Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ ვერსიები სუს-ის ფაილებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 სექტემბერს


სუს-ის ფაილების გამოქვეყნებას მოჰყვება თუ არა „ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებები?

მეოთხე დღეა, წინასაარჩევნოდ მედიისა და პოლიტიკოსების ფოკუსში სუს-ის ჩანაწერებია. უკვე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. მიუხედავად იმისა, რომ მასალებში ფიგურანტი არაერთი ადამიანი ადასტურებს რომ ჩანაწერები ნამდვილია, არ დამდგარა ვინმეს პოლიტიკური ან თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე ვერსია გააჟღერეს, სადაც ფარული ჩანაწერების კონტექსტში ახენებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობენ. გასულ 48 საათში „ოცნების“ ლიდერებისგან მოვისმინეთ შემდეგი:

  • 14 სექტემბერს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. მისი თქმით იგეგმებოდა მასალების ატვირთვა „ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ მედიისთვის გაკეთებულ მორიგ განცხადებაში თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში იგეგმება მძიმე პროვოკაცია. მისი თქმით ინფორმაციამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოჟონა. "საჭიროა მსხვერპლი", "გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში", - ეს არის ფრაზები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის "სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
  • 15 სექტემბერს ისევ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვის უკავშირდება სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელება. მან ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სახელები ახსენა.

კობახიძის მიერ გახარიასა და ხოჯევანიშვილის ხსენება ვარაუდების საფუძველს აძლევს პარტიას „საქართველოსთვის“. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების დაკავებას არ გამორიცხავს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა გიორგი ხოჯევანიშვილიც. ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში იგი უსაფუძვლოს უწოდებს პრემიერის ბრალდებას სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გამოტანასთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირის შესახებ და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება შიშზეა დაფუძნებული და ყველა იხილავს, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მდიდარი პარტიების ხუთეული - ვინ მიიღო ყველაზე მეტი ფული წინასაარჩევნოდ

საქართველოში 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდი 2 აგვისტოდან დაიწყო. ზუსტად ერთი თვის განმავლობაში, ანუ 2 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულებები 13-მა პარტიამ მიიღო. სულ 6 161 272 ლარი. ამ თანხის 98% ხუთმა პარტიამ გაიყო, მათ შორის 82% “ქართულ ოცნებას”ერგო.

ყველაზე მეტმა მოქალაქემ ზღვრული თანხა (60 ათასი ლარი) მმართველი პარტიის ანგარიშზე გადარიცხა. მმართველ პარტიას ასეთი 29 შემომწირველი ჰყავდა, რამაც მას 1,7 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მოუტანა.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს “ქართულ ოცნებას” ერთსა და იმავე რეგიონიდან ერთსა და იმავე დღეს თანხა ერთმანეთის მიყოლებით შესწირეს. ეს თანხა "ქართული ოცნების" ჯამურ დაფინანსებასთან შედარებით მიზერულია, თუმცა ახალ ტენდენციას ასახავს. გარდა იმისა, რომ შემოწირულება ერთ დღეს გაკეთდა, თვალშისაცემია შემომწირველი კომპანიების სარეგისტრაციო ადგილებიც.

მაგალითად, 23 აგვისტოს "ქართულ ოცნებას" თანხა ერთდროულად 12-მა კომპანიამ შესწირა. დამფინანსებლებიდან 6 კომპანია ჭიათურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, სამი - ხაშურში.

წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

„მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების" ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს

„ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულიდან „მთავარი არხის" ოპერატორის ლევან აბლოთიას გადმოგდების შესახებ იუწყება ტელეკომპანია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შიდა ქართლში „მთავარი არხის" კორესპონდენტს გიორგი ახალკაცს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის თბილისის ჯგუფი 15 სექტემბერს ქარელში იმყოფებოდა გადასაღებად. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა პარტია „ქართული ოცნების" ოფისში და ოპერატორი მეორე სართულის აივნიდან გადააგდეს. ახალკაცის თქმით, ტელეკომპანიის ოპერატორს ფეხი აქვს დაზიანებული.

ამ ვერსიისგან განსხვავებულ ამბავს ჰყვება ქარელში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

„ჟურნალისტი და ოპერატორი იყვნენ მოსულები პარტიის ოფისში, იღებდნენ კადრებს. თავიდან ისინი ზრდილობიანად გაიყვანეს ოთახიდან. ეს ყველაფერი მეორე სართულზე ხდებოდა. მაგრამ ისინი ოფისიდან არ გასულან და აგრძელებდნენ მუშაობას. შემდეგ ერთი-ერთი ზონის კოორდინატორი შემოესწრო ამ ამბავს და ის ეუბნებოდა ნუ იღებო და კამერაზე ხელს უფარებდა. ოპერატორი უკან იხევდა. ამოსასვლელ კიბეზე პატარა მოაჯირია. ალბათ 60 სანტიმეტრი სიმაღლის, ადამიანს რომ მუხლამდე მისწვდება . უკან სვლისას ის ამ მოაჯირმა ვერ დაიჭირა და გადავარდა. ის არავის გადაუგდია, მით უმეტეს აივნიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა გულიაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მოსკოვი და სოხუმი დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის დელეგაცია იმყოფება. როგორც ოპოზიციურ აფხაზეთის "სახალხო მოძრაობაში" ამბობენ, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი უნდა განიხილონ.

„ამჟამად კომისია მუშაობს, განიხილება საკითხები, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ მთავრობას, ერთობლივი კომისიის საქმიანობა აწარმოოს ღიად და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, ვინაიდან ტერიტორიის მიკუთვნებულობის საკითხი ჩვენი ხალხისთვის უკიდურესად მგრძნობიარეა“, - ნათქვამია „სახალხო მოძრაობის“ განცხადებაში.

2019 წელს, რუსეთის ელჩმა სოხუმში ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს საზღვაო სივრცის სადემარკაციო შეთანხმების ხელმოწერა შესთავაზა, „ვინაიდან ჯერ სახმელეთო საზღვრის საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება“. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დიპლომატმა დაადასტურა, რომ დაურეგულირებელი რჩება „მხოლოდ სოფელ აიბღის საკითხი“.

წაიკითხე მეტი.

ნულოვანი ტოლერანტობიდან ნულოვან კომპრომისამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩევნების დამთავრებას ელოდება, რათა ყველას - „მოღალატეს და ქვეყნის მტერს“ - საკადრისი პასუხი გასცეს „ნულოვანი კომპრომისის“ პრინციპით. აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მიხეილ სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობის“ ციტირება მოახდინა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2006 წელს „ნულოვან ტოლერანტობას“ უცხადებდა „წვრილმან დანაშაულს“, საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კი იგულისხმა უმძიმესი დანაშაული - „შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ“, რაც, მისივე თქმით, გამოიხატა „მძიმე პროვოკაციაში“ - სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლების ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაში.

უსაფრთხოების სახიფათო სამსახური?

თუ პროვოკაცია უმძიმესია, ხოლო დანაშაული - სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი, განა, საქმე ითმენს არჩევნების დამთავრებამდე?

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიზებული მართლმსაჯულება არ ჩქარობენ მართლა უმძიმესი დანაშაულის გახსნას, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ არის ჩადენილი.

საქართველოს პროკურატურაც, რომელიც იძულებული იყო რამე სახის რეაგირება მოეხდინა, რუტინული „საქმის აღძვრითა“ და „გამოძიების დაწყებით“ შემოიფარგლა. არც მთავრობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ დაუყენებიათ სუს-ის ხელმძღვანელის არათუ პასუხისმგებლობის, არამედ პარლამენტში დაბარების საკითხიც. არა და, როგორც იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, სუს-ის უფროსი, პარლამენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ექიმები ხშირად ამბობენ, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების სრული გამოჯანმრთელებისთვის რეაბილიტაცია თითქმის ყველა შემთხვევაშია აუცილებელი. ოღონდ გადატანილი ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე, ყველა პაციენტს განსხვავებული მკურნალობა სჭირდება - ზოგისთვის უბრალო დასვენებაც საკმარისია, ზოგისთვის კი ექიმების ხელახლა ჩარევაა აუცილებელი. რეაბილიტაციის ეს მტკივნეული პროცესი გაიარა სწორედ თინა ხიდაშელმა - ჯერ გერმანიაში, შემდეგ წყალტუბოში. ჩვენი გადაცემის სტუმარი გვიამბობს, როგორ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია და როგორ გრძნობს ახლა თავს, პოსტკოვიდური მკურნალობის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG