Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ოქტომბერს


"ოცნების" მხარდასაჭერად თუ "ნაციონალების" წინააღმდეგ? - აქციაზე ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოჰყავთ

27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს შეკრებს. დაანონსებულ აქციამდე ერთი დღით ადრე დედაქალაქის ცენტრალური მოედნისკენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდა.

რა აქციას ატარებს „ქართული ოცნება“? იქნება ეს პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თუ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება, როგორც ამას პარტიის ლიდერები აანონსებენ?

აქციაზე „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იწვევს და აცხადებს, რომ 27 ოქტომბერს დედაქალაქში უნდა შეიკრიბოს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია „ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება“; რაც, ასევე - „ბოროტებად“ მოხსენიებული „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების მსურველთა შეკრებას ნიშნავს.

„ოცნების“ ლიდერები „ბოროტებისა“ და ენმ-ის „დასრულების“ აუცილებლობაზე ყოველდღიურად ლაპარაკობენ. ასეა აქციაზე გაკეთებულ კომენტარებშიც.

ექსპერტების თქმით, აქციას კიდევ ერთი მიზანი აქვს, შეკრიბოს იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე 14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმავე მოედანზე შეკრიბა. ამისთვის რეგიონებში უკვე ემზადებიან. დღეს ჩვეულებრივი სამუშაო ოთხშაბათია. აქციაც სამუშაო დროს, 17:00 საათზე იწყება. რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტი ადგილობრივ მერიაში გაკეთებულ განმარტებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საჯარო მოხელეებმა თბილისური აქციისთვის ერთდღიანი შვებულებით უნდა ისარგებლონ.

ვის უჩვენებს ძალას „ქართული ოცნება“ დღევანდელი აქციით და ვინ იდგება თავისუფლების მოედანზე? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პოლიციელი ფოტოს გიღებთ? - კითხვები „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე

მთავრობა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომელიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას ადამიანის იდენტიფიცირების დროს და აჩენს ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკებს. მსგავსი მოსაზრება აქვს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც. მათი აზრით, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, იზრდება პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების, პოლიციის მუშაკის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკები.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონში შემდეგი ცვლილებები უნდა შევიდეს:

  • განისაზღვრება წესი, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველებს შეეძლებათ ქუჩაში გაჩერებული პირის მიერ წარდგენილი მონაცემების შსს-ს ბაზაში გადამოწმება.
  • თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოქალაქის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები, არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას, სამართალდამცველს შეეძლება პირის იდენტიფიკაციისთვის მიმართოს სხვა ღონისძიებებს. მათ შორის, გადაიღოს ფოტო, ჩაიწეროს ხმა, აიღოს თითის ანაბეჭდები.
  • შეიცვლება კანონის მე-15 მუხლიც, რომელსაც ემატება მე-5 ნაწილი და დგინდება, რომ სამართალდამცველი უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დაამუშაოს სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემები.

საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ გაჩერებული მოქალაქის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ადამიანები დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს. ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის პრაქტიკაზე, რა დროსაც, ფაქტობრივად, ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც თავად ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. ეს კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს.

ყველაფერი კანონპროექტის შესახებ წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პენიტენციური სამსახურის თქმით, სააკაშვილის ადვოკატსაც არ აქვს წერილის გამოტანის უფლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი შეზღუდვა დაუწესეს, ამის შესახებ გუშინ ინფორმაცია ენმ-ის წევრმა კობა ნაყოფიამ გაავრცელა. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, მათ შორის მის ადვოკატებს, აღარ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ წერილის გაგზავნა და მიღება "პატიმართა კოდექსით" არის დარეგულირებული.

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება“.

მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა შიმშილობს. ის უარს აცხადებს გლდანის ციხესთან არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გუშინ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ექიმების ჯგუფმა.

მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში და გადავიდეს ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმისათვის, რომ არ დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე არის კრიტიკულ მიჯნაზე და შესაძლოა მისი გადარჩენა ვერც მოხდეს რეანიმაციაში განთავსებისას.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მოლდოვამ პირველად მოაწერა ხელი შეთანხმებას „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე

მოლდოვის სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომმა“ რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პოლონეთის სახელმწიფო კომპანია PGNiG-სთან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყანაში 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს არის „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევა.

ამასთან უცნობია, თუ რა ფასად შეიძინა ბუნებრივი აირი მოლდოვის მთავრობამ პოლონური კომპანიიდან.

2,6 მილიონი მოსახლეობის მქონე მოლდოვას, სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი ელის მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს ამოიწურება 2020 წელს „გაზპრომთან“ დადებული ხანგრძლივი კონტრაქტი. შეთანხმების გაგრძელების პირობად რუსეთის კონცერნმა კიშინიოვისგან გადასახადი მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულს.

წაიკითხე მეტი.

მარკ ზაკერბერგი „ცილისწამებას“ უწოდებს „ფეისბუკის“ პრობლემების შესახებ მიმდინარე გამოძიებას

გლობალური სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა ცილისწამება უწოდა კომპანიის მუშაობის პრიორიტეტების შესახებ დასავლეთის მედიაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, 37 წლის ფრენსის ჰაუგენმა, ღიად დაადანაშაულა კომპანია, რომ ის უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს.

„ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა გაჟონილი დოკუმენტების შერჩევით გამოყენებისა, რომელიც მიზნად ისახავს სურათის დამახინჯებას“, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა.

წინა დღით ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე მასალა საერთო სათაურით „ფეისბუკის დოსიე“, რომელიც კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენის ინტერვიუს და მის მიერ გაჟონილ შიდა დოკუმენტებს ეყრდნობა.

ამ მასალების თანახმად ირკვევა, რომ სოციალური ქსელი შლის მხოლოდ 5%-ს ისეთი გამონათქვამებისა, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. მაშინ, როცა მარკ ზაკერბერგმა 2020 წელს აშშ-ის კონგრესს მოახსენა, რომ იშლება მსგავსი ინფორმაციის 94%.

წაიკითხე მეტი.

ეს მხოლოდ "აისბერგის წვერია" - როგორ ანგრევს COVID-19 ბავშვების ფსიქიკას

„მირჩევნია, კოვიდი დამემართოს, ვიდრე ასე ვიჯდე“, - დაიყვირა 17 წლის ლიზამ თითქმის 18-თვიანი იზოლაციის შემდეგ, როცა ისევ გამოაცხადეს, რომ სწავლა ონლაინ დაიწყებოდა და მთელი პანდემიის განმავლობაში პირველად იტირა. როცა დედამ ჰკითხა, რატომ ტირიო, ლიზამ უპასუხა, იმიტომ, რომ უადამიანობა და ეკრანიდან მეგობრობა აღარ შემიძლია, ვეღარ ვუმკლავდებიო.

ლიზასგან განსხვავებით, უამრავი ბავშვი ამას ხმამაღლაც არ ამბობს. მათი მენტალური ჯანმრთელობა რომ უარესდება, ეს მათი ქცევის შეცვლითაც ცხადი ხდება - ისინი აღარ ლაპარაკობენ, ხშირად შფოთავენ, ვეღარ სძინავთ, ხშირად ეტირებათ, ვეღარ სწავლობენ და უყურებენ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ.

ამ დროს - მათი მშობლები ძირითადად მუშაობენ, რომ შემოსავალი არ დაკარგონ, ხოლო სახელმწიფოს, პანდემიაში გაჩხერილი ბავშვებისთვის არ სცალია.

პანდემიამ რომ მსოფლიოში ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ავნო, ამაზე გაეროს ბავშვთა ფონდიც საუბრობს. „იუნისეფი“ ამბობს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.

რა ხდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის თითზე ჩამოსათვლელი სერვისები არსებობს? ასეთი ქვეყანა არის საქართველოც. არაერთი ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი შენიშნავს, რომ ბავშვები მარტონი დარჩნენ და კოვიდპანდემიით გამოწვეულ სტრესს, დღემდე, საკუთარი ძალებით უმკლავდებიან - ვისაც როგორ შეუძლია. ამ პროცესში სახელმწიფო ჩართული არ არის.

წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

„არაცენტრალური მედია" - საქართველოს რეგიონული მედიის ისტორია და აწმყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG