Accessibility links

ოლგა ენდელაძე - სამოქალაქო აქტივისტი


ოლგა ენდელაძე

კვირა, 15 ივლისი

დღეს გადაწყდა, რომ ჩემს ერთკვირიან დღიურებს ვიწყებ. ჩემს ცხოვრებაში სულ ორჯერ მაქვს ჩაწერილი დღიურები. თინეიჯერობის დროს: ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რადგან ჩემი დღიური დედაჩემის ხელში მოხვდა. მას ჩემზე კარგი წარმოდგენა ჰქონდა და რომ წაიკითხა ჩემი ჩანაწერები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუკვირდა. დღიურების მეორე მცდელობა თვითშეფასებისა და თვითანალიზის ჩასატარებლად მინდოდა. დღიურების წერის ორი დღის მერე მივხვდი, რომ ისეთი სიღრმისეული ანალიზი, დეტალებსა და წვრილმანებში ქექვა უფრო ართულებს ცხოვრებას და ჯობია, რომ უფრო ადვილად და მარტივად შევხედო საკუთარ თავს.

დღიურების შესახებ მაქვს მდგრადი სტერეოტიპი, რომ ეს უნდა იყოს ლიტერატურული ნაწარმოები, როგორსაც მე-19 საუკუნეში თავადის ქალები ქმნიდნენ საკუთარი სიამოვნებისთვის და ლიტერატურული უნარების სავარჯიშოდ.

ჩემი ცხოვრების ტემპი არ მიტოვებს ხშირად საშუალებას დავუბრუნდე ჩემს შეგრძნებებს და შევაფასო, რა ხდება ჩემს ირგვლივ, რას ვგრძნობ ამა თუ იმ ვითარებაში.

კვირის დილა მიყვარს. ვიცი, რომ არ მივდივარ სამსახურში და ვიმედოვნებ, რომ დღეს არ იქნება საჭირო მუდმივად და სწრაფად მივიღო ათასი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს მხოლოდ იმედია. მაქვს გლობალური გეგმა კვირისთვის და პატარა შიში მსუბუქი ეჭვით, რომ ვერაფერს ვერ მოვასწრებ და საღამოს ისევ იმედგაცრუებული დავრჩები. ვიცი და მაინც ვცდილობ დილა ოპტიმისტურად დავიწყო.

გუშინ მაცივარში ბლინების ცომი დამრჩა და გოგონებთან ერთად ვერ მოვასწარი მათი გამოცხობა. დილით აღმოვაჩინე, რომ არ მაქვს ზეთი და ვიკითხე, ვინ წავა მაღაზიაში-მეთქი. წავიდა ქმარი და მოიტანა 250-გრამიანი ყველაზე პატარა ზეთის ბოთლი. გაბრაზება მინდოდა (მე ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ 5-ლიტრიანი ბოთლებით ვყიდულობ ზეთს), მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ვიცი, ასეთია მამაკაცური ბუნება. ბლინების მაგივრად გამოვიდა „ხრაშუნები“, რადგან ჩემმა სამმა 8 წლის გოგონამ, ტყუპისცალებმა მოიფიქრეს, რომ ბლინების ცომისთვის კიდევ ინგრედიენტები დაემატებინათ და ცომში ხელები ჩაეყოთ. ძალა ერთობაშია, ალტერნატივა მიღებულია და ვაკეთებთ „ხრაშუნებს“.

სანამ პროცესი მიმდინარეობდა, ვგეგმავდით, რომ აუცილებლად დავასრულებდით ხავერდის საცეკვაო კაბებს. ამასთანავე, ვამოწმებდი, ჩემმა ოთხმა შვილმა შეასრულა თუ არა წინა დღით მიცემული დავალებები ქართულში, რუსულში, ინგლისურში.

გზა „მაინკრაფტიდან“ შექსპირამდე:

ჩემს 10 წლის კოტეს „რობინ ჰუდის“ კითხვა უნდა დაეწყო. შევამოწმე, ნაწარმოების ინგლისური ვერსიის წაკითხვას თუ მოახერხებდა. ტექსტი რთული არ იყო. გავიგე, რომ პირველი გვერდი წაკითხული ჰქონია, რადგან იქ იყო საუბარი მეფე რიჩარდის შესახებ. კოტემ დაიწყო მოყოლა, ვინ იყო რიჩარდი. მოიყვანა ბევრი ლორდის სახელი. მითხრა, თუ ვინ იყო მოღალატე მათ შორის და ვინ იყო მოკავშირე. გაოცებული და გაკვირვებული დავრჩი მისი ცოდნით. ვკითხე, საიდან ჰქონდა ამდენი ინფორმაცია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ცოდნა წიგნიდან არ მიუღია. აღმოჩნდა, რომ ყველა მის მიერ ჩამოთვლილი პერსონაჟი „მაინკრაფტის“ გმირია. ამასობაში, არგამოსული ბლინები, „ხრუსტიკებად“ დარქმეული...

კოტემ youtube-ზე მანახვა, სად არის ლაპარაკი იმაზე, რომ მეფე რიჩარდის ნეშტი ბრიტანეთშია აღმოჩენილი. მე კიდევ ერთხელ გაკვირვებული დავრჩი, რადგან ამბავი რიჩარდის ნეშტის პოვნის შესახებ ინგლისურად იყო მოთხრობილი. მითხრა, რომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც საინტერესო იყო. მერე ისიც გავიგე, რომ რიჩარდი „რობინ ჰუდის“ წიგნში და ის რიჩარდი, რომლის ნეშტიცაა ნაპოვნი, სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟებია. დავსხედით და ვიკიპედიაში დავიწყეთ ძებნა. კოტე ყურადღებით მისმენდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მეცნიერულ ენაზე დაწერილ ტექსტს ვუკითხავდი. ტექსტის ბოლოს გაირკვა, რომ შექსპირის რიჩარდ მესამე ზუსტად ის რიჩარდი ყოფილა, რომლის ნეშტიც აღმოაჩინეს ბრიტანეთში. ბოლოს, კოტემ მითხრა, რომ უნდა ჩაუჯდეს შექსპირს და წაიკითხოს. ეს ისე თქვა, თითქოს შექსპირი და „მაინკრაფტი“ ჰქონდა გაიგივებული. მგონი, მისი წარმოდგენა შექსპირის შესახებ ზუსტად ისეთივეა, როგორიც არის „მაინკრაფტის“ თამაშზე. გავიგე, რომ ამ თაობის განათლება არის დიდი საიდუმლო - სად გამოვლინდება მისი ინტერესი და სწავლის მოტივაცია, ამოუცნობია.

8 წლის ტყუპი გოგონებიდან ერთი დადის ცეკვაზე. ძალიან მომწონს მისი მწვრთნელი. გარდა იმისა, რომ პროფესიონალი მოცეკვავეა, ნამდვილად კარგი პედაგოგიც არის და მინდა, რომ ჩემმა ყველა შვილმა მიიღოს მასთან ურთიერთობის გამოცდილება. კოტე და ორი გოგონა კიკბოქსინგზე დადიან და, მათი აზრით, კიკბოქსინგი და ცეკვა ერთმანეთისგან ძალიან შორს არის. ვცდილობ გავუჩინო მოტივაცია, რომ ცეკვაზეც იარონ.

გოგონებს მოვაზომეთ კაბები. ლამაზი, ხავერდოვანი, ელეგანტური შავი კაბები ტრიალის დროს ძალიან ლამაზად იშლება. და უცებ გოგონებმა მიიღეს გადაწყვეტილება: იმ ორსაც მოუნდა ცეკვაზე სიარული. აი, რა არის მთავარი - ლამაზი კაბა! კი, ნებისმიერ გოგონაში ზის ქალი, რომლისთვისაც სილამაზის გრძნობა მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ორშაბათი, 16 ივლისი

დილის 10 საათია. მივდივარ ტრენინგზე. ელვისებური სისწრაფით დავალაგე სახლი. გავაუთოვე აუცილებელი ტანსაცმელი და დავუტოვე ბავშვებს. გავუკეთე საუზმე. არ დამვიწყებია მითითებები და ბრძანებები. ჩავალაგე ჩანთა და გასვლისას დარწმუნებით გავიფიქრე, რომ სახლში ყველაფერი რიგზე იქნება და სანამ არ ვარ, ცუდი არაფერი მოხდება. ვიცი, რომ ოჯახში სისტემა მუშაობს. როცა დავბრუნდები, უსაფრთხოდ გადატრიალებული სახლი დამხვდება. ყველა იქნება ნაჭამი, სუფთა, რადგან დამოუკიდებლად თავის მოვლას მივაჩვიე, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი იქნება გადატრიალებული, თუმცა ეს ჩემთვის კატასტროფა არ არის.

სოციალური პასუხისმგებლობა:

ტრენინგის თემა საკმაოდ ნაცნობი იყო, მაგრამ გარემოსა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია ახდენს ჩემი ცნობიერების ფორმირებას და ვიგებ, რა ხდება იმ სფეროში, რომელშიც ვცდილობ პროფესიული მიდგომით ვიმუშაო. მაინტერესებდა ერთი საკითხი, რომლის დასმის შემდეგ ჯგუფში გაცხარებული დისკუსია დაიწყო. ბიზნესის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არის თუ არა სოციალური პასუხიმგბელობის აღება ბიზნესის მხრიდან? საბოლოო ჯამში, მივედით იმ დასკვნამდე, რომ თეორიულად - „სოციალური პასუხისმგებლობის“ ცნების შესაბამისად, ეს ასე უნდა იყოს. თუმცა შინაგანი პროტესტი დაგვრჩა. რატომ უნდა ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესისაგან დახმარებას გაჭირვებული ბებიებისთვის, ბავშვებისთვის, დაუცველი ოჯახებისთვის, უმუშევრებისთვის და რატომ ვავალდებულებთ ბიზნესსა და ბიზნესმენს, რომელიც მუშაობს, ფული გამოყოს ამ ადამიანებისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობს?! რეალურად ხომ ვთხოვთ აიღოს პასუხისმგებლობა და გადაფაროს ის სახელმწიფო ხარვეზები, რომლებიც არასწორი პოლიტიკის შედეგია!

საქმე ის კი არ არის, რომ ბიზნესს დიდი შემოსავალი აქვს, საქმე ისაა, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას რეგიონებში მცხოვრები ბებიებისა და ბავშვებისთვის.

სამშაბათი, 17 ივლისი

ისევ ტრენინგზე ვარ. ვისაუზმე და ბაზალეთის კომპლექსი მოვიარე. უზარმაზარი ტურისტული ობიექტი თითქმის ცარიელია. მშვენიერი დასასვენებელი პარკი, სასიამოვნო ნიავი ტბიდან. სერვისი არ შეესაბამება ფასს. საქართველოში გვაქვს ბევრად იაფი და მეტად კარგი სერვისის შემომთავაზებელი ტურისტული ობიექტები. ტრენინგის მონაწილეების გარდა, საუზმეზე სომხეთიდან ჩამოსულ ტურისტებს მოვკარით თვალი. დავინტერესდით, თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი ბაზალეთზე. ვიფიქრეთ, რომ საბჭოური სანატორიუმის გარემო მოენატრათ. ჩვენი ჯგუფური შეფასებით, არ ეტყობოდათ სიმდიდრე, თუმცა აქ დასვენებაში დიდი ფული აქვთ გადახდილი. ჩანდა, რომ სომხეთიდან სასტუმროს ხშირად ჰყავს სტუმრები. კერძებში ჩანდა სომხური სამზარეულოს ელემენტები. ფაფები და ყვავილოვანი კომბოსტო სხვადასხვა სახით იყო წარმოდგენილი. ასეთი კერძები მე მხოლოდ სომხეთში მაქვს ნანახი და გასინჯული. ეტყობა, რომ სასტუმრო მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე არის ორიენტირებული. მთელი ჯგუფი განვიხილავდით ასეთი დიდი და ძვირი კომპლექსის ეკონომიკურ ეფექტურობას და სეზონის დროს მისი სიცარიელის მიზეზებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგებში მონაწილეობა. ახალი ცოდნა, კონტაქტები, ტენდენციები - ყველაფერი ეს განაპირობებს ჩემს სამუშაო პერსპექტივებს, თუმცა ასეთ ძვირ სივრცეში ამ ცოდნის მიღება ჩემში მუდამ უხერხულობის შეგრძნებას ბადებს - ვფიქრობ, ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ჩემზე, მერე რამდენად ეფექტურად გამოვიყენებ ამ ყველაფერს. ისევ გადავდივარ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

ოთხშაბათი, 18 ივლისი

ტრენინგიდან დაბრუნებულს მარნეულში მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ვხვდებით. თემა: გენდერული საკითხების განხილვა ადგილობრივ კონტექსტში. ქალების პოლიტიკური მონაწილეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არასენსიტიურობა გენდერულ საკითხებში. ვეძებთ კითხვებზე პასუხს, ვმსჯელობთ პრიორიტეტებზე, ალტერნატივებზე სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის, განათლებაზე. შეხვედრაზე ჩემ გარდა კიდევ ოთხი საზოგადოებრივ საქმიანობაში პროფესიულად ჩართული ქალი მონაწილეობს. და ჩვენ ძალიან გვიჭირს გავცეთ პასუხი კითხვას, თუ როგორ შეგვიძლია დონორი ორგანიზაციების პროექტებით დავეხმაროთ ქალებს, გოგონებს, ჩვენს საზოგადოებას, თემს, იმისათვის რომ განვითარების ვექტორი იყოს ნათელი და გასაგები.

მესმის, რომ დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდე, რადგან უიმედობით, პესიმიზმით საქმის კეთებას ვერ შევძლებ. მოწყურებული ვარ თანამოაზრეებთან თანამშრომლობას. მინდა, ვცდილობ და ვსაჭიროებ ჭკვიან, განათლებულ ადამიანებთან მუშაობას, რომ გავუზიარო მათ ჩემი განცდები, იდეები და მივიღო პროფესიული რეაქცია. ვოცნებობ ვიყო ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებსაც ნამდვილად აწუხებთ ამ ქვეყნის ბედი და ამისთვის რეალურად მუშაობენ.

ოფისში დავბრუნდი. უნდა მოვამზადო მასალა სურსათის უვნებლობის ახალი რეგულაციების შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე გადასათარგმნად. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მცირე ბიზნესი სოფლად გადაიქცეს ეფექტურ მწარმოებლად, ეფექტური მენეჯმენტით! როგორი პედაგოგიური უნარები და მიდგომა უნდა შევარჩიო, რომ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია აკადემიური ცოდნის მიღების უნარი, გადავცე უზარმაზარი ინფორმაცია კანომდებლობის, რეგულაციების სტანდარტების, ეკონომიკური კანონზომიერების და შესაძლებლობების შესახებ. მცირემიწიანი გაუნათლებელი მეწარმე ვერ იქნება თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარი. ახალი მთავრობის აგროპოლისების იდეა მომწონს. მთავარ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს: როგორ?

სახლში დავბრუნდი. მოსვლისთანავე გოგონებმა საჩუქრები დამახვედრეს. დამიხატეს სიყვარულის ახსნის ბარათები. შეგროვებული წვრილ-წვრილი სათამაშოები საჩუქრად მომართვეს. ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. ვსხედვართ და ვკითხულობთ „მერი პოპინსს“. ძალიან საინტერესოა ჩემი პატარა მსმენელების რეაქცია. მერი პოპინსი - ძიძა, რომელიც მუდმივად შენიშვნებს იძლევა, გამოხატავს უკმაყოფილებას, მაგრამ ამას ძალიან ღირსეულად აკეთებს და ბავშვებს ძალიან უყვართ. მეც ახლა ვხვდები, რომ საინტერესო პერსონაჟია და ჩემი გოგონების აზროვნებაშიც ახლა ყალიბდება ქალური ღირსების ცნება. ამ წიგნს ერთად რომ ვკითხულობთ, ჩემთვის და ჩემი გოგონებისთვის საინტერესო გამოცდილებაა.

დაიძინეს. მე კი ღამე ონლაინ ტესტირება მქონდა თემაზე „მუნიციპალური საჯარო ფინანსები“. კოტე ძილის წინ გაკვირვებით და პატივისცემით მიყურებს: დედა ჯერ კიდევ სწავლობს და ინტერნეტის მეშვეობით ღამით აბარებს გამოცდებს. - ცდილობს ხელი არ შემიშალოს. ჩავაბარე გამოცდა, მაგრამ, მგონი, ცუდად.

ხუთშაბათი, 19 ივლისი

დილა და მორიგი ელვისებური სახლის დალაგება სამსახურში გაქცევამდე. 11 საათზე ინგლისური მაქვს. დავდივარ უფასო კურსებზე. ვაზროვნებ რუსულად, ვწერ ინგლისურად, უნდა ვისაუბრო ქართულად. გაოცებული ვარ და შურითაც კი ვუყურებ იმ ადამიანებს, რომლებიც სამ-ოთხ ენაზე თავისუფლად საუბრობენ. საზღვარგარედიდან ჩამოსული კოლეგები ან პარტნიორები ფიქრობენ, რომ ჩემი ქართული მშვენიერია, ჩემთვის კი ეს მუდმივი კომპლექსია. აღმოვაჩინე, რომ საკომუნიკაციო ინგლისური ძალიან დაბალი დონის მაქვს და არ მაძლევს საშუალებას თავისუფლად ვიურთიერთო ორგანიზაციაში ჩამოსულ ამერიკელ მოხალისესთან. მოტივაცია ჩნდება, მაგრამ „გუგლ ტრანსლეიტი“ ჯერ კიდე კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტია. მესმის, რომ ენობრივი გარემო ენის შესწავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, მაგრამ მაინც არ მესმის: ევროპაში ენის სამთვიანი კურსებით ადამიანი იღებს საჭირო დონის საკომუნიკაციო უნარებს და ჩვენთან წლების განმავლობაში ქართული ენის შესწავლა კვლავ პრობლემად რჩება, ან - იმავე ინგლისური ენის. ვზარმაცობთ? მგონი, ვზარმაცობთ.

ორი საათი მაქვს მუშაობისთვის, სანამ შეხვედრაზე გავალ. ვმობილიზდები და პრიორიტეტებს ვალაგებ. ორი საათი ძალიან მალე გადის. გავდივარ შეხვედრაზე. USAID-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ როგორი იყო გარემო არჩევნების დროს. შეხვედრას ვესწრებოდით ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც სიმართლის თქმის არ გვეშინია. ამერიკელი წარმომადგენელი, რომელიც დასაწყისში ძალიან მოღიმარი სახით იჯდა, შეხვედრის ბოლოს ვერ მალავდა ემოციას და გაკვირვებული გვისმენდა. ღიმილი გაქრა მაშინ, როდესაც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ უამბო, თუ როგორ აკონტროლებდნენ მასწავლებლებს საარჩევნო უბნებზე. მათ ევალებოდათ სასურველი კანდიდატის მოხაზვა წინასწარ არჩეული ნიშნით, რომ პარტიული აქტივისტი კოორდინატორი მიმხვდარიყო, რომ ეს ბიულეტენი ეკუთვნოდა მასწავლებელს. ჩვენ ამ პრობლემებს სიცილ-ხარხარით ვუამბობდით, სასაცილო კი ნამდვილად არ არის: რა დონეზეა ჩვენი პოლიტიკური მონაწილეობა! როგორ უნდა წარიმართოს წინასაარჩევნო კამპანია, რომ ადგილობრივმა ამომრჩეველმა, მარნეულში მცხოვრებმა - ქალმა, ფერმერმა, ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც უკვე 5 წლის გათხოვილია და სახლიდან არსად გასულა, გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს? შეიძლება არ ამბობენ, მაგრამ ყველა ხვდება და გრძნობს, რომ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკა მიმართულია ხელისუფლებაში შესვლისა და დარჩენისკენ, ჩამოყალიბებული პოლიტიკის გარეშე.

შინ დაბრუნებული ბავშვებთან ერთად ქართულ ენაში მეცადინეობას შევუდექი. ხშირად მეფიქრება, რომ საშინაო განათლება უფრო ეფექტურია ჩემი ბავშვებისთვის, ვიდრე სკოლაში სიარული და სასწავლო პროცესში ვითომ „ჩართულობა“. არ ვარ ის მშობელი, რომელსაც არ აინტერესებს ან არ აკონტროლებს ბავშვების სწავლას. მშვენივრად მესმის, რომ სკოლაში გაკვეთილების დროს სამი არაქართულენოვანი გოგოს მინიჯგუფი გამოთიშულია ქართულენოვანი სასწავლო პროცესიდან. ვბრაზდები, თუმცა მასწავლებელს ვერ დავაბრალებ. ჩემი სამი შვილი თავის საკუთარ ენობრივ გარემოს ქმნის. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ეს გარემო და სკოლაშიც კი არ გამოვიდნენ იქიდან. ამიტომ არ ექმნებათ საჭიროება ქართულ ენაზე ურთიერთობის. პირიქით, რუსულად ესაუბრებიან თავის ქართულენოვან თანაკლასელებს. მეთოდოლოგია, რომელიც დღეს განათლების სისტემაში არის, ჩემი შვილებისთვის გამოუსადეგარია. ისინი ვერ ავითარებენ ცოდნას ვერც ქართულში და ვერც რუსულში. მე არ მაქვს საშუალება დამატებითი რესურსები დავახარჯო შვილების განათლებას. თან, გადასახადების პატიოსანი გადამხდელი ვარ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩემი შვილების ხარისხიანი განათლება. რა ალტერნატივები მაქვს? ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა ადეკვატური მშობელი, ვისი შვილებიც მარნეულის შერეულ სკოლებში სწავლობენ. ერთი მხრივ, ძალიან გვიხარია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და, ზოგადად, არაქართულენოვანი ბავშვები ქართულენოვან სკოლებში მიდიან, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ქართულენოვან სკოლაში ვერც ქართულენოვანი მოსწავლე ითვისებს სათანადოდ პროგრამას და ვერც არაქართულენოვანი, იმიტომ რომ კლასის დიდი ნაწილი არაქართულენოვანია. ვხუჭავთ ამაზე თვალს და ველოდებით, რომ სკოლის დამთავრებისას საკომუნიკაციო ენა და სულ მცირე ცოდნა მაინც ექნებათ.

პარასკევი, 20 ივლისი

ვასრულებ პროექტს. შეფასების პროცესში ვარ. ეს იყო პროექტი პროექტისთვის თუ რეალური სისტემური ცვლილება მოხდა პროექტის შედეგად? გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მარნეულში. თუ კარგად დავფიქრდებით, რეალურად რა არის ხელის შემშლელი, რომ ქალები იყვნენ აქტიურად ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რეალურად ჩართულნი? ქალების კომპეტენციის ნაკლებობა თუ კაცების ქცევის ნორმები? მამაკაცი თავს კომფორტულად გრძობს, როდესაც მისი თანამშრომელი ან პარტნიორი განათლებული და ჭკვიანი ქალია? თუ თვითონ კომპეტენტურია, შესაძლებელია პრობლემა არ იყოს. თუ, ღმერთმა არ ქნას, ქალი უფრო ძლიერია და საქმის მცოდნე, ამ შემთხვევაში ჩაგრავს და ცდილობს საქმეში არ ჩართოს. ჩვენს რეალობაში სად ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება? არა, ეს ნამდვილად არ ხდება სამუშაო გარემოში, ოფიციალურ თათბირზე ან საკრებულოს სხდომაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ხდება არაფორმალურ გარემოში, სადაც თანამშრომელი, პარტნიორი ქალისთვის ადგილი ვერ მოიძებნება. მამაკაცისთვის ეს საკმაოდ ბუნებრივია, მაგრამ ეს არაპროფესიული მიდგომაა. და ეს არის გენდერული პრობლემების ძირი - სამსახურში თუ ოჯახში ქალისა და მამაკაცის არათანაბარი სტატუსი და შესაბამისი ქცევა. მუნიციპალურ დონეზე გენდერული პოლიტიკის „მფორმირებლებს“ უნდა ჰქონდეთ ამის შეგრძნება. ჩვენ ამას გენდერულ სენსიტიურობას ვარქმევთ, რეალურად კი პროსეფიონალიზმზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და თანაბარი პატივისცემის საკითხია.

ადრეული ქორწინების პრევენცია - არაოფიციალურად აღიარებული როგორც მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის პრიორიტეტი!

თუ სკოლა რეალურად გარიყავს დანიშნულ მოსწავლე გოგონას სკოლიდან, ეს ადრეული ქორწინების პრევენცია კი არ არის, ეს ადრეული ქორწინების ხელშეწყობაა. პოლიტიკური ნების გარეშე კლასის ხელმძღვანელის დონეზე, დირქტორის დონეზე, სამინისტროს დონეზე, სოცმუშაკის დონეზე, თვითმართველობის დონეზე ვერ იმუშავებს რეფერალის მექანიზმი, როგორც პრევენციული ზომა. ისევ ვხუჭავთ თვალებს და ვსაუბრობთ საერთაშორისო კონვენციების შესრულებაზე. უპასუხიმგებლობა და ბულინგი - თანამშრომლობის ნაცვლად.

დღეს საღამოს შვილებს პროფესიის არჩევის შესახებ ვესაუბრე. არც კი ვიცი, რამ მოიტანა ეს თემა. გოგონებმა პროფესიები დაასახელეს: მხატვრობა, სტილისტობა, ექიმობა, მასწავლებლობა, თუმცა მერე მომიტრიალდნენ და გამომიცხადეს, რომ ჩემი პროფესიით სურთ მუშაობა. მე ვკითხე: „და, რა პროფესიის ვარ მე?“. კი, იციან, რომ პროექტებს ვაკეთებ, მაგრამ სიღრმისეულად რას ნიშნავს პროექტი, მგონი, ჯერ არ ესმით. ვკითხე: „რას ნიშნავს პროექტი?“ - კოტემ მითხრა, რომ პროექტი ნიშნავს, როდესაც აშენებ ქარხანას ან სახლს. პროექტის ასახსნელად ჟოლოსა და ბაზალტის ძაფის წარმოების მთელი ჯაჭვი განვიხილეთ და შევჯერდით, რომ ამ ჯაჭვს მართვა სჭირდება. და ესაა პროფესია, რომელსაც მენეჯერი ჰქვია. ძილის წინ ყველა შევჯერდით იმაზე, რომ გვინდა ვიყოთ მენეჯერები.

პარასკევი, 20 ივლისი

ვასრულებ პროექტს. შეფასების პროცესში ვარ. ეს იყო პროექტი პროექტისთვის, თუ რეალური სისტემური ცვლილება მოხდა პროექტის შედეგად? გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მარნეულში. თუ კარგად დავფიქრდებით, რეალურად რა არის ხელისშემშლელი, რომ ქალები იყვნენ აქტიურად ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რეალურად ჩართულნი! ქალების კომპეტენციის ნაკლებობა თუ კაცების ქცევის ნორმები? მამაკაცი თავს კომფორტულად გრძობს, როდესაც მისი თანამშრომელი ან პარტნიორი განათლებული და ჭკვიანი ქალია? თუ თვითონ კომპეტენტურია, შესაძლებელია პრობლემა არ იყოს. თუ, ღმერთმა არ ქნას, ქალი უფრო ძლიერია და საქმის მცოდნე, ამ შემთხვევაში ჩაგრავს და ცდილობს საქმეში არ ჩართოს. ჩვენ რეალობაში, სად ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება? არა, ეს ნამდვილად არ ხდება სამუშაო გარემოში, ოფიციალურ თათბირზე ან საკრებულოს სხდომაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ხდება არაფორმალურ გარემოში, სადაც თანსმრომელი, პარტნიორი ქალისთვის ადგილი ვერ მოიძებნება. მამაკაცისთვის ეს საკმაოდ ბუნებრივია, მაგრამ ეს არაპროფესიონალური მიდგომაა. და, ეს არის გენდერული პრობლემების ძირი - სამსახურში თუ ოჯახში ქალის და მამაკაცის არათანაბარი სტატუსი და შესაბამისი ქცევა. მუნიციპალურ დონეზე გენდერული პოლიტიკის „მფორმირებლებს“ უნდა ჰქონდეთ ამის შეგრძნება. ჩვენ ამას გენდერულ სენსიტიურობას ვარქმევთ. რეალურად კი პროსეფიონალიზმზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და თანაბარი პატივისცემის საკითხია.

ადრეული ქორწინების პრევენცია! არაოფიციალურად აღიარებული როგორც მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის პრიორიტეტი.

თუ სკოლა რეალურად გარიყავს დანიშნულ მოსწავლე გოგონას სკოლიდან, ეს ადრეული ქორწინების პრევენცია კი არ არის, ეს ადრეული ქორწინების ხელშეწყობაა. პოლიტიკური ნების გარეშე კლასის ხელმძღვანელის დონეზე, დირქტორის დონეზე, სამინისტროს დონეზე, სოცმუშაკის დონეზე, თვითმართველობის დონეზე ვერ იმუშავებს რეფერალის მექანიზმი როგორც პრევენციული ზომა. ისევ ვხუჭავთ თვალებს და ვსაუბრობთ საერთაშორისო კონვენციების შესრულებაზე. უპასუხიმგებლობა და ბულინგი თანამშრომლობის ნაცვლად.

დღეს საღამოს შვილებს პროფესიის არჩევის შესახებ ვესაუბრე. არც კი ვიცი, რამ მოიტანა ეს თემა. გოგონებმა პროფესიები დაასახელეს: მხატვრობა, სტილისტობა, ექიმობა, მასწავლებლობა, თუმცა, მერე მომიტრიალდნენ და გამომიცხადეს, რომ ჩემი პროფესიით სურთ მუშაობა. და მე ვკითხე: „და, რა პროფესიის ვარ მე?“. კი, იციან, რომ პროექტებს ვაკეთებ, მაგრამ სიღრმისეულად რას ნიშნავს პროექტი, მგონი, ჯერ არ ესმით. ვკითხე: „რას ნიშნავს პროექტი?“. კოტემ მითხრა, რომ პროექტი ნიშნავს, როდესაც აშენებ ქარხანას ან სახლს. პროექტის ახსნისთვის, ჟოლოს და ბაზალტის ძაფის წარმოების მთელი ჯაჭვი განვიხილეთ და შევჯერდით, რომ ამ ჯაჭვს მართვა სჭირდება. და ესაა პროფესია, რომელსაც მენეჯერი ჰქვია. ძილის წინ ყველა შევჯერდით იმაზე, რომ გვინდა ვიყოთ მენეჯერები.

შაბათი, 21 ივლისი

მთელი დღე ვწერდი პროექტებს და ანგარიშებს. საშინლად ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე რომ დასვენების დღეს მიწევდა მუშაობა. მესმის, არასწორი დროის მენეჯმენტია. ბავშვები მთელი დღე მირეკავდნენ რიგრიგობით და სახლში მისვლის დროს მეკითხებოდნენ. დავპირდი რომ ერთად ვუყურებდით მულტფილმებს და მეტს ვერაფერს გავაკეთებდი, დავიღალე.

სახლში ახლა კიდევ ერთი კატა გყვავს, რომელიც ბავშვებმა ვარჯიშიდან დაბრუნებისას გზაზე იპოვნეს. ვაბანავეთ, წამლები მივეცით, ვაჭამეთ. ვეჩვევით ოჯახის ახლა წევრს. ვფიქრობ, რომ ეს ახალი კატა ჯერ კიდე ართობს ბავშვებს და ჩემი ლოდინი ძალიან არ გაუჭირდებათ. კვირას ბევრი საქმე მაქვს, დღიურები უნდა ჩავწერო. მერე ბავშვები მყავს მოსამზადებელი ბანაკისთვის. 10 წლის კოტე და 8 წლის ანასტასია ჩემგან დამოუკიდებლად ბანაკში 5 დღეს გაატარებენ. მე კი დანარჩენ ორთან და კატებთან, ჩემს პროექტებთან და დაუსრულებელ დედლაინებთან დავრჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG