Accessibility links

პაციენტი #66


ავტორი: მარიამ მენთეშაშვილი

ამ წლის მარტის დასაწყისში ლონდონიდან ბოლოს წინა ფრენით გამოვიქეცი თბილისისკენ. გამოქცევა დაუგეგმავი იყო, რადგან დიდი ხნის მანძილზე თავს ვიქებდი მედიაში არსებული პანიკის მიუხედავად შენარჩუნებული სიმშვიდისთვის. ბოლოს მსოფლიოში მომძლავრებულმა სამედიცინო ნაციონალიზმმა შემაშინა და წამოვედი. სტამბულში ჩავფრინდი ისე, რომ არც ვიცოდი მეორე ფრენაზე მოვხვდებოდი თუ ვერ. როგორც კი ქართველების გეითს მივუახლოვდი, სხვების პარანოიულ ფიქრებშიც გავიხლართე: “შეგვიშვებენ საზღვარზე?”, “მე ყველაზე ცუდისთვის ვარ მზად”. ამ ფიქრებსაც სტოიკურად დავუხვდი, თავი შევიქე სიმშვიდის შენარჩუნებისთვის და თვითმფრინავში ჩავჯექი. საქართველოს საზღვარი წარმატებით გადაილახა, სახლიც მივედი და ვფიქრობდი, რამდენი რამ გადამხდა ბოლო პერიოდში მეთქი. მაგრამ, როგორც მერფის კანონი იუწყება: if anything can go wrong, it will. საქართველოში ჩამოსვილდან ერთ კვირაში ინფექციურში ღამის გათენების შემდეგ, დილით დამირეკა ექიმმა და მამცნო, მარიამ, იცით, თქვენ კორონავირუსი დაგიდასტურდათ.

ორი კვირა ინფექციურში გავატარე. პოსტ-საბჭოთა სამედიცინო არქიტექტურას მივჩერებოდი ორი კვირა. მსუბუქი პაციენტი ვიყავი, მხოლოდ ყნოსვა და გემო მქონდა დაკარგული. პანდემიისას სამედიცინო სისტემაში მოხვედრას უნიკალური ეიფორია ახლავს. თან ვაცნობიერებდი, მადლიერი უნდა ვიყო იმისთვის, რომ სამედიცინო დახმარების მიღება შემიძლია მეთქი, მაგრამ თან საკუთად ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე ყოველგვარი ძალაუფლების დაკარგვასთან შეგუება ძალიან მიჭირდა. ერთ-ერთი რამ, რაც დამეხმარა ამ მდგომარეობას გავმკლავებოდი ისევ ჩემი პროფესიული იდენტობა იყო. მოვირგე ეთნოგრაფის როლი და გადავწყვიტე ფოტოებზე აღმებეჭდა ჩემი ყოველდღიურობა კლინიკაში. ამ ოთახში, რომელშიც ორ კვირას ატარებ, მატერიალურ საგნებს საერთოდ სხვა მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოში კოვიდ-19-ის 66-ე დადასტურებული შემთხვევა ვიყავი. დილით კლინიკაში რომ იღვიძებ, ფეისბუქს სქროლავ და იცი, რომ სტატია სათაურით “საქართველოში ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა” შენ გეხება, მსუბუქად რომ ვთქვა, კომპლექსურ ემოციებს იწვევს. მეგობრებთან წუწუნის უფლებასაც არ აძლევ თავს, რადგან ბევრი ადამიანი შენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც - ფიზიკური. იმიტომ, პაციენტების ისტორიების გაზიარება და სამედიცინო სტატისტიკის მიღმა ადამიანების დანახვა მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს ფოტოებიც და ტექსტიც თერაპიაა, რომელიც იმედია ვინმე დილით კლინიკაში გაღვიძებულს ოდნავ მაინც დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG