Accessibility links

პასუხი ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ბატონ გაგა ჩხეიძეს


ავტორი: გიორგი სიხარულიძე

ბატონო გაგა,

პირველ რიგში, მადლობა კეთილმოსურნე პასუხისთვის. ნამდვილად მისასალმებელია, რომ კინოცენტრის დირექტორი ისმენს კონსტრუქციულ კრიტიკას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას გვპირდება. ასევე, დასაფასებელია თქვენ მიერ დანიშნული კომისიის ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის აღება. დიალოგის დაწყება და ერთმანეთის მოსმენა უკვე დიდი ნაბიჯია კინოსექტორის განვითარების მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავს უფლებას მივცემ და ჩემ შენიშვნებს და მოსაზრებებს დავაკონკრეტებ.

თქვენი პასუხიდან კარგად ჩანს, რომ თქვენ არ ხართ ტოლერანტული არაარგუმენტირებული კრიტიკის მიმართ, იქნება ეს ფეისბუქ-პოსტები თუ „უნიჭო კლოუნები.“ მეც ვიზიარებ აზრს, რომ ნებისმიერი რაციონალური ადამიანისთვის არაარგუმენტირებული კრიტიკა მიუღებელი უნდა იყოს, მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ თქვენ მიერ დანიშნულმა კომისიამ არაერთი არაარგუმენტირებული შეფასება დამიწერა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის კონკურსის შემდეგ, სადაც ვერ გავიმარჯვეთ, აღნიშნულმა ხარვეზებმა უკვე იჩინა თავი. ვინაიდან დირექტორად ახალი დანიშნული იყავით, ამაზე ყურადღება არ გავამახვილეთ, იმ იმედით, რომ სამომავლოდ სიტუაცია გამოსწორდებოდა, მაგრამ მეორე კონკურსის მერე გამოჩნდა, რომ ამ პრაქტიკამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო და ამიტომაც, როგორც თქვენ ამბობთ, სიმართლის თქმის დრო ნამდვილად დადგა.

რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ჟიურის წევრები პატიოსანი და მიუკერძოებელი ადამიანები არიან და არც მათ „დაპროგრამებას“ გთხოვთ. ისიც გასაგებია, რომ ყველა ადამიანს თავისებური წერის მანერა აქვს, ისევე როგორც ყველა რეჟისორს თავისი გადაღების სტილი, მაგრამ აქ საუბარი არა წერის მანერაზე, არამედ დაწერილის შინაარსზე მაქვს, კერძოდ ასრულებს თუ არა კომისიის წევრი მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმოადგინოს მინიჭებული ქულების არგუმენტაცია. ცხადია, რომ კინოინდუსტრიაში არსებობს შეფასებების სხვადასხვანაირი მეთოდები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია ჩვენ ეროვნულ კინოცენტრზე. ჩემთვის მისაღებია შეფასებების არგუმენტირებისა და შემდგომ გამოქვეყნების პრაქტიკა, რაც პროცესების გამჭვირვალეობაზე მეტყველებს. ამასთან ერთად სწორი შეფასება შეიძლება საკმაოდ სასარგებლოც აღმოჩნდეს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ არგუმენტაციის უფრო სერიოზულად აღქმაა საჭირო.

როგორც პირველ წერილში აღვნიშნე, კომისიაში იყვნენ ადამიანები ვის საქმიანობასაც გულწრფელად დიდ პატივს ვცემ, სწორედ იმიტომ, რომ თქვენი თქმის არ იყოს, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ მათ პროექტების სწორად შეფასება შეუძლიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია შერჩეულ ჟიურის ჩაუტაროთ მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც დეტალურად აუხსნით შეფასებების რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ. მაგალითისთვის მომყავს რამდენიმე პუნქტი:

1) უკლებლივ ყველა შეფასებაში მოყვანილი უნდა იყოს ქულების არგუმენტაცია, რომელიც თანხვედრაში იქნება მინიჭებულ ქულასთან;

2) არგუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი არა საკუთარი გემოვნების (რა მომწონს, არ მომწონს, ან როგორ კინოს გადავიღებდი), არამედ პროექტის მზადობის მიხედვით (რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა იკითხება, ან რას ჭირდება მეტი დამუშავება);

3) ვინაიდან პროექტების შეფასება სამ ნაწილად არის დაყოფილი (სცენარი, რეჟისორი, პროდიუსერი), ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს ამ ასპექტების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაგალითად, რეჟისორს არ უნდა ეძლეოდეს დაბალი ქულა მხოლოდ იმიტომ, რომ სცენარის მიმართ არსებობს გარკვეული კრიტიკა და პირიქით.

4) მიუღებელია ერთი და იგივე ზერელე კომენტარის, როგორიცაა მაგალითად „პროექტი საინტერესოა,“ სცენარის და რეჟისორის გრაფაში უბრალოდ გადაკოპირება. ისევ და ისევ, თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს რამდენად საპასუხისმგებლოა მისი არგუმენტაცია.

5) კომისიის წევრი, რომელიც სცენარში არსებულმა ბილწსიტყვაობამ, ანდა „ზედმეტად ნატურალისტურმა და ბინძურმა დიალოგმა“ გააღიზიანა, არ შეიძლება ამას შეფასების არგუმენტად იყენებდეს. (მსგავსი ცენზურა ერთხელ უკვე გამოცდილი გვაქვს).

6) კატეგორიულად მიუღებელია შეფასებაში ირონიული, ცინიკური და დამცინავი ტონის გამოყენება.

7) არგუმენტაცია უნდა იყოს მოყვანილი გასაგებ ენაზე და არა რებუსებით, ანუ შეფასება უნდა იყოს მკაფიო და ნათელი და არა „მკაფიო“ და „ნათელი.“

ეს უკანასკნელი, ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ნინო ძანძავას შეფასებიდან გახლავთ. ქალბატონ ნინოს მოღვაწეობას, იქნება ეს საქართველოს კინომემკვიდრეობის თუ კინო კრიტიკის დარგში, უკვე დიდი ხანია განსაკუთრებული პატივისცემით ვადევნებ თვალყურს. ზუსტად ამიტომ, მისმა პასუხმა ყოვლად იმედგაცრუებული და განხიბლული დამტოვა. დამერწმუნეთ, საერთოდ არ არის ადვილი ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანებისთვის „არაკომპეტენტურობის იარლიყის“ მიკრობა, მაგრამ რადგან საკითხი ეხება კომისიის მუშაობის დახვეწას და ზოგადად კინოცენტრის განვითარებას, ამის გაკეთება უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელია.

საკუთარი კომენტარების გამართლების მცდელობაში, ქალბატონმა ნინომ პირიქით, კიდევ უფრო საგანგაშო აზრი გამოთქვა, როცა აღიარა, რომ მისი შეფასება „ბანალური და ღიად ირონიული“ იყო, რაც დამეთანხმებით არა მხოლოდ ყოვლად შეუფერებელი, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. ჟიურის წევრი უნდა იყოს კორექტული და ობიექტური, და არა დამცინავი და ირონიული. დარწმუნებული ვარ, რომ არც თქვენთვის არის მისაღები საქმის მიმართ ასეთი მიდგომა.

ამავე წერილში, მან ერთი გაუგებარი აზრიც გამოთქვა, რომ მისი სიტყვები „რეჟისორის ხედვა მკაფიო და ნათელია“ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში არ უნდა გავიგოთ. შეიძლება არც თქვენ და არც ქალბატონი ნინო ჩემ ადგილას არასოდეს ყოფილხართ და არ დაგჭირვებიათ კომისიისთვის კონკრეტულად „რეჟისორის ხედვის“ ახსნა, რისი სათანადოდ გადმოცემაც საკმაოდ რთულია. ჩათვალეთ, –რომ ადამიანს უნდა „დაანახოთ“ ჯერ არგადაღებული ფილმი. ამიტომაც იყო ჩემი ვიზუალური პრეზენტაცია ასეთი გრძელი და ნიუანსური, სადაც დეტალურად აღვწერე როგორ ვხედავ ფილმის ატმოსფეროს, სტილს, ვისაუბრე კომპოზიციაზე, სუბიექტურ ხედვაზე, ფრაგმენტაციაზე, სივრცესა და გაუცხოებაზე, სიმეტრიისა და ასიმეტრიის მოხმარების სტრატეგიაზე, ფოკუსის ახალ, არატრადიციულ გამოყენებაზე და ჩემი ვიზუალური მიდგომის სხვა კომპონენტებზე. შესაბამისად როდესაც კომენტარში წერია, რომ „რეჟისორის ხედვა მკაფიო და ნათელია“ ძალიან რთულია ამის პოზიტიურ კონტექსტში არ დანახვა. მე ჩავთლვალე, რომ საქმე კარგად შევასრულე, რადგან ჩემი ხედვა გასაგებად და დეტალურად გამოვხატე, რასაც ჟიურის მხრიდან არანაირი შეკითხვა არ მოყვა. რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთ კონკურსში ჟიურის წევრი ირონიულ და ლამის დამცინავ შეფასებებს გააკეთებდა...

თქვენი აღიარების შემდეგ, რომ „კომისიის წევრებმა უფრო კარგად ჩამოყალიბებული, დიფერენცირებული კომენტარები და დასკვნები უნდა მოგვაწოდონ,“ გამიჩნდა იმედი, რომ შეფასებების კრიტერიუმების რევიზიისას, შეისწავლით იმ ხარვეზებს, რომელიც პირველ წერილში კონკრეტული ამონარიდების სახით მოვიყვანე.

ჩემი მხვრივ, მე მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ პროცესში, რომელიც მიმართული იქნება ქართული კინოს განვითარებისკენ. აქვე გთავაზობთ თქვენი ხელმძღვანელობით შეადგინოთ ერთგვარი საგანგებო კომისია, რომლის მიზანი იქნება დეტალურად შეისწავლოს ბოლო პერიოდის კონკურსების შეფასებები (დიდი ალბათობით სხვებთანაც იქნება მსგავსი ხარვეზები) და შემდგომ ამ მონაცემების გაანალიზებით, შეადგინოს შემაჯამებელი რეკომენდაციები, რომელსაც ყველა ახლად დანიშნული კომისიის წევრი გაეცნობა.

აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოკლემეტრეჟიანი ფილმების კომისიაში მოწვევისთვის, მაგრამ, მოგახსენებთ, რომ ჩემი განათლებისა და კინო გამოცდილების მიუხედავად, მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი საპასუხისმგებლო კომისიის წევრი და შესაბამისად სხვისი პროექტები არასოდეს შემიფასებია. ამიტომ, სიამოვნებით დაგთანხმდებით, თუკი ამ საქმის წარმატებით შესრულებისთვის ყველანაირი ზომები იქნება მიღებული.

ბოლოს კი, მინდა გითხრათ, რომ კარგად ვაცნობიერებ კინოცენტრის დირექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივესალმები თქვენ ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ქართული კინოს მომავალზე. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ დასახულ რეფორმებს წარმატებით და დროულად ჩაატარებთ. ჩემი მხრივ კი გარწმუნებთ, რომ ამ პროცესებში ჩართულობას გავაგრძელებ.

პატივისცემით,
გიორგი სიხარულიძე

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG