პიკის მოლოდინში - ორი თვე კორონავირუსის გამოვლენიდან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები

27 აპრილი, 2020
ავტორი: გელა ბოჩიკაშვილი

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე თვის ათვლა 79 ინფიცირებულითა და 11 გამოჯანმრთელებული პაციენტით დაიწყო. ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა შეზღუდვების გამკაცრება.

ბოლო ერთ თვეში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. მათგან 6 გარდაიცვალა 149 კი განიკურნა. პირველი ერთი თვისგან განსხვავებით, მხოლოდ მარნეული და ბოლნისი აღარ არის ჩაკეტილი (გასული თვის თაიმლაინი).

27 მარტი

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ცხელების ცენტრები გაიხსნება. მინისტრმა თქვა ისიც, რომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა. მიზეზი ის იყო, რომ ტესტების ხარისხი ევროპაში დაიწუნეს. კორონავირუსის პანდემიის დროს გაუფასურებული ლარი კი დოლართან 19 თეთრით, 3,29 ლარამდე მყარდება. დღის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, 83-მდე იზრდება, გამოჯანმრთელებულთა კი - 14-მდე. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას საზღვარგარეთ დარჩენილი 1 000 მოქალაქის საკუთარი ხარჯებით ჩამოყვანა შესთავაზა.

28 მარტი

დილა აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით იწყება, მალევე პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება, აშშ-მ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1,1 მლნ დოლარი გამოყო.
იწყება მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმება - 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი დაინფიცირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 90-ს გაუტოლდა. ამ საღამოსვე ამირან გამყრელიძემ შიდა უკონტროლო გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.

29 მარტის

კვირა დილა ტრადიციულად ქადაგებით იწყება მართლმადიდებელ ეკლესიებში. სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიო, პატრიარქის თანამოსაყდრე კორონავირუსის გავრცელებას აბორტებსა და “სოდომურ ცოდვას” უკავშირებს. პარალელურად, საპატრიარქოს პრესსპიკერი ისევ ამტკიცებს, რომ ეკლესიებსა და მის ეზოებში ხალხის შეკრებით საგანგებო მდგომარეობის წესები არ ირღვევა, რადგან მრევლის წევრები უსაფრთხო დისტანციას იცავენ.

30 მარტი

ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში შაქრის მაკარონისა და ზეთის მარაგის შესავსებად მთავრობა 16 მლნ ლარს ხარჯავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კი მარნეულში მერიასთან რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება და აქცია მართავს. იუსტიციის სამინისტრომ პრევენციის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებული 780 თანამშრომელი ახალ სამუშაო პირობებზე გადაიყვანა - მათ პენიტენციურ დაწესებულებებში მოუწევთ ცხოვრება.
ამ დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას და ასევე, დადასტურდა, რომ ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი ქალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

31 მარტი

დილის 8 საათიდან საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. გარდა ამისა, 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა და ამ დროს გადაადგილების უფლება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე მოქალაქეებს მიეცათ. ასევე ცნობილი გახდა, რომ 7 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები ეწყობოდა. მოგვიანებით ამ ქალაქებს ახალციხე და თელავი დაემატა. დროებით დაიკეტა სავალუტო ჯიხურებიც.
მკაცრდება საჯარო სივრცეში შეკრების წესებით. თუ მანამდე ერთად ყოფნა 10 ადამიანს შეეძლო, ახლა 3-ზე მეტი საგანგებო წესების დარღვევად ითვლება. ამოქმედდა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144, რომელიც არსებული აკრძალვების შესახებ აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას. ამ დღეს საზღვარგარეთ მყოფი დღის ბოლოს კი საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ს უტოლდება.

1 აპრილი

დილა იმით იწყება, რომ ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელებული 21 პაციენტების რიცხვს ემატება. დღის პირველ ნახევარშივე შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კომენდანტის საათი 17-მა ადამიანმა დაარღვია. ასევე ცნობილი ხდება, რომ მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარის გამოყოფას გეგმავს. ითქვა ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ნაწილს, რომელიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიასა და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის კომუნალური გადასახადების საფასურს დაუფარავს. ირკვევა, რომ საქართველში ონლაინვაჭრობა სრულად იკრძალება.

2 აპრილი

კომენდანტის საათის ამოქმედების მეორე დღე 706 საჯარიმო ქვითრით სრულდება და 2,1 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა იწერება. რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი უდასტურდება, მთელი საკრებულო კი თვითიზოლაციაში გადადის. ამ დღეს უდასტურდება ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელსაც ვირუსი, ინფიცირების, სავარაუდო წყარო ფულია. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 134-მდე იზრდება. ორი აპრილიდან მთავრობა კვლავ უშვებს ონლაინვაჭრობას, სურსათისა და წამლების გარდა ახლა ონლაინ კომპიუტერული ტექნიკის შეძენაც შეიძლება.

3 აპრილი

გამკაცრებული წესებისა და მოწოდებების მიუხედავად, ეკლესია რიტუალების ჩატარების ტრადიციას არა, თუმცა დროებს ცვლის. მოძღვრები მრევლს ეკლესიაში საღამოს ლოცვებისთვის ადრე, 4 საათიდან ელოდებიან, საღამოს 8 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს, რადგან 9-დან კომენდანტის საათი იწყება. მარნეულში იღებენ საველე კლინიკებს, თუმცა სოფელ ქვემო ბოლნისს სრულად კეტავენ. დღის ბოლომდე 155-მდე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა შორის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმია. ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. ინფიცირებულებთან ერთად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28-მდე.

4 აპრილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი იღუპება. პროტოკოლის მიხედვით, 79 წლის ქალი განსხვავებული წესით უნდა დაკრძალულიყო. დღის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა 162-მდე იზრდება, გამოჯანმრთელებელთა რაოდენობა კი 36 ხდება.
ამ დღეს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ დაესწრება სააღდგომო ლიტურგიას. დღის ბოლომდე დაიხურა აგრარული ბაზრები შიდა ქართლის რეგიონში.

5 აპრილი

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი იღუპება. 81 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. დღის ბოლომდე 174-მდე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის ერთი ინფექციონისტია, რომელიც საჩხერის მერის ცოლია.

6 აპრილი

7-დან 16-მდე იზრდება ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა და კორონავირუსი უდასტურდება თბილისის ზღვის პოსპიტალის ორ თანამშრომელს. კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველო ნატოს სამედიცინო აღჭურვილობას სთხოვს. მოქალაქე პოლიციას კომენდანტის საათის დროს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასზე ხუთმა პოლიციელმა იძალადა. დღის ბოლოს კი ჯორჯიან ეარვეისის დირექტორი, რომან ბოკერია აცხადებს, რომ საპატრირქოსგან საჩუქრად ანგელოზების ხატი მიიღო. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ხატი იქნება ბორტზე ყოველთვის, როდესაც კომპანია, საზღვარგზრეთ დარჩენილი ქართველების ჩამოსაყვანად სპეცალურ რეისს დანიშნავს. ისვე აღნიშნავს, რომ მათი თვითმფრინავი აღდგომის ღამეს იერუსალიმიდან ცეცხლს ჩამოიტანს.

7 აპრილი

კორონავირუსი უდასტურდება თბილისის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს, საქართველოს პატრიარქი კი ექიმების რჩევით სამებაში ხარების დღესასწაულზე წირვას არ ესწრება. სახალხო დამცველი საკარანტინე სივრცეში არსებული მდგომარეობით ინტერესდება, მიეწოდებათ თუ არა მოქალაქეებს სრულყოფილი სამედიცინო და მათ შორის, ფსიქოლოგიური სერვისი. საკოორდინაციო საბჭო კი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. თბილისში იკეტება აგრარული ბაზრები.
ქვეყანაში 196-მდე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი უკვე 45-ს აღწევს. 3-მდე იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. პირველი ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების შესახებაც.

8 აპრილი

200-ს აჭარბებს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “საფარი” კი კარანტინში მყოფი ქალის ექიმის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს - ექიმმა ქალს ფილტვების მოსასმენად სრული გაშიშვლება მოსთხოვა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის, ეკონომიკის მინისტრი კი ქართული წარმოების ბაზარზე გამოჩენას აანონსებს. პარალელურად მკაცრდება კონტროლი ვანის მუნიციპალიტეტში და თერმოსკრინინგი იწყება.

9 აპრილი

200-ს აჭარბებს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “საფარი” კი კარანტინში მყოფი ქალის ექიმის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს - ექიმმა ქალს ფილტვების მოსასმენად სრული გაშიშვლება მოსთხოვა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის, ეკონომიკის მინისტრი კი ქართული წარმოების ბაზარზე გამოჩენას აანონსებს. პარალელურად მკაცრდება კონტროლი ვანის მუნიციპალიტეტში და თერმოსკრინინგი იწყება.

10 აპრილი

ლენტეხსა და ცაგერში ეწყობა 10 ბლოკ-საგუშაგო. კორონავირუსზე შესამოწმებლად კი გადაჰყავთ TV პირველის გადამღები ჯგუფი. მოგვიანებით გაირკვევა, რომ მათ ვირუსი არ აქვთ.

11 აპრილი

უცხოეთიდან საქართველოში გადმოჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული სამი მოქალაქე, მათ გარდა, ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე იზრდება, გამოჯანმრთელებულების კი 60-მდე იზრდება.

12 აპრილი

შეზღუდვების მიუხედავად, აღდგომამდე ერთ კვირით ადრე, ბზობას მართლმადიდებელი მრევლი ეკლესიებში იკრიბება.

13 აპრილი

აშშ საქართველოს დახმარებას განაგრძობს. ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანა საჩუქრად 2 000 სწრაფი ტესტის კომპლექსს მიიღებს. პარალელურად 272-მდე იზრდება საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის ხუთი სამედიცინო დაწესებულების პერსონალია, ვრცელდება ინფორმაცია ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებაც. ამავდროულად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში ინფიცირების ორი შემთხვევის დაფიქსირების გამო მკაცრი საკარანტონო რეჟიმი წესდება, დღის ბოლოს კი პრემიერი საპატრიარქოში მიდის.

14 აპრილი

საქართველოში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (30) ფიქსირდება (ჯამში 296), დღის ბოლოს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსი “უკვე ხალხში ტრიალებს”. ამ დღის მონაცემებით, უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, მათგან 9 გარდაიცვალა. მთავრობა ითხოვს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას. ცხადდება, რომ სააღდგომო დღეებისთვის სასაფლაოები დაიხურება, თუმცა კვლავ არ წესდება შეზღუდვები ეკლესიებზე იმის მიუხედავად, რომ უკვე ინფიცირებულია სასულიერო პირი და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი.

15 აპრილი

დღის პირველ ნახევარში მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პიკისთვის ემზადება, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი შალვა კეკელია სააღდგომოდ 2 000 კაცის შეკრებას მაინც აანონსებს. მთავრობის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მთავრობა შეთანხმდა - ელესიაში შეკრება არ აიკრძალა, მრევლს სოციალური დისტანციის დაცვა დაევალა. ეს შეთანხმება მოხდა მაშინ, როცა დაავადების კონტროლის ცენტრი კვლავ აცხადებდა, რომ მთალი საქართველო რისკჯგუფია და მძიმე შედეგებია მოსალოდნელი. საღამოს, 21:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში იკრძალება ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა.

16 აპრილი

ბოლო 24 საათში კიდევ ერთხელ ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა, დღის ბოლომდე კიდევ 4-ით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ქვეყანაში ამოქმედდა კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის დასადგენი აპლიკაცია. ამირან გამყრელიძე საჯაროდ პირველად მოუწოდებს მრევლს, რომ არ წავიდეს აღდგომის ღამეს ეკლესიაში. მისი თქმით, ქვეყანაში 336 ინფიცირებულიდან 16 სამედიცინო პერსონალია. ერთ-ერთი მოქალაქე თბილისში საპატრულო პოლიციას იძახებს და იგივეს მოუწოდებს ყველას. გიორგი ოკმელაშვილი ასე ცდილობს დაუპირისპირდეს ეკლესიის წინამღვრის მამა ანდრია ჯაღმაიძის მზადებას სააღდგომო ღამისთვის. სასულიერო პირი ეკლესიას ამზდებს მრევლის მისაღებად, რომელიც კომნდანტის საათამდე ეკლესიის შიგნით უნდა დარჩეს.

17 აპრილი

ღამის 00:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით საშვის არმქონე მანქანების მოძრაობა იზღუდება, ყველა მოქალაქე დახურულ სივრცეში კი ვალდებული ხდება პირბადე ატაროს. იკრძალება სასაფლაოებზე შესვლაც. კომენდანტის საათის გამოცხადებიდან გამოწერილი ჯარიმების მოცულობა კი უკვე 12 მლნ ლარს აჭარბებს. ამ დღეს უდასტურდება ვირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს. ახლა უკვე ბოლნისში. შეზღუდვის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომ მათ, კერძოდ კი მღვდლებს, სტიქაროსნებსა და მგალობლებს მანქანით მოძრაობის უფლება აქვთ. იმავეს დაადასტურებს 24 პარილს საქართველოს პრემიერიც ბრიფინგზე. აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებით 600 ათასი დოლარით ეხმარება, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება კი 100 ათას პირბადესა და 2 ათას ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს აგზავნის.

18 აპრილი

საქართველოში ჩამოდის 20 ათასი PCR ტესტი. ქვეყანას 394 ინფიცირებული ჰყავს, თუმცა მაინც არ იცვლება ეკლესიაში შეკრების წესი და მრევლი კომენდანტის საათის დადგომამდე იკრიბება. აღდგომის ღამეს სასულიერო პირებისგან განსხვავებით მრევლი ეკლესიაში ფეხით, კომენდანტის საათის დადგმომადე მიდის. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წირვას პატრიარქი აღავლენს, მაქსიმალურად ცდილობენ მოქალაქეებს შორის დისტანცია გააკონტროლონ. სხვა სიტუაციაა რეგიონებში - ბაგრატის ტაძარში ლიტანიობაში ერთად შეჯგუფებული მოქალაქეები მონაწილეობენ. მოსახლეობის უმრავლესობა აღდგომას სახლში, ფანჯრებთან ანთებული სანთლით ხვდება - ასე სრულდება ერთდროულად პატრიარქის ქადაგება და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაცია.

19 აპრილი

ქვეყანაში უცხოეთიდან ჯამში 6 747 მოქალაქე დააბრუნეს, საქართველოს კი კორონავირუსისგან განკურნებული უკვე 93 მოქალაქე ჰყავს. ირკვევა, რომ აღდგომის ღამეს კომენდატის საათის დარღვევისთვის ბოლო 18 დღეში ყველაზე ცოტა ადამიანს (71) აჯარიმებენ, შეკრებისა და დისტანციის წესის დარვევისთვის - 19-ს.

20 აპრილი

ირღვევა ტრადიცია და მოქალაქეები აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოებზე ვერ გადიან. ამ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე იზრდება, მათგან 95 გამოჯანმრთელებული, 4 კი გარდაცვლილია. უმრავლესობა აანონსებს, რომ საგანგებო მდგომარეობა უწყვეტად გაგრძელდება.

21 აპრილი

საქართველოს მთავრობამ, 10 მაისის ნაცვლად, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის შესაბამის მოთხოვნას დაეთანხმა და სხდომა პარლამენტში 22 აპრილს ჩაინიშნა. მანქანების მოძრაობის აღდგენა ქვეყანაში 27 აპრილამდე გადაიდო. ამ დღეს ხდება ცნობილი, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელიც კორონავირუსს სახლში მკურნალობს. პანდემიის დროს ბიძინა ივანიშვილი პირველად ჩნდება. თუმცა Tik Tok-ზე, მმართველი პარტიის ლიდერი შვილის ინსტაგრამზე.

22 აპრილი

პარლამენტი მხარს უჭერს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ისე, რომ ჯერ არ აქვს ნანახი მთავრობის შემუშავებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მარნეულში კი მოსახლეობა პროდუქტის გაყიდვის უფლების მიცემის მოთხოვნით აქციას მართავს. საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი იღუპება.

23 აპრილი

კორონავირუსის დროს შემცირებული შემოსავლების გამო სახელმწიფო რადიო მაესტროს ინკასოს ადებს. შუა დღეს გირჩმა აქცია გამართა, სადაც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა და მისმა მხარადამჭერებმა საგანგებო მდგომარეობის წესები გააპროტესტეს, პატრულმა კი პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და 14 აქტივისტი 3 000 ლარით დააჯარიმა. დღის ბოლომდე 425-მდე იზრდება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და ფარმაცევტებისა და მაღაზიის გამყიდველების ტესტირების ჯგუფში შესვლაზე ინფორმაცია ვრცელდება.

24 აპრილი

მთავრობა კრიზისის დაძლევისა და შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიან გეგმას წარადგენს. პრემიერ გახარიას პრეზენტაციით ირკვევა, რომ საქართველოს ბიუჯეტი 1,8 მილიარს ლარს კარგავს, თუმცა 3 მილიარდი დოლარის უცხოურ რესურსზე უჩნდება წვდომა. მთავრობა დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულებს კი ერთდჯერადად 300 ლარით, სოციალურად დაუცველები - 600 ლარს. დაანონსდა 2021 წლიდან პენსიის გაზრდაც. ცნობილი ხდება, რომ 2 დღით 27 და 28 აპრილს დღით გაიხსნება და შემდეგ ისევ დაიხურება საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

25 აპრილი

ცნობილი ხდება, რომ აჭარაში კორონავირუსთან სამკურნალოდ ექიმმა ოზონოთერაპია გამოიყენა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ამ გზით მკურნალობის დრო დაავადება “გაცილებით ადრე ალაგდა”.

26 აპრილი

საქართველოში 29-ით, 485-მდე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის ერთი თეთრიწყაროს კლინიკის ექიმია. ინფიცირებულებთან ერთად ერთით, 6-მდე გაიზარდა გარდაცვლილების რიცხვიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 17 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული და სავარაუდოდ, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია.