Accessibility links

logo-print logo-print

პანდემიის ხარჯები 2021 წლის ბიუჯეტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 დეკემბერს


კიდევ უფრო გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი და კოვიდი - სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ, საბოლოო პროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 30 ნოემბერს წარუდგინა, წინა ვერსიისგან განსხვავებით, ასახულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. თუმცა ბევრი რამ ისევ ვაქცინის დროულად შემოსვლის იმედს უკავშირდება და, ექსპერტების შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი ზედმეტად ოპტიმისტურად, არარეალისტურად არის დაგეგმილი. ამასთან, კრიტიკის საგნად რჩება ბიუროკრატიული ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა - იქნება ეს სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურება თუ სხვა.

ბიუჯეტის დაგეგმილი ხარჯი 12 მილიარდ 778 მილიონ ლარს აღემატება და ეს მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2019-2020 წლებთან შედარებით, ასევე მილიარდზე მეტი ლარით არის გაზრდილი პროექტის წინა ვარიანტთან (11 მილიარდ 563 მილიონი ლარი) შედარებითაც.

რა ხარჯებსა და შემოსავლებს უყრის კენჭს თვის ბოლომდე ახალი მოწვევის პარლამენტი? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა დაადგინა დამოუკიდებელმა ექსპერტმა კარტოგრაფების საქმეზე

30 ნოემბერს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა წარუდგინეს. ამით დაცვის მხარე აჩვენებდა, რომ მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფიული და იურიდიული თვალსაზრისით გამოუსადეგარია.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც დაკავებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მსჯელობდნენ, სპეციალისტის მიერ მომზადებულ დასკვნას „კვაზიექსპერტიზის დასკვნა" უწოდა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მისი ავტორი პოლიტიკოს გიგი უგულავას ძმაა.

ირაკლი უგულავა, გეოგრაფი, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და კარტოგრაფიის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და კომპანია GeoLand–ის დამფუძნებელი, მართლაც არის პოლიტიკოს გიგი უგულავას ძმა. ამ ფაქტს არც ივერი მელაშვილის ადვოკატი და არც თავად ირაკლი უგულავა არ უარყოფენ.

რა უნდა დაედგინა დამოუკიდებელ ექსპერტს და რას პასუხობს ირაკლი უგულავა ბრალდების მხარეს, წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

წინა 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა. ამის მიუხედავად, მცირედით იკლო თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. თუკი 30 ნოემბერს ქვეყანაში 3 216 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 დეკემბერს ეს რიცხვი 3 759-მდე გაიზარდა. თბილისში კი ინფიცირების მაჩვენებელი 1 622-დან 1 595-მდე შემცირდა.

კორონავირუსის შედეგად 36 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანულ ჰოსპიტალში 19 წლის კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე ის კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა და გერმანულ ჰოსპიტალში 24 ნოემბერს გადაიყვანეს.

წაიკითხე მეტი.

ნატო საქართველოსა და უკრაინასთან იმსჯელებს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გაძლიერებაზე

გუშინ დაიწყო ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ზრდის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, თუმცა ხედავს, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში აძლიერებს სამხედრო ყოფნას, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში ნატოს ყოფნა.

გენერალური მდივნის ინფორმაციით, ამ საკითხზე დღეს იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

წაიკითხე მეტი.

UNICEF: საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 %-ს სახლში ინტერნეტი არ აქვს

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე.

„ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ”, - აღნიშნულია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

წაიკითხე მეტი.

საქართველო 4000 ფლაკონ რემდესივირს ყიდულობს - რატომ ახლა?

საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ რემდესივირში. პრეპარატს შეიძენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.

თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ როგორც კოვიდინფიცირებული, მკურნალობისას რემდესივირს იღებდა, რომელიც მას საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დათანხმდა რემდესივირის შეძენას, ცერცვაძემ 1 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეაფასა პრეპარატის ეფექტიანობა და თქვა, რომ რემდესივირი არ განიხილება „როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის”.

რა მოლოდინი არსებობს პრეპარატის მიმართ და რა გეგმა აქვს ქვეყანას რემდესივირთან დაკავშირებით?

წაიკითხე მეტი.

თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი გრძელდება. ღამით „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაცია ჭავჭავაძის გამზირზე დაამონტაჟა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG