Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის გაკვეთილები


ავტორი: ტუსა ჯანგავაძე

The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი პანდემიების თემატიკაზე სხვადსხვა ეპოქის ლიტერატურას მიმოიხილავდა და სახლებში ჩაკეტილ მილიონობით მკითხველს უხსნიდა, რომ პანდემიით შექმნილ არაპროგნოზირებად რეალობაში ადამიანის ქცევა, პრინციპში, ძალიან მარტივად პროგნოზირებადია. ამაში დასარწმუნებლად სულაც არაა საჭირო ზედმიწევნით გავაანალიზოთ დანიელ დეფოს „შავი ჭირის წელიწადის დღიური“ ან კამიუს „შავი ჭირი“, რომლის გამოცემებიც, სხვათა შორის, სამედიცინო ნიღბებისა და ტუალეტის ქაღალდების მსგავსად, პანდემიის დაწყების შემდგომ ბაზარზე დეფიციტურ პროდუქტად იქცა. სოციალური ქსელების მარტივი მიმოხილვაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომდედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე სახლში გამოკეტილ მილიონობით ადამიანს შიშის, უსუსურობის, მოწყენილობის ერთნაირიგანცდები გვეუფლება და არსებითად ერთნაირად ვცდილობთ ამ განცდებთან გამკლავებას. უფრო მეტიც, ამას წინათ, Washington Post წერდა კარანტინის სიზმრების ფენომენზე, სტატიის თანახმად იზოლაციაში მყოფი ადამიანები ერთნაირ, უცნაურ სიზმრებს ნახულობენ - ესეც ჩვენი კოლექტიური ქვეცნობიერის პასუხი COVID-19-ის ძალიან რეალურ კოშმარს.

პანდემიამ გვაჩვენა რა მყიფეა ჩვენი ყოველდღიურობის ფუნდამენტი და რა პირობითია ძალაუფლების ყველა ვერტიკალი. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ კლინიკის მედ-პერსონალს, რომელშიც იგი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა მისი გარდაცვალების გასაჯაროების სცენარი. COVID-19-მა ცხადჰყო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს შეიძლება სტივენ სოდერბერგის ფილმში გავიღვიძოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად ჩვენს ნებაზე არ იქნება დამოკიდებული საფინალო ტიტრების გაშვება.

ზოგადად, დღეს ადამიანების ნებაზე ცოტა რამაა დამოკიდებული და ჩვენი შფოთვის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეს უსუსურობის განცდაცაა. ამ უსუსურობის განცდას ვებრძვით, ვებრძვით მათ შორის წიგნებით, მუსიკით, იოგით, კულინარიით და უპირატესად იუმორით. შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ კარანტინის დაძაბული პირველი კვირების გადატანაში უმთავრესად სოციალური ქსელების პანდემიური იუმორი დაგვეხმარა. სიცილი საჭიროა, როდესაც იცინი ნაკლებად გეშინია, ალბათ ესაა იმის მიზეზიც რომ გაჩერებულ მსოფლიოში, იუმორისტული გადაცემები, შეცვლილი ფორმატებით მაგრამ მაინც გრძელდება და ასე თავისი ბიბლიოთეკებიდან თუ ავტოფარეხებიდან ჰალსტუხების გარეშე ჩართული სტივენ კოლბერი, ტრევორ ნოა თუ ჯონ ოლივერი ისევ ცდილობენ მაყურებლის გაღიმებას.

მუსიკის ღმერთებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ რომჩეულებრივი მოკვდავები არიან (Nice try Keith Richards). ასე და ამგვარად Rolling Stones-მა სახლში გამოკეტილ მსმენელებს შეახსენა რომ ყოველთვის ვერ მივიღებთ იმას რაც გვინდა, განსაკუთრებით მოჩვენებების ქალაქში. ყველა Rolling Stones ვერ იქნება, ამიტომაც ჩვენი ყოველდღიურობა კრეატიულთან ერთად სოლიდარობის პათეტიკური და უნიჭო პერფორმანსებითაც გაივსო, თუმცა ესეც გავლილი თემაა და განხილვადაც აღარ ღირს, იმ ისტორიების მსგავსად თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოსა თუ აშშ-ში ვირუსის დამარცხებას ცხელი წყლისა თუ ჭურჭლის სადეზინფექციო საშუალებების მიღების გზით.

რეალობასთან შეგუების კიდევ ერთმცდელობად მივიჩნევ არსებულ ვითარებაში დადებითი ასპექტების ძიებას, ეს ალბათ განსაკუთრებით იმ ხალხს ეხება კარანტინს საყვარელ ადამიანებთან ყოფნის, კითხვისა და ფილმების ყურებისთვის იდეალურ შესაძლებლობად რომ წარმოაჩენენ. განსხვავებით, კარანტინის სახლში შვებულებად მიჩნევის ტენდენციიისგან, მაღიზიანებს ბუნების დაცვის მიზნებით პანდემიის ტრაგედიის პოზიტიური პერსპექტივით წარმოჩენის მცდელობები. მსოფლიოში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბების ფონზე, რეალურად არ-არსებული დელფინების ნაცვლად, თვით ტიციანი, მარკო პოლო ან ვივალდი რომ დაბრუნებოდნენ მშობლიურ ვენეციას, ესეც ვერ გაამართლებდა კარანტინის ბუნებაზე დადებითი ზეგავლენით აჟიტირებას. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მგონია, რომ პერსპექტივაში კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი, ასეთ ვითარებაში პანდემიის დადებითი ან უარყოფითი ასპექტების ძიება კი არა, არამედ შექმნილი რთულ ვითარების მიღმა არსებული ახალი შესაძლებლობების დანახვა და სწორად გამოყენებაა.

რეალურად,პანდემიამ შექმნა უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ადამიანის მიერ ბუნებაზე მავნე ზემოქმედების სავალალო შედეგებზე, ის, რასაც ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ, ბევრი 17 წლის შვედი ბავშვის პოპულიზმად მიიჩნევდა, დღეს რიგითი ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა.

COVID-19-მა კიდევ უფრო ნათელი გახადა თანამედროვე მსოფლიოში მულტილატერალიზმის მნიშვნელობა. პანდემიამ ცხადჰყო, რომ თანამედროვე სამყაროში,სადაც ჩინეთის პროვინციიდან ვირუსის გავრცელებიდან სულ რამდენიმე თვეში იგი მსოფლიო პანდემიად იქცევა, იზოლაციის პოლიტიკა განწირულია. პანდემია ყოველდღიურად წარმოაჩენს კრიზისულ ვითარებაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობას.

უშუალოდ ჩვენ კი შექმნილმა კრიზისმა კიდევ ერთხელ მკაფიო დაგვანახასაით არიან მეგობრები და სად არის მტერი. მაშინ, როდესაც COVID-19-სგან ყველაზე მეტად დაზარალებული აშშ-მ 140 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო ჩვენს ქვეყანას, ჩრდილოელი მეზობელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრესიული ბორდერიზაციით იყო დაკავებული, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი 183 მილიონი ევროთი გვეხმარება, რუსეთის ფედერაციის სამთავრობო მედია საშუალებები მოსახლეობას ამცნობენ რომ კორონავირუსი საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება.

პანდემიასთან დაკავშირებულ კიდევ ბევრ ძალიან საინტერესო ამბავზე შეიძლება საუბარი, თუმცა ერთი რამ ნათელია, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს დღეს ყველანი ერთ ნავში ვართ, ერთნაირად შეშინებულები, ერთნაირად მოწყენილები, ერთნაირად გაურკვეველ მდგომარეობაში. მართალია, კარანტინი ნამდვილად კოშმარია და ვერც კამიუ, ვერც Rolling Stones თუ ტომ იორკი და ვერც საყვარელი სიტკომები ვერ გააკეთილშობილებს საბოლოოდ ამ ჯოჯოხეთურ გამოცდილებას, მაგრამ ეს ყველაფერი მენტალური მდგრადობის შენარჩუნებაში და დროის მოგებაში გვეხმარება, ეს კი ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,ბეჭდების მბრძანებელში გენდალფის პერსონაჟი ამბობს რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ დროებას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის გადავწყვიტოთ რა ვუყოთ იმ დროს რომელიც მოგვეცა. მართალია, დღეს ცოტა რამის განსაზღვრა შეგვიძლია და კიდევ უფრო ცოტა რამ ვიცით პანდემიის მომავალზე, თუმცა ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას - ერთ დღესაც იგი აუცილებლად დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG