Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთი ძალიან კარგად არის ჩასაფრებული - დღეს არ გამოუვა, ხვალ გამოუვა"


რამ გამოიწვია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთის გამო ვნებების ესკალაცია? რა ფაქტორები კვებავს ამ პროცესს? რა არის გასაფრთხილებელი და გასათვალისწინებელი ამ ვითარებაში? ვის რა ინტერესი ამოძრავებს? - ეს მხოლოდ ნაწილია იმ უამრავი კითხვის, რასაც ისტორიულ სამონასტრო კომპლექსზე გამავალი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციისა და თანმდევი პროცესები წარმოშობს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა ზაქარეიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე საუბარს იწყებს იმით, რომ მისთვის მისაღებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ყველაზე რადიკალური ფორმებიც კი, თუკი ის არ არის ხელოვნური და არ არის სხვისი უფლებების წინააღმდეგ მიმართული: „ყველას მოვუწონებ სიტყვის თავისუფლებას, თუკი ეს პოზიცია გულწრფელია. თუ არ არის გულწრფელი, თავის გულში ჩაიხედონ“. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი ძალიან კარგად მუშაობს, რათა საქართველოში აგორდეს ანტიისლამური ფენომენი. რამ გამოიწვია მაინცდამაინც ახლა საკითხის ესკალაცია? „მე ვხედავ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს რუსეთის რბილი ძალა საქართველოში. აფხაზეთის საკითხმა, სამხრეთ ოსეთის საკითხმა ვერ უშველა რუსულ თემას - ვერ შემოატრიალა საქართველო რუსეთის ორბიტაზე. მას ახლა სჭირდება სხვა ცხელი თემები. ამასობაში საქართველოში გაიზარდა უკვე რელიგიური საზოგადოება, თაობა. სსრკ-ს დროს ვიყავით ეთნიკურ ნაციონალიზმზე აღზრდილი თაობა, ახლა მოდის უკვე რელიგიური თაობა. ამ ფონზე რუსეთი ხედავს, რომ საქართველოში საზოგადოების ნაწილი ღიზიანდება და სურს, რომ რელიგიური უპირატესობა იყოს გამოკვეთილი. რუსეთმა დაიწყო მუშაობა იმ ღირებულებებზე, რაც საქართველოში რეალურია - ეს არის ანტიისლამური განწყობა. გაიჟღერა მედიაში, რომ საქართველო არის საერთო კავკასიის ნაწილი და იქ უნდა მივიდეთ ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშებით. აი, ვინც თქვა სომხური, დარწმუნებული ვარ რუსეთზე მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ აზერბაიჯანშიც არის ხალხი, ასევე მითებზე აგებული, რომლებიც ამბობენ - ქართველები რა შუაში არიან, მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, ეს სომხების მიერაა ყველაფერი აგორებულიო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არ არის აგორებული... რუსეთი ძალიან მშვიდად, კარგად არის ჩასაფრებული. ეძებს თავის დროს. დღეს არ გამოუვა, ხვალ გამოუვა. ის ეძებს მომენტს, რომ ფეხი ჩაყოს ამ კარში და არ მიცეს საშუალება, რომ პროცესები წავიდეს ნორმალურად“. დღეისთვის საუკეთესო გამოსავლად პოლიტოლოგი თვლის სტატუს კვოს შენარჩუნებას: „ხანდახან გაურკვევლობა უკეთესია გარკვეულობაზე. მაგრამ, არა. გვინდა, რომ გავარკვიოთ. კი ბატონო, არკვევ? მაშინ, კეთილი უნდა ინებო და აზერბაიჯანის ინტერესებიც გაიგო. ხალხნო, როგორმე ვისწავლოთ რეალობაში ცხოვრება. და ეს არის, რომ გავითვალისწინოთ იმ მხარის ინტერესი, რომლის გარეშეც ამ საკითხს ვერ მოაგვარებთ და ის მხარე მზად არის მოლაპარაკებისთვის. აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას სსრკ-ს შემდეგ თვლის თავის ტერიტორიად“. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა იფუნქციონიროს: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მონასტერი საზღვრის რომელ მხარეს იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია მონასტერმა იფუნქციონიროს, რადგან მონასტერი უფრო დიდი ცნებაა, უფრო ღრმა, მრავალსაუკუნოვანი ცნებაა, ვიდრე სახელმწიფო საზღვრის ცნება, რომელიც მხოლოდ ასი წელია შეცვლილია“. ეს სურვილს რაც შეეხება, ზოგადად კი, „დილის საუბრების“ სტუმარი ფიქრობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსვლის სულ ოთხი ვარიანტია: „სტატუს კვოს შენარჩუნება - ჩაცხრეს სიტუაცია და ვთხოვოთ აზერბაიჯანს, რომ მიგვიშვან; მეორე - აზერბაიჯანი აღიარებს მას ჩვენს ტერიტორიად; მესამე - ჩვენ ვაღიარებთ იმ ტერიტორიას აზერბაიჯანულად და მეოთხე ვარიანტია გაიყოს თემა - დავანებოთ თავი საზღვარს. ვერ ვაგვარებთ ჯერჯერობით, ამიტომ, მოდი, მივხედოთ მონასტრის ფუნქციონირებას“.

XS
SM
MD
LG