Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ თეზიევი: „გამოსავალი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ამ კონფლიქტში ჩაგვერთო რუსეთი“


„რეალური დროის“ მასალის მიხედვით

„ოსები თავს არ თვლიან ქართველებად, ისინი თავს თვლიან ოსებად!“, - ამბობს ოლეგ თეზიევი, 1990-იანი წლების დასაწყისში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ჯერ თავდაცვის მინისტრი, შემდეგ კი დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი. მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის რუსულენოვანი პროგრამის, „რეალური დროის“ კორესპონდენტს, რომელიც ოლეგ თეზიევს ეკითხება რუსეთის როლზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დაფინანსებასა და შეიარაღებაში. ოლეგ თეზიევი უმეტესწილად გასული საუკუნის 90-იანებზე ყვება, მათ შორის, ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებმა „ჩაითრიეს“ რუსეთი საქართველოსთან კონფლიქტში. „სხვა გზა არ გვქონდა“-ო, ამბობს ოლეგ თეზიევი „რეალური დროისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომლის რამდენიმე ფრაგმენტსაც შემოგთავაზებთ:

„რეალური დრო“: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რატომ არ შეეძლოთ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს დათანხმებოდნენ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას?

ოლეგ თეზიევი: ოსებისთვის ამის მიზეზი იყო ისტორიის გაკვეთილები... რატომ იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის კატეგორიულად წინააღმდეგები? ამის პირველი მიზეზი იყო ფაქტი, რომ მათ გააუქმეს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ბევრი პოზიცია, რომელიც იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონმდებლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ გააუქმეს ყველა პრივილეგია, რომელიც ჰქონდა სამხრეთ ოსეთს. ის აღარ იყო ავტონომიური ოლქი და გადაიქცა ე.წ. „შიდა ქართლის“ ისტორიულ ოლქად. 1991 წელს იყო ყაზბეგის შეხვედრა, რომელზეც ელცინმა და გამსახურდიამ (იქ სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ) მოილაპარაკეს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებაზე. ისინი არ გულისხმობდნენ, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები საქართველოსი უნდა ყოფილიყო, არამედ ეს სამხრეთოსური დანაყოფები იყო. ჩემთან ჩამოვიდნენ სამხრეთოსური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები და შემომთავაზეს როგორღაც სათავეში ჩავდგომოდი ან შემექმნა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები იმ რესურსით, რომელიც იმ მომენტისთვის იყო შეიარაღებული. შეიარაღება იყო ძალიან პრიმიტიული: 25 ავტომატი, რომლის ნაწილი უკვე ავტომატიც აღარ იყო, ლულებგამოუცვლელი და ა.შ.. იყო შაშხანები - 4 ცალი სნაიპერული შაშხანა, თითებზე დათვლიდი.

„რეალური დროის“ ჟურნალისტი დაინტერესდა, სად და რა ფულით ყიდულობდნენ ოსები იარაღს და რა იარაღი იყო ეს? ოლეგ თეზიევის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში ისინი იარაღს ინგუშებისგან ყიდულობდნენ:

„დასაწყისში იარაღს ვყიდულობდით ინგუშებისგან. ეს იყო იარაღი, რომელსაც მათ გადასცემდნენ, მათზე ყიდდნენ ჩეჩნები. ეს იყო ელცინის მიერ ჩეჩნებისთვის დატოვებული ძალიან დიდი ოდენობით იარაღი, იმდენად ბევრი, რომ ჩეჩნები სრულიად უფასოდ არა, მაგრამ ძალიან იაფად ყიდდნენ ინგუშებზე. ინგუშები კი ჩვენზე ყიდდნენ. ეს იყო ავტომატური სისტემები: AK-47. უდიდესი ნაწილი იყო 5,45-იანები, მცირე ნაწილი იყო 7,67-იანები. ვყიდულობდით აგრეთვე ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, რადგან ვიცოდით, რომ ქართველებს ტანკები ჰქონდათ, ჩვენ არ გვქონდა. ამ პროცესში მოვახერხე, დიდი რაოდენობით ვერა, მაგრამ ათასხუთასზე მეტი ერთეული იარაღის შეძენა. პატიოსნად გეტყვით, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფებში 900-ზე მეტი ადამიანი არასდროს ყოფილა“.

ოლეგ თეზიევი „რეალურ დროს“ უყვება 1992 წლის იანვარში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ეხებოდა: „კომუნისტური პროცენტი მივიღეთ - 95% ემხრობოდა რუსეთში შესვლას“. ამას კი მოაყოლა რუსეთის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემის ამბავი:

„სამწუხაროდ, 1992 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართველებისთვის გადაეცა ორი სამხედრო ობიექტი - მძლავრი სამხედრო საწყობები. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იყო ერთ-ერთი უმძლავრესი იყო საბჭოთა კავშირში. ქართველებს გადაეცათ 500-მდე ტანკი, დიდი რაოდენობით თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, უამრავი რაოდენობით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა“.

“ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ამ კონფლიქტში ჩაგვერთო რუსეთი. და ჩვენ (ეს ჩემი სისხლის სამართლის საქმეა, რის გამოც 6 თვე ციხეში ვიყურყუტე) დავიპყარით სამხედრო ნაწილი ბესლანსა და ვლადიკავკაზს შორის ტერიტორიაზე. მაშინ ხელში ჩავიგდეთ საბრძოლო მასალით დატვირთული 14 მისაბმელიანი სატვირთო მანქანა. ერთი დღის შემდეგ კი ხელში ჩავიგდეთ 12 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. იდეალურ მდგომარეობაში იყო ეს ტექნიკა. და, ზუსტად ორ კვირაში დამირეკეს და მითხრეს - „მივფრინავთ დაგომისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად““, - ეუბნება ოლეგ თეზიევი „რეალური დროის“ ჟურნალისტს.

ოლეგ თეზიევი კონფლიქტში რუსეთის ჩართვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

რატომ, რა თანხას და რა გზით აწვდიდა/აწვდის რუსეთი სამხრეთ ოსეთს?

„რეალური დრო“: რომელ წელს დაიწყო რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დაფინანსება და რამდენს იხდიდა?

ოლეგ თეზიევი: 1992-1993 წლებში დაიწყო. პირველი ტრანშიდან საერთოდ არაფერს მოუღწევია. მეორე ტრანშის ნახევარი მოვიდა. ასე ყოფდნენ ტრანშებს. უშუალოდ ოსეთამდე რაც აღწევდა, იქვე ნაწილდებოდა. ელცინის გუნდმა იმ დროსვე ჩადო ასეთი გაანგარიშება 50/50-ზე. 50 % მიდიოდა სამხრეთ ოსეთში, რომლის კიდევ 50% ჯიბეებში მიდიოდა.

„რეალური დრო“: საერთოდ რატომ აძლევდა რუსეთი ფულს სამხრეთ ოსეთს?

ოლეგ თეზიევი: რატომ აძლევდა? იმ დროს სხვა გამოსავალი არ იყო. ჩვენ რამდენიმე განმარტებითი ბარათი დავწერეთ: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ოსები წავიდოდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, ანუ თუკი განდევნიდნენ და იარაღით ხელში მოუწევდათ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლა? ისინი ააფეთქებდნენ ვითარებას რუსეთში...

„რეალური დრო“: ჟურნალი „ვლასტი“ წერდა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოველწლიურად აძლევდა 2,5 მილიარდ რუბლს. როგორ შეაფასებდით ამ მონაცემს?

ოლეგ თეზიევი: არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ მაქვს ინფორმაცია პერიოდზე, როცა ხელისუფლებაში მოვიდა კოკოითი - დიახ, მაშინ გამოიყოფოდა ფული, ყოველწლიურად, ზოგჯერ თქვენს მიერ დასახელებულზე მეტიც. თუმცა ეს თანხები კონკრეტულ ადრესატამდე რომ მისულიყო, მაგალითად: რომელიმე მშენებელ კომპანიამდე, სკოლამდე, ინსტიტუტამდე, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როცა ამ ფულს იტაცებდნენ, ძალიან სწრაფად იქცეოდა მტვრად, მითუმეტეს, რომ ნახევარი აქ რჩებოდა.

„რეალური დრო“: რუსეთი ახლაც აფინანსებს პროცესს სამხრეთ ოსეთში?

ოლეგ თეზიევი: დიახ, რა თქმა უნდა. ახლაც აფინანსებს.

„რეალური დრო“: სულ რა თანხა მოდის რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში?

ოლეგ თეზიევი: არ ვფლობ ინფორმაციას. ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ფულია, მაგრამ ეფექტს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

„რეალური დრო“: როგორ მოდის ეს ფული სამხრეთ ოსეთში? იგივე „ვლასტი“ წერდა, რომ ეს ფული მიდის ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტში და შემდეგ უკვე საერთაშორისო დახმარების სახით გამოიყოფა ამ ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთისთვის. ეს ასეა?

ოლეგ თეზიევი: კი, საწყის ეტაპზე ასე იყო: ჩრდილოეთ ოსეთიდან მიდიოდა სამხრეთ ოსეთში. მგონი, ბანკიც კი იყო შექმნილი, რომელსაც სახელიც არ აქვს. ახლა როგორ ხდება არ ვიცი. არ ვარ საქმის კურსში.

ოლეგ თეზიევი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00

„რეალური დრო“: ხომ არ გეჩვენებათ, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი აღარ დგას რუსეთის დღის წესრიგში? რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამასთან, მსოფლიომ ის არ აღიარა და ეს ბელორუსიამაც კი არ გააკეთა, რომელიც, თითქოს, რუსეთის მთავარი მოკავშირეა. 4 წლის წინ, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და როცა დაიწყო სამხედრო მოქმედებები დონბასში, აშკარაა, რომ მოსკოვის პრიორიტეტები შეიცვალა და თითქოს ახლა არ სცხელა სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის საკითხისთვის.

ოლეგ თეზიევი: არა, ასე არ ვთვლი, რადგან რუსეთი სამხრეთ ოსებს ყოველთვის სთავაზობდა განესაზღვრათ თავისი განვითარების პრიორიტეტები. განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ეს რა არის.

„რეალური დრო“: ერთ მარტივ კითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ: რა უნდა მოხდეს, რომ სამხრეთ ოსეთმა მიიღოს მსოფლიო აღიარება?

ოლეგ თეზიევი: ის უნდა განვითარდეს სათანადო მიმართულებით. აირჩიოს განვითარების ვექტორი და გვაქვს ეს ვექტორი - რა უნდა ვაკეთოთ და როგორ. ამის მოყოლას თუ დავიწყებ, კიდევ 2-3 საათი მოგვიწევს ლაპარაკი.

„რეალური დრო“: არ მჯერა, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი უახლოეს წლებში გადაწყდება.

ოლეგ თეზიევი: რწმენით ეკლესიაში დადიან. მე კი ვიცი, რომ ასე იქნება!

„რეალური დრო“: რატომ?

ოლეგ თეზიევი: იმიტომ, რომ არსებობს მექანიზმები და ამ მექანიზმებს ავამუშავებთ.

„რეალური დრო“: შეგიძლიათ გვითხრათ ამ მექანიზმებზე?

ოლეგ თეზიევი: უკომენტაროდ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG