Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იწერენ საქართველოდან - ინტერნეტით ვაჭრობა სარფიანია


ონლაინ გამოწერების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი მზარდი ბაზარია. რა ტენდენცია ახასიათებს ამ სფეროს?

გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათია კაკიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი მათი მომსახურებით სარგებლობს და ეს რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამასთან ერთი კლიენტი ახლა უფრო მეტ ამანათს იწერს, ვიდრე ადრე იწერდა.

ონლაინ მოვაჭრეები 18-70 წლის ადამიანები არიან. გადამზიდავი კომპანია „ბარამის“ საჰაერო გადაზიდვების კოორდინატორი მარიამ მოურავიძე ამბობს, რომ იწერენ ყველაფერს: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს... ამ ბოლო დროს იმატა ე.წ. Beauty box - ების გამოწერამაც.

„კიდევ იწერენ ტელეფონების დაზიანებულ ეკრანებს. არ ვიცი, რისთვის სჭირდებათ, მაგრამ ერთ ამანათში შეიძლება 50-100 დაზიანებული ეკრანი ჩამოვიდეს. ერთი პერიოდი ხშირად იწერდნენ ვიდეო-ბარათებს, რომელიც ბიტკოინების გამოსამუშავებლად არის საჭირო. ბოლო წლის განმავლობაში მარტო ჩვენთან აურაცხელი რაოდენობის ვიდეო-ბარათები ჩამოვიდა“, - ამბობს მარიამ მოურავიძე.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები შემდეგი ონლაინ მაღაზიებით სარგებლობენ: Amazon. com, Ebey.com, Asos.com, carters.com

USA2GEORGIA ვერ აკონკრეტებს, რომელი პროდუქტია ყველაზე ხშირად გამოწერილებს შორის. თუმცა, თათია კაკიაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია ყველაფრის გამოწერა, ისეთი ნივთებისაც კი, როგორიცაა ავეჯი ან მანქანის ბამპერი.

რაც შეეხება უკან დაბრუნების სერვისს, ეს მომსახურება გადამზიდავი კომპანიებიდან ზოგს აქვს, ზოგს - არა.

„ბარამს“ ამანათები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოაქვს. მარიამ მოურავიძის თქმთ, სხვა ქვეყნებზე დიდი მოთხოვნა არ არის. ჰქონდათ ფილიალი ჩინეთში, მაგრამ გააუქმეს, რადგან ჩინურ კომპანიებს ჩინურ მისამართებზე მიწოდებების სერვისი არ გააჩნდათ. ისინი ისევ ამერიკულ მისამართებზე იყვნენ მიბმულები. შესაბამისად, ვისაც ახლა ჩინეთში რამის ყიდვა უნდა, ისევ ამერიკის გავლით ყიდულობს.

დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად პრობლემატური გახდა ბევრი ისეთი ნივთის გამოწერა, რომელსაც ადრე ადვილად ყიდულობდნენ.

„113- დოლარიანი ნივთი უკვე განბაჟებას ექვემდებარება და ამ მხრივ მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილებაა. ტელეფონი რომ გამოიწერო, ხშირად იმასაც არა აქვს აზრი“, - ამბობს მარიამ მოურავიძე.

ამასთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა ინიციატივა განბაჟების ზღვარი მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდილიყო, მაგრამჯერჯერობით საქმე საკომიტეტო განხილვის იქით არ წასულა.

ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ ინტერნეტ ვაჭრობა ყოველდღიურად მზარდი ტენდენციაა, რომელსაც ვერ შევაჩერებთ და ბარიერების აღმართვა სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ეს განბაჟება თუ სხვა რამე, სწორი მიდგომა არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG