Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დიალოგი გაგრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 მარტს


საწყისი წერტილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი შეხვედრის მედიატორი აღმოჩნდა. მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.

მხარეებმა მომავლისთვის განსახილველი საკითხების ჩარჩო ჩამოაყალიბეს, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება. მათ შორისაა ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნები. ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც დიალოგზე ხელისუფლება მუდმივად უარს ამბობდა. ექვსეულში ასევე მოხვდა საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხი, მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების გადანაწილების თემა.

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის სწრაფი გადაჭრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„დღეს, ვამაყობ, რომ კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით. არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა. არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს რთული საკითხები. როცა დავუსვი მკაფიო კითხვა ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ ერთად მოიძებნოს გამოსავალი, პასუხი იყო მკაფიოდ - კი. ეს იყო კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ განვაგრძობთ დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება. ის ამ შეხვედრაზე ხელისუფლებიდან ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

„მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როდის იქნება ვაქცინა?

ჯანდაცვის სამინისტრო მოელის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა. რადიო თავისუფლებას ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უთხრა. მისივე სიტყვებით, პირველი ვაქცინა „ასტრაზენეკა“ იქნება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო ვაქცინის შემოსვლას თებერვალში „კოვაქსის“ პლატფორმიდან ელოდა. გუშინ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, „კოვაქსის“ ცნობით, თებერვალში ვაქცინა მხოლოდ იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამას მალევე მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაც. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქსს“ უკვე მიმართა და ამ განცხადების განმარტება მოსთხოვა. ტიკარაძემ დაამატა, რომ შესაძლოა საქართველომ „რეპუტაციული რისკების გამო“ „კოვაქსის“ პლატფორმას უჩივლოს.

კიდევ რა არის ცნობილი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, - წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან.

ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას გამართავს

2 მარტს ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება გასულ პარასკევს გამართულ აქციაზე მიიღეს, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

გუშინ პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა ოპოზიციამ თქვა, რომ პიკეტირებისა და პროტესტის გეგმები ისევ უცვლელი რჩება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა: „მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გარეშე ჩვეულებრივი ნაწილია დემოკრატიული პროცესის. ამიტომ არაფერი არ შეცვლილა ამ კუთხით. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან პიკეტირებას“.

ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც გეგმავს, თუმცა ის 5 მარტისთვისაა დაგეგმილი.

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებენ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე სავარაუდოდ განაჩენს გამოაცხადებს.

გუშინ დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მკვლელობის საქმეს სულ 5 ბრალდებული ჰყავს. შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, სასამართლო უკვე დარწმუნდა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა, რაშიც სასამართლო დაცვის მხარემ დაარწმუნა. პროკურორმა თქვა, რომ დაცვის მხარის სიტყვა „ჰაერში გასროლილი“ იყო.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს კითხვას, თუ ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი.

„სასამართლოს მივუთითებთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც გამამართლებელი განაჩენია. იმის ფონზე, როცა ბრალდების მხარეს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს“, - თქვა ადვოკატმა.

ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების და საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

ფაშინიანი გამოვიდა თავისი მომხრეების მიტინგზე ერევნის ცენტრში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მან თქვა, რომ ის გამოდის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რათა ქვეყანა საპარლამენტოდან, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

წაიკითხე მეტი.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის საქმეში

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქრთამის მიცემის და გავლენის გამოყენების ბრალდებით. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს ერთწლიან პატიმრობას და ორი წლით პირობით სასჯელს.

პენსიაში მყოფ 66 წლის პოლიტიკოსს, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დარღვევას, ახლა ათი დღე აქვს განაჩენის გასაჩივრებისთვის.

პროკურატურამ მოახერხა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეეცადა მოესყიდა სამოქალაქო მოსამართლე, ჟილბერ აზიბერი და მას მონაკოში პრესტიჟული სამუშაო შესთავაზა თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ.

წაიკითხე მეტი.

მწვავე შეფასებების ქრონიკა ამერიკიდან და ევროპიდან - მეორე ტალღა | განახლებადი

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მყისიერი მწვავე განცხადებები მოჰყვა ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებიდან. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ მელიას დაკავებას „წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა უწოდა; მომხდარმა შეაძრწუნა საქართველოში აშშ-ის საელჩო, შოკი მოჰგვარა ბრიტანეთის ელჩს, საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გზიდან უკუსვლაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აალაპარაკა ევროპარლამენტარები. კრიტიკის მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი და მასშტაბურია, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც წერილებსა და განცხადებებს დასავლეთიდან საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური ლიდერების ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა.

1 მარტს, საღამოს 8 საათზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასა და ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ორბელიანების სასახლეში. რა მოჰყვება შედეგად მელიას დაჭერას, მასზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რეაგირებას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივას?

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ძირითად განცხადებებს, მთავარ გზავნილებს და „ოცნების” პასუხებს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გუშინ, დღეს, ხვალ. ადამიანების მიერ გაკვალული ბილიკები ქალაქის შუაგულში, ივანიშვილის წინასაარჩევნო საჩუქარი და პროექტი, რომელსაც თბილისის მერია მოსახლეობას სთავაზობს - რა სურს ხალხს?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG