Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი რჩება - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივნისს


დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი?

რა ბედი ელის ნინოწმინდის პანსიონს და იქ დარჩენილ 23 აღსაზრდელს? 13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“:

„შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახებში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“, - განაცხადა ბარკალაიამ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ახლა ჯერი მთავრობაზეა" - ლინა ღვინიანიძე "ნამახვანჰესზე"

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეაჯამა ნამახვანჰესის საკითხზე 12 ივნისს გამართული შეხვედრის დეტალები და იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც, მისი სიტყვებით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ლინა ღვინიანიძე წერს, რომ მედიაციის წინაპირობებად დასმული იყო სამი საკითხი:

  • რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, ამ რაოდენობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა;
  • პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე;
  • ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.

მისი თქმით პარასკევამდე მთავრობა იტყვის, დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.

წაიკითხე მეტი.

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება - დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დღის წესრიგში მოხვდა საქართველოს საკითხი ღონისძიების იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს კი აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკეში „ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იმედოვნებს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

წაიკითხე მეტი.

დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა

„დიდი შვიდეულის“ - მსოფლიოს სამრეწველო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც სამდღიანი სამიტი დაასრულეს 13 ივნისს ბრიტანეთში, გაავრცელეს კომუნიკე, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს „დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა“ და „საზიანო ქმედებები“.

აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ აქვთ ინტერესი, იქონიონ მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.

კონკრეტულად უკრაინის თაობაზე კი კომუნიკეში გამოხატულია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და გამოთქმულია მოწოდება უკრაინის აღმოსავლეთიდან და ყირიმიდან რუსეთის ჯარის გაყვანისკენ.

„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ნაწილია და არა შუამავალი“, - წერია დოკუმენტში, სადაც ლაპარაკია მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.

წაიკითხე მეტი.

ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერობის დასასრულს მხარი დაუჭირა

60 ხმით 59-ის წინააღმდეგ ისრაელის პარლამენტმა, კნესეტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას პრემიერ ნეთანიაჰუს გარეშე. ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერ-მინისტრობის დასასრულია.

ნეთანიაჰუს შემდეგ კაბინეტს ულტრანაციონალისტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს. ბენეტი ორი წლით იქნება პრემიერის პოსტზე, შემდეგ კი მას იაირ ლაპიდი შეცვლის, რომელიც ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

მთავრობა კი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრს გააერთიანებს. პირველად მის შემადგენლობაში შევა პარტია, რომელიც პალესტინელი უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენს ისრაელში.

„თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან” - რატომ ვართ წითელ ზონაში

თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან - წაიკითხავთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე. ეს რეკომენდაცია მაისის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეფუძნება.

„საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ორჯერ ვაქცინირებულებიც კი შეიძლება დაინფიცირდნენ ან გაავრცელონ COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტი“, - ამბობს CDC.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკიდან შემოსული ტურისტების წილი არ არის მაღალი, ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ CDC-ის ეს შეფასება არასტაბილურობის განცდას აჩენს, მათ შორის ევროპაშიც:

„ტურიზმის გარდა, ეს არის სიგნალი ბიზნესისთვისაც და ინვესტორებისთვისაც, რომ არასტაბილური მდგომარეობაა მათთვის“- ამბობს ის.

ცვლის თუ არა ეს ჩანაწერი რამეს ტურისტებისთვის და მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ეკონომიკურ შემოსავლებზე? - წაიკითხე მეტი ანი ბურდულის სტატიაში.

საქართველოში ახალგაზრდები პოლიტიკურ აქტიურობას, ზოგიერთ შემთხვევაში, „ბინძურ საქმედ" აღიქვამენ, ცდილობენ გვერდი აუარონ და არ ჩაერიონ. არიან თუ არა ქართველი ახალგაზრდები ინდიფერენტული პოლიტიკის მიმართ? რა ტიპის აქტივობებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას და რამდენად მზად არის თანამედროვე ქართული პოლიტიკა გაახალგაზრდავებისთვის?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG