Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტს სამი დეპუტატი დაემატა - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 იანვარს


პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" გავლით - რა სურთ ბიზნესმენ დეპუტატებს?

აქამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებულ მეათე მოწვევის პარლამენტს გუშინ კიდევ 3 დეპუტატი დაემატა. ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები არიან. გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს და პარლამენტშიც მათ ნაცვლად შევიდნენ. პარლამენტში კიდევ არის ამავე პარტიიდან ერთი დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე. ის პროპორციული სიით გამარჯვებული კანდიდატია, რომელმაც უარი თქვა მანდატის გაუქმებაზე.

გუშინ ოთხივე დეპუტატმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებენ.

პარლამენტში გუშინ შესული დეპუტატები ბიზნესმენები არიან და ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ დამფინანსებლები იყვნენ ბოლო არჩევნებზე. 4 იანვარს, როცა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა არც უცდიათ და მათ თავისუფალი არჩევნის საშუალება მიეცათ.

რა ვიცით პარლამენტის ახალი წევრების შესახებ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში და კორონავირუსის ახალი შტამი

5 იანვარს საქართველოში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა წინა დღეებთან შედარებით იმატა. ერთ დღეში 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი.

COVID-19-ის ახალი შტამის, B117-ის შესახებ დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის ეს ვარიანტიც კლინიკურად ისე ვითარდება, როგორც მისი აქამდე ცნობილი ფორმა. შესაბამისად, მისგან დაცვის იგივე გზებია ეფექტური - პირბადე, დისტანცია და ხელის ხშირი დეზინფექცია.

5 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას ასევე უთხრა, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია, თითქოს ახალი შტამი მეტად აზარალებს ახალგაზრდებს. ამ დრომდე საქართველოში „ბრიტანული შტამის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. ის 50 წლის მამაკაცია. ვიცით, რომ მისი ყველა კონტაქტი ამ ეტაპზე შესწავლილია. ყველამ გაიარა 14-დღიანი კარანტინი.

მეტი დეტალი „ბრიტანული შტამის“ კორონავირუსის შესახებ წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ტრამპის მომხრეები აქციისთვის, კონგრესი კი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად ემზადება

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეებმა 5 და 6 იანვარს დაგეგმეს აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები ფართო მასშტაბით გაყალბდა.

საპროტესტო გამოსვლები ემთხვევა 6 იანვარს კონგრესში კენჭისყრას, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, დაამტკიცებს 3 ნოემბრის არჩევნების შედეგს.

ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დამთხვევის გამო ვაშინგტონის მერმა ეროვნული გვარდიის მობილიზება მოახდინა.

წაიკითხე მეტი.

ხუნდაძე გახდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გახდა დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო დელეგაციაში „ქართული ოცნების" კიდევ ორი წევრი არის გაერთიანებული: ირაკლი ქადაგიშვილი და ზაზა ლომინაძე.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საქართველოში აქტუალური 2019 წლის 20 ივნისიდან გახდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვმა, თბილისში მიმდინარე სესიის ფარგლებში, ასამბლეის თავმჯდომარის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა მონაწილე 23 ქვეყნის დელეგატებს. ამ ფაქტს ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოჰყვა, შემდეგ კი პროტესტმა პარლამენტის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირმა გამოაქვეყნა „კრემლის პროპაგანდის მარცხის“ რეიტინგი

ევროკომისიის საინფორმაციო პროექტმა EuvsDisinfo-მ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს „ფეიკნიუსების“ გამოაშკარავება, გამოაქვეყნა 2020 წლის ყველაზე ცნობილი, მათ შორის, კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული, პროპაგანდისტული ჩავარდნების რეიტინგი.

მასში პირველი ადგილი დაიკავა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარშემო განვითარებულმა სიტუაციამ, რომელსაც ექსპერტები უწოდებენ „რუსეთის სახელმწიფოს დიდ სირცხვილს“. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა თავად პოლიტიკოსის მოწამვლა, არამედ იმ ოპერაციის წარუმატებლობა, რასაც თან ახლდა „აშკარა არაპროფესიონალიზმი“ როგორც ნავალნის მოწამვლის შემსრულებელთა, ასევე მათი მხრიდან, ვინც „ალტერნატიულ ვერსიას ავითარებდა“.

სიაში მოხვდა ვაქცინაციის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და კიდევ ბევრი ინტერნეტმითი, რომლებიც გასულ წელს სოციალურ ქსელებში აქტუალური იყო.

წაიკითხე მეტი.

ბრძოლა ქუჩისათვის

ქუჩები იმახსოვრებენ თავიანთ ძველ სახელებს და ძნელად ელევიან მათ. თბილისში დღემდე გაიგონებთ „პეროვსკაიას ქუჩას“, „ჩელუსკინელების ხიდს“, „ვორონცოვის მოედანს“, „პავლოვს“ და ა.შ. მართალია, აღარავინ ამბობს „ლენინის მოედანს“ ან „სტალინის სანაპიროს“, მაგრამ, გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით, ზოგიერთი ძველი სახელი დღემდე უწევს კონკურენციას ახალს, მაგალითად, „ელბაქიძის დაღმართი“ - „მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას“, რომელიც „სულ ადრე“ ვერის დაღმართის სახელით იყო ცნობილი.

კაცობრიობამ ქუჩებისა და მოედნებისათვის სახელის შერქმევა დაიწყო უხსოვარი დროიდან, როდესაც ფუნქციური დანიშნულებით მოიხსენიებდნენ ამა თუ იმ ადგილს. „ძველი და ახალი თბილისის ქუჩების ცნობარის“ ავტორის, ც. ოდიკაძის, თქმით, ასე გაჩნდა საუკუნეების წინ თბილისში მტკვრის ქუჩა, ღვინის აღმართი, რომლებსაც მოჰყვა „სასამართლოს“, „ძღომის“ (ობჟორნაია), „საქეიფო“ (კუტილოვკა) და სხვა ქუჩები.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

კერამიკოსი ლია ბაგრატიონი ის არტისტია, რომელიც, ბევრი სხვა მხატვრისგან განსხვავებით, შინ ან, თუნდაც, სახელოსნოში ვერ იმუშავებს. ლია, კარგა ხანია, უპირატესობას ანიჭებს შემოქმედების თანამედროვე ფორმებს - ინსტალაციას, ვიდეოს... გარდა ამისა, თიხაზე მუშაობა წარმოებას, ქარხანაში ყოფნას გულისხმობს. ეს სივრცე კი ლიასთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსი დაუდგინდა. „ყველა წესს ვიცავდი, მაგრამ კოვიდს ვერ გადავურჩიო”, ამბობს ლია ბაგრატიონი.

ლია გვიამბობს ვენეციის 2019 წლის ბიენალეზე გათამაშებულ ერთ პერფორმანსზე, რომელიც, მისი აზრით, პანდემიის წინასწარმეტყველებაა. იმასაც ამბობს, რომ თიხა, რომელშიც მუშაობს, „მეხსიერებას ინახავს”, ამიტომ არაა გამორიცხული, გასულ წელს შექმნილმა მისმა ნამუშევრებმაც შეგვინახოს „კოვიდის წელი”, რომელიც ლია ბაგრატიონმა თვითიზოლაციაში ყოფნისას გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG