Accessibility links

ველოსიპედისტს, რომელსაც პატრული აჯარიმებდა, ჯარიმა აღარ დაუწერეს


გუგა ჩაფიჩაძე საკუთარ ფეისბუკზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც აცხადებს, რომ პატრულმა მისი 10 ლარით დაჯარიმება სცადა, მაშინ, როცა ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ჩაფიჩაძე აცხადებს, რომ ის გზის სავალ ნაწილზე, უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრაობდა, როცა პატრულმა გააჩერა. ამავე ვიდეოში კი პატრული მოქალაქეს პასუხობს, რომ პოლიცია მას მოუწოდებდა გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან, რაზეც ჩაფიჩაძემ უპასუხა, რომ კანონი იცოდა, მაგრამ არ გადავიდოდა.

გუგა ჩაფიჩაძის სიტყვებით, ის რომ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყო, სადაც მეტი ხალხი მოძრაობს, მეტი საფრთხე შეექმნებოდა დაინფიცირების.

ამბავი იმით დასრულდა, რომ კამათის დროს მათ გარშემო ხალხი შეგროვდა და როგორც გუგა ჩაფიჩაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას გამოესარჩლა:

„პატრულს უთხრეს, რატომ აჯარიმებ, აბა, სად იაროსო, თუმცა ხალხი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მაინც დამაჯარიმებდნენ იმ ათი ლარით“.

თუმცა გუგა ჩაფიჩაძემ ისიც გვითხრა, რომ ის არ არის ერთადერთი ველოსიპედისტი, ვისაც ეს პრობლემა შეექმნა და პატრული სხვებსაც მოუწოდებს იარონ არა გზის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე.

კანონში საგზაო მოძრაობის წესების შესახებ (მუხლი 43) წერია, რომ:

  • ველოსიპედის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკისა და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება.
  • ველოსიპედის, მოპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.
  • ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.

კანონის კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევისთვის აჯარიმებდა პატრული მოქალაქეს, რადიო თავისუფლებამ იკითხა შსს-ში, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ.

ამბავი განახლდება მათგან პასუხის მიღებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG