯელოდ. People in Need-ის საქართველოს მისიის პროგრამების დირექტორი ნანა ყურაშვილი "დილის საუბრებში" ყვება იდეისა და პროექტის ისტორიაზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე, რაც მის ფარგლებში ეძლევათ საქართველოში მცხოვრებ ახალგზრდებს. წლების წინ ორგანიზაციამ - People in Need გადაწყვიტა მის მიერ ორგანიზებული, დოკუმენტური ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის One World-ის ფილმების ნაწილი გამოეყენებინა ჩეხეთის სკოლებში ადამიანის უფლებების სასწავლებლად. ამისათვის საჭირო გახდა ფილმების შერჩევა, დამუშავება და სახელმძღვანელოს შედგენა მათთვის, ვინც ახალგაზრდებს წარუდგენდა მათ და გაუძღვებოდა დისკუსიებს.  წელს სწავლების პროცესში პირველად იქნება გამოყენებული ქართველი დოკუმენტალისტის, ანუნა ბუკიას ფილმი "მე გადავცურე ენგური". მიმდინარე პროექტი ისეა ორგანიზებული, რომ დასრულებისას, 2019 წლის ბოლოსთვის მასში ჩართული იქნება დაახლოებით 12 ათასი ახალგაზრდა. ნანა ყურაშვილი "დილის საუბრებში" ამბობს: "მხოლოდ ადამიანის უფლებებზე ინფორმაციას არ იღებენ. ეს არის მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც ავითარებს ახალგაზრდების კრიტიკულ აზროვნებას და უწყობს მათ ხელს და გარკვეულ მოტივაციას უჩენს, რომ რაღაც გააკეთონ არა მხოლოს ამ თემების პოპულარიზაციისთვის, არამედ თუნდაც მცირე წვლილი შეიტანონ მათ ირგვლივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში“. პროექტში არის მცირე გრანტების კომპონენტი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოისურვებენ თავიანთი იდეების განხორციელებას. ღია კონკურსის პირობები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის მაისში People in Need-ის საიტზე  www.pin.ge-ზე. „ძალიან მახარებს და მეიმედება, რომ ეს ახალგაზრდები მომავალში სხვა მიდგომით იქნებიან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ადამიანის უფლებები, განსხვავებულის პატივისცემა იქნება მათთვის ცხოვრებისეული კრედო და არა რაღაც წარმოუდგენელი“. ნანა ყურაშვილს სჯერა, რომ პროექტში მონაწილეობის შემდეგ ახალგაზრდებს უფრო პროაქტიულებს გახდის: „ხშირად ამ ახალგაზრდებს შორის დისკუსიები იმართება იმდენად ჯანსაღად, იმდენად კონსტრუქციულად, იმდენად კულტურულად,  რომ ტოკშოუების მონაწილე პოლიტიკოსებსაც კი შეშურდებოდათ".

XS
SM
MD
LG