Accessibility links

პასუხი ბატონ გიორგი სიხარულიძეს


ავტორი: გაგა ჩხეიძე

ბატონო გიორგი,

გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და აქვე გილოცავთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებულ ჯილდოს - ოქროს პრომეთეს - 2019 წლის საუკეთესო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.

მადლობა კონსტრუქციული ღია წერილისთვის, რომელიც, თქვენი თქმით, „კინოცენტრის სამომავლო რეფორმების ჭრილში“ უნდა განვიხილო. ასეც განვიხილავ, რადგან იმედი მაქვს, რომ თქვენ არ წერთ არ-დაფინანსების გამო განაწყენებული კაცის პოზიციიდან, არამედ მართლა შეგტკივათ გული კინოცენტრის განვითარებაზე, საკონკურსო და საექსპერტო კომისიის დებულებების დახვეწაზე და ზოგადად ქართულ კინოზე. ასე რომ არ იყოს, არ გიპასუხებდით, ისევე, როგორც არ ვპასუხობ ბოღმით და გესლით სავსე არაარგუმენტირებულ ფეისბუქ-პოსტებს და კინოცენტრში მოვარდნილ უნიჭო კლოუნებს.

მე მესმის, რამდენად მტკივნეულია დაფინანსების ვერ-მოპოვება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 144 ქულა 162 შესაძლებლიდან და მეხუთე ადგილი 32 პროექტს შორის, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია. კინოცენტრს რომ ჰქონოდა უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობა, თქვენი პროექტიც დაფინანსდებოდა სხვებთან ერთად.

თქვენს წერილში გამოთქმული საყურადღებო შენიშვნები ძირითადად შეეხება კომისიის წევრების კომპეტენციას და მათ ვალდებულებებს პროექტების შეფასებისას. თქვენ ყურადღებას ამახვილებთ ასევე ჩემს მოვალეობაზე, უფრო მომთხოვნი ვიყო კომისიის წევრების მიმართ, ჩავუტარო მათ „ტრენინგები“ და ვაწარმოო მათი საქმიანობის მონიტორინგი.

გეთანხმებით, რომ კომისიებთან უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ, რათა არც ქულებმა და არც კომენტარებმა არ დატოვოს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. თუმცა თქვენც უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომისიის წევრები არიან ადამიანები, და არა რობოტები, რომელთა წინასწარ დაპროგრამება იქნებოდა შესაძლებელი. კომისიის წევრის კომპეტენციას განსაზღვრავს მისი განათლება, გემოვნება, წარმოსახვის უნარი და, რა თქმა უნდა, გამოცდილება. კომენტარების წერის მანერა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს და შესაძლოა, ხშირ შემთხევაში მოგეჩვენოთ, რომ ქულები და არგუმენტაცია აცდენილია, ან არადამაჯერებელია. ამიტომ ასე ადვილად ნუ მიაკრავთ არაკომპეტენტურობის იარლიყს თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებს.

მოგეხსენებათ, რომ პროექტების შეფასების უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. უნივერსალური მეთოდოლოგია ჯერ არავის შეუქმნია. ზოგი შეფასება ანონიმურია, ზოგი - ღია, ზოგჯერ პროექტი ერთი საერთო ქულით ფასდება, ზოგჯერ - ქულათა ჯამით. ხშირ შემთხვევაში კომენტარები საერთოდ არ იწერება, იწერება მხოლოდ ქულები. ან იწერება ერთი საერთო შეფასება, რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს. პირადად მე არ მომწონს და არც მჭირდება ქულების სისტემა, რომელიც ხშირად უბრალო არითმეტიკაა და რომელმაც შესაძლოა განწყობის და ამინდის შედეგადაც კი განიცადოს ცვლილება. მე მჭირდება პროექტების რეიტინგული სია, რომელიც მიჩვენებს, თუ 26 პროექტიდან რომელ პროექტებს ანიჭებს საბოლოო ჯამში უპირატესობას კომისია. და ესეთი სია ამ კომისიამ საბოლოოდ დადო კიდეც. პირველ და მეორე ადგილზე გავიდა ორი ღირსეული პროექტი, რომლებმაც კომისიის ექვსი წევრიდან ხუთის უმაღლესი შეფასება - 27 ქულა - დაიმსახურა. და ეს ფაქტი სრულიადაც არ აკნინებს თქვენს პროექტს.

მე მჯერა, რომ ყველა კონკურსში, რომლებიც 2019 წლის მაისის შემდეგ ჩატარდა, სრულიად სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური შედეგები მივიღეთ. ამიტომ ვერ მივიღებ შენიშვნას კომისიების არაკომპეტენტურობის თაობაზე. თუმცა ვაღიარებ, რომ კომისიის წევრებმა უფრო კარგად ჩამოყალიბებული, დიფერენცირებული კომენტარები და დასკვნები უნდა მოგვაწოდონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება.

ასევე განსხვავებულია კომისიის შედგენის პრინციპი სხვადასხვა ფონდში და ქვეყანაში. როცა კინოცენტრში მივედი, ზედმიწევნით გავეცანი კომისიის შექმნის თემაზე ჩატარებული 20 (!) სხდომის ოქმს, რომლებშიც უამრავი, ხშირ შემთხევაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრებებია დაფიქსირებული. ეროვნული კინოცენტრი საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა ერთ პრინციპზე. ლოტოტრონის კრახის შესახებ ალბათ ინფორმირებული ხართ. თუ სურვილი გექნებათ, ამ ოქმებს აუცილებლად მოგაწვდით.

მე მიმაჩნია, და თქვენც არ ფიქრობთ სხვაგვარად, რომ კომისიის შექმნის პრეროგატივა დირექტორს უნდა ეკუთვნოდეს. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას კინოცენტრის კომისიებზე. ზოგადად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში ფრიად რთულია კომისიის შედგენა და მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ კომისიაში მოვიწვიო უპირველეს ყოვლისა პატიოსანი, მიუკერძოებელი, პროფესიონალი, შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც პროექტის პოტენციალის დანახვა შეუძლიათ სამივე ასპექტის - სცენარის, რეჟისორის, პროდიუსერის შესაძლებლობების გათვალისწინებით. უნდა ვთქვა, რომ პირადად მე (ერთი სამწუხარო გამონაკლისის გარდა) აბსოლუტურად ვენდობი იმ ექვსივე კომისიის წევრებს, რომლებიც ბოლო დროს შეიქმნა.

გულახდილად უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრი კინემატოგრაფისტს მხოლოდ საკუთარი მეგობრები და თანამოაზრეები სურს იხილოს კომისიებში. ასევე ხშირია „ჩაწყობის“ და კომისიის წევრებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის მცდელობა. სწორედ ამიტომ, და მოსალოდნელი ლანძღვა-გინების გამო ბევრი პროფესიონალი კინემატოგრაფისტი უარს ამბობს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

ეროვნული კინოცენტრი ღიაა ყველა კინემატოგრაფისტისთვის, ვინც კონსტრუქციული წინადადებებით მოდის ჩვენთან. კინოცენტრის ყველა თანამშრომელი კარგად აცნობიერებს, რომ ეროვნული კინოცენტრი ქართული კინოსექტორის განვითარებისთვის არსებობს.

ჩვენს დებულებებში და კანონშიც უკვე ბევრი რამეა შესაცვლელი. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ღია დისკუსიები და მსჯელობა „სიტუაციის გაუმჯობესების“ მიზნით. თქვენც გიწვევთ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად. სიამოვნებით მოგისმენთ.

ასევე, აქვე, ღიად მსურს მოგიწვიოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც ახლა ვაყალიბებ. თქვენი გამოცდილება აუცილებლად გამოადგება კომისიის მუშაობას.

ბოლოს მსურს იმ მოლოდინზე გავამახვილო ყურადღება, რომელზეც თქვენ საუბრობთ: „როდესაც კინოცენტრის დირექტორად დაინიშნეთ, ჩვენს კინოინდუსტრიაში გაჩნდა იმედი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა და თქვენ იქნებოდით ის ადამიანი, რომელიც დიდ რეფორმებსა და წინსვლას გაუძღვებოდა.“

არ მსურს, იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩემს შემდეგ (2008) და ისევ ჩემამდე (2019) ყველაფერი არასწორად კეთდებოდა, და რევოლუცია იყოს საჭირო, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები ნამდვილად დგას დღის წესრიგში. მე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებით დავიწყე და თანდათან გადავალთ კინოკანონისა და დებულებების რევიზიაზე, ასევე უფრო მეტი აქცენტები დაისმება ისეთ მიმართულებებზე, რომლებსაც, ჩემი აზრით, სათანადო ყურადღება ბოლო წლებში არ ექცეოდა. რეფორმების და სიტუაციის გაუმჯობესების დრო დადგა, ამავე დროს სიმართლის თქმის დროც დადგა. თუ წარსული კრიტიკულად არ გავიაზრეთ, წინ ვერასდროს წავალთ.

გპირდებით, რომ ეროვნული კინოცენტრი ყველა მიმართულებით (კინოპოლიტიკა, წარმოება, ექსპორტი, განათლება, მემკვიდრეობის დაცვა, დისტრიბუცია, კინოხელოვნების პოპულარიზაცია) გააუმჯობესებს მუშაობას. შესაძლოა მილიარდი ვერ მოვიძიო კინოცენტრის ბიუჯეტის შესავსებად, მაგრამ იმას მაინც მინდა მივაღწიო, რომ კინოცენტრმა აღარ დააფინანსოს ისეთი მდარე ხარისხის კინო, როგორიცაა, მაგალითად, გია კაჭარავას „კაცი“, და თავისი ფინანსური თუ სხვა შესაძლებლობები უფრო პერსპექტიულ და ნიჭიერ შემოქმედებს მოახმაროს. ასეთები კი უკვე მოვიდნენ ქართულ კინოში.

რეფორმებისა და დაფინანსებისთვის ბრძოლაში ახალგაზრდა, გულწრფელი და პატიოსანი თაობის მხარდაჭერის იმედი მაქვს, სხვაგვარად ეს ბრძოლა დამარცხებისთვის იქნება განწირული. ჩვენ კი (მეც და კინოცენტრიც) მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.

გაგა ჩხეიძე

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG