Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ოცნება“ ნიკა მელიას უკვე მეორედ უხსნის დეპუტატის უფლებამოსილებას - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 თებერვალს


მელიას დაჭერის დილემა - იმუნიტეტის მოხსნამდე ერთი დღე რჩება

„ქართული ოცნება“ მზად არის, რომ გენერალური პროკურორის 12 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას და ამით მხარი დაუჭიროს ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებას. ოპოზიციური პარტიები პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან - ჩვენც დაგვიჭირონ, აცხადებენ პარტიების ლიდერები.

ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი არ დაუჭერს მხარს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას.

პარტიების უდიდესი ნაწილი პროცესს პოლიტიზებულად მიიჩნევს და ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 15 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ისინი ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევადაც არიან მზად და მელიას დაკავების შემთხვევაში, ხელისუფლებას მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

წაიკითხე მეტი.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - მისი ბაბუა დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი. მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 23 წლის მამაკაცმა მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა არასრულწლოვან გოგოსთან, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყვიტა. „აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“, - აცხადებს შსს.

წაიკითხე მეტი.

შემსუბუქებული შეზღუდვები და ვაქცინის მოლოდინი საქართველოში

გუშინ საქართველოს დიდ ქალაქებში ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, მოიხსნა აკრძალვა კვების ობიექტების გარე სივრცეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეებს შეეძლებათ სტუმრები მიიღონ ვერანდებსა და ეზოებში.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს შეზღუდვა რჩება პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ეფექტიან ზომად, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, შემსუბუქების მიმართულებით სხვა გადაწყვეტილებები მიეღო.

საქართველოში უკვე ელოდებიან ვაქცინის პირველ პარტიას. მთავრობის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში შემოიტანოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ; შეხვედრაზე ვერაფერზე შევთანხმდით - თბილისის ვიცე-მერი

15 თებერვალს, თბილისის მერიაში, ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელ ინვესტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მერია ინარჩუნებს პოზიციას, რომ რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება და იმავე ზომის რესტორნის მშენებლობაზეც უარს აცხადებს.

„რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს?! ჩვენთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა მედიასთან ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, ინვესტორს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რის გამოც, შეხვედრა შეუთანხმებლად დასრულდა.

გუშინ დილას, ვაკის პარკში ინვესტორმა მძიმე ტექნიკა მიიყვანა. სამუშაოები, მცირე დროში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

წაიკითხე მეტი.

ცხინვალის ციხის ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, მეორე კი სასამართლოს განაჩენს არ ასაჩივრებს

ნორა ბეღელურმა წერილი დაწერა და შვილს, რამაზ ბეღელურს, ცხინვალის ციხეში გაუგზავნა. წერილში დედამ შვილს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ბარათი ცხინვალის ციხეში წაიღო.

ნორა ბეღელური ამბობს, რომ რამაზ ბეღელურმა ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მუდმივად სჭირდება მედიკამენტები, რომლებსაც ცხინვალის ციხეში დროულად ვერ მიაწვდიან. ის საქართველოს ხელისუფლებას შვილის გასათავისუფლებლად დახმარებას სთხოვს.

ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია იყო მოსული, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო. იქიდან არაფერი პასუხი არ მიმიღია. ინსულტი აქვს გადატანილი. არა აქვს ჯანმრთელობა კარგი. ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ. იქნებ როგორმე გამოვიყვანოთ. ძალიან მეშინია. მეშინია, რომ არ მოკვდეს. წითელი ჯვარი იყო მოსული და წერილი დაგვაწერინეს, რომ იქნებ წერილი მივაწოდოთო. პასუხს ველოდები. ტანსაცმელიც გავუმზადე, მაგრამ, აბა, ვის გავატანო“, - ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.

სოფელ გუგუტიაანთკარის მოსახლეობა თანასოფლელის ცხინვალის ციხიდან დახსნას ითხოვს. ბეღელურის მეზობლები ამბობენ, რომ პერიოდულად რამაზის მდგომარეობა იმდენად მძიმდებოდა, რომ ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადას იძახებდა. გუგუტიაანთკარის მცხოვრები მანანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ ერთხელ სისხლდენაც კი ჰქონდა, ამიტომ მისი ციხეში გაჩერება დიდხანს არ შეიძლება.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

თეოლოგები სინოდის განჩინებას აფასებენ: ეკლესიის მმართველი იერარქები კვლავ მტრის ხატს ქმნიან

12 თებერვალს გამოქვეყნებული წმინდა სინოდის განჩინებას ეხმაურება თეოლოგთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები დიდი წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იერარქები თავიანთ განცხადებებში ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს კვლავ არჩევენ დაპირისპირებებისა და მტრის ხატის შექმნას”, – ნათქვამია თეოლოგების განცხადებაში. წერილში საუბარია ყველა იმ თემაზე, რასაც წმინდა სინოდი 11 თებერვალს კრებაზე შეეხო.

რას ამბობენ თეოლოგები დავითგარეჯზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებზე, მეუფე პეტრეს სინანულის აუცილებლობასა და სხვა საკითხებზე? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გაგიგიათ, ალბათ, დასველებულ ტელეფონს რომ ბრინჯში უნდა ჩაფლა. როგორც აღმოჩნდა, ამან ტელეფონს მართლა შეიძლება უშველოს, მაგრამ არა ბრინჯის თვისებების გამო...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG