Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერაცია INFEKTION: 7 წესი წარმატებული სადეზინფორმაციო კამპანიისთვის 


წესი პირველი: ეძიე ბზარები!

იპოვე ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ენობრივი, რეგიონული, ეთნიკური, ან დაპირისპირების ნებისმიერი სხვა წყარო; გამოაშკარავე და გააღრმავე ეს განხეთქილება; გააშიშვლე ნერვები, დააჭირე სუსტ წერტილებზე; მთავარი მიზანია ხალხი დაიბნეს, ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ნდობა დაკარგოს!

წესი მეორე: ტყუილი უნდა იყოს დიდი!

ტყუილი უნდა იყოს გაბედული, ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არც კი გაიფიქროს ვინმემ, რომ გამოგონილია;

წესი მესამე: უნდა იყოს სიმართლის მარცვალი!

ყველაზე დამაჯერებელი ტყუილი ხომ სიმართლის მარცვალზეა დაფუძნებული;

წესი მეოთხე: არ გამოჩნდე!

კვალი შენამდე არსდროს მიიყვანო!

წესი მეხუთე: იპოვე სასარგებლო იდიოტი!

სასარგებლო იდიოტი ისაა, ვისაც შენი გულწრფელად სჯერა; მნიშვნელოვანია მან სხვებს მოუყვეს ამბავი, რომელიც „უნებლიედ“ გაიგო შენგან.

წესი მეექვსე: უარყავი! უარყავი! უარყავი!

მაშინაც კი, როდესაც აშკარაა, რომ იტყუებოდი, არასდროს აღიარო!

წესი მეშვიდე: შედეგს ნუ ელი დღესვე!

დეზინფორმაცია ხანგრძლივი პროცესია. იმ წვეთებს გავს, ქვას რომ ხვრეტს.

რუსული დეზინფორმაციის ამ 7 მთავარ წესსა და მათთან ბრძოლას ეხება ნიუ-იორკ ტაიმსის დოკუმენტური სერიები, რომლის სრული ვერსია უკვე ქართული სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დოკუმენტური სერია “Operation Infektion” მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ოფიციალურად დაადასტურეს;

სერიები რუსული დეზინფორმაციის, როგორც ხანგრძლივი მოქმედების ნაღმის წარმოშობის, დამანგრეველი ძალისა და სამოქმედო არეალის შესახებ გვიყვება;

აქ კაგებეს ყოფილ ჯაშუშებსაც შეხვდებით, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში ცივი ომის დასასრულს გაიქცნენ და დაწვრილებით მოყვნენ, თუ როგორ მუშაობდა კაგებე: სუფთა წყლის ჯაშუშობაზე დროისა და სამუშაო ძალის მხოლოდ 15 პროცენტი იხარჯებოდა. დანარჩენი 85 პროცენტი იყო იდეოლოგიური, ძირგამომთხრელი საქმიანობა, დეზინფორმირება;

დღეს, ციფრულ სამყაროში მხოლოდ ფორმები შეიცვალა, წესები და მიზნები იგივეა. არა?

უყურეთ “Operation Infektion” და გაგვიზიარეთ რას ფიქრობთ.

ნიუ იორკ ტაიმსთან რადიო თავისუფლების თანამშრომლობით ფილმი 11 ენაზე, მათ შორის ქართული სუბტიტრებითაც არის მისაწვდომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG