Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 მაისს


„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“ - ოპოზიციური ერთობის განცხადება

საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლისთვის პასუხისმგებლობა პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. შეშფოთების მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს ამბობს 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებაზე და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივი განცხადება 13 მაისს გამოაქვეყნეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დროს.

პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

13 მარტის შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამეორდა, რომ პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 647

გარდაცვლილი - 11

გამოჯანმრთელებული - 372

კარანტინში - 4246

სტაციონარში - 394

დღეს საქართველოში კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 372 პაციენტი.

გუშინ ფეისბუკ ლაივში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ გაიმერა, რომ სლოგანი „დარჩი სახლში“ უნდა შეიცვალოს სლოგანით „ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. მისი თქმით ვირუსი საბოლოოდ არ დამარცხებულა და ის სავარაუდოდ ზამთარში ისევ მობრუნდება.

მიუხედავად ამისა პაატა იმნაძემ თქვა, რომ სავარაუდოდ სწავლის სექტემბერში განახლებას ხელს ვერ შეუშლის პანდემია. „ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იქნება სიმშვიდის და სიწყნარის პერიოდი", - თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

დღეს იხსნება რუსთავი და გარდაბანი

თბილისის შემდეგ დღეს უკვე რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება. დასაშვები იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა. მიუხედავად ამ შეზღუდვის მოხსნისა, უცვლელად მოქმედებს კკომენდანტის საათი, რომლის მიხედვითად საღამის 9 სათიდან დილის 6 საათამდე შინიდან გასვლა იკრძალება.

18 მაისიდან გაიხსნება მარნეულის საზღვრებიც, სადაც ამ დრომდე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის გამართლებას პროკურატურა გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა გურჯანიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 58 წლის კაცი, რომელსაც პროკურატურა ძმის შვილიშვილის, 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდა (შემთხვევის დროს, გოგო 5 წლის იყო).

წაიკითხე მეტი.

როდის მოვა შენი ნომერი ავტობუსი? ანუ როდის გამოჩნდება მუნიციპალური ტრანსპორტი

ღამის ცვლის მორიგე იყო სტელა, ცნობა რომ მივიდა მეტროში, დილით მგზავრები აღარ შემოუშვათ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებაო. 31 მარტს, გამთენიისას, სტელამ და მისმა თანამშრომლებმა, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ კარს ბოქლომი დაადეს. მას შემდეგ ზუსტად თვენახევარი გავიდა.

სტელა ხალათიანისთვის, რომელიც 13 წელია ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მეტროს სადგურში კონტროლიორად მუშაობს, უჩვეულოა და სევდიანი დაცარიელებული ესკალატორისა და ბაქნის ყურება. მგზავრები და ხმაური მენატრებაო, ეუბნება რადიო თავისუფლებას:

მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო მუნიციპალური ტრანსპორტი და მათ შორის მეტროც გაჩერდა, სამ დღეში ერთხელ, 24-საათიანი გრაფიკით გვიწევს მეტროს თანამშრომლებს მუშაობა. უცნაური სანახავია დაცარიელებული მეტროს შესასვლელი, დაცარიელებული ბაქანი. თითქოს ცხოვრება გაჩერდა. მუდმივი ხმაური, ზუზუნი, მატარებლის ხმა, ასე მგონია, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ცუდი შეგრძნებაა. ხარ მარტო და ეს სიცარიელე ჩვენზე ყველაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მენატრებიან ჩემი ნაცნობი მგზავრები. მაინტერესებს, როგორ არიან, თავს ხომ ჯანმრთელად გრძნობენ. ფაქტია, რომ ტრანსპორტის ასე დიდი ხნით გაჩერებამ, ხალხს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ახლა უკვე გაიხსნა მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულება. ხალხი სამსახურამდე უნდა მივიდეს. ყველას არ აქვს ტაქსით სარგებლობის საშუალება. იმედია, მალე იქნება ქვეყანაში ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ისევ ამუშავდეს“.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

უკრაინის ერთ-ერთი კერძო ზოოპარკის მფლობელი ცდილობს ცხოველები დაიცვას შიმშილის, სიცივისა და დეპრესიისგან. მიხაილო პინჩუკი იძულებულია ცხოველებს სხვა, მათთვის უჩვეულო, საკვები მისცეს, რადგან COVID-19-ის პანდემიის გამო მნახველებისთვის ზოოპარკი დაიხურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG