Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად


„მთავარი მიზანი მაინც არის ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც ქართულ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას - მოიძიონ ფინანსური რესურსები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები" "ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, გვაქვს 41 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საშუალო ფენა ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან მცირე ზომისაა" "ქართული ბიზნესების უდიდეს ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომ ასოცირების შეთანხმებით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროპულ, საერთაშორისო ტენდერებში"  "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერითა და სააგენტო - "აწარმოე საქართველოში"-სთან თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას - "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან". პროექტი სამწლიანია და მისი ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი დოლარია. პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის კონსულტაციის, ინტერიეტის დიზაინის და არქიტექტურის სფეროებში. EPRC აპირებს კვლევის საფუძველზე გამოკვეთოს კიდევ ორი პრიორიტეტული მიმართულება ინტელექტუალური სერვისების სფეროდან. საბოლოოდ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 100 კომპანიას 5 სექტორიდან. ნინო ევგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა იქცეს ინტელექტუალური სერვისების მიწოდების ბიზნესი:  "მთავარია საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მისი ინტელექტუალური სერვისების ინტერნაციონალიზაციასა და ექსპორტში". პროექტის მთავარ მიზნებს შორის EPRC-ს ხელმძღვანელი ჩამოთვლის: ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რაც ქართულ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას - მოიძიონ ფინანსური რესურსები, პარტნიორები, მოიპოვონ საჭირო ლიცენზირებული პროგრამები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები: "ყველა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამცირებს სიღარიბეს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ დღევანდელ მდგომარეობას გადავხედავთ, ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, გვაქვს 41 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საშუალო ფენა ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან მცირე ზომისაა". ნინო ევგენიძე თვლის, რომ საქართველოში საშუალო ფენის ჩამოუყალიბებლობის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ფუჭად დაიკარგა დრო და არ განხორციელებულა განათლების სრულფასოვანი, სისტემური რეფორმა. გარდა ამისა, ის "დილის საუბრებში" ამბობს: "საქართველო არის მცირე ქვეყანა. რით შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნებს? დაბალი გადასახადები ყველა ქვეყანაში აქვთ, ჩვენს სამეზობლოშიც უკვე. ეს არ კმარა. მთავარი არის, რომ დემოკრატიის ხარისხი იყოს მაღალი, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი". პროექტ "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ფარგლებში გამარჯვებულ კომპანიებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება, მიიღებენ საჭირო ცოდნას, აგრეთვე ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაში. "ქართული ბიზნესების უდიდეს ნაწილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომ ასოცირების შეთანხმებით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროპულ, საერთაშორისო ტენდერებში. ამხელა სტიმულია, მაგრამ არ აქვთ მენეჯერული უნარჩვევები, არ აქვთ ტექნიკური მხარდაჭერა", - ამბობს ნინო ევგენიძე. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, კრეატიული იდეებით და დასაბუთებული პროექტით, - ასე აღწერს EPRC-ს ხელმძღვანელი პროცესის პოტენციურ მონაწილეს.

XS
SM
MD
LG