Accessibility links

site logo site logo

პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე ორი დღით ადრე - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ოქტომბერს


"როლების გაცვლა" 2012-2021 წლების სარკეში

27 ოქტომბრის აქციაზე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რეგიონებიდან ათიათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ძირითადი დრო წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკს დაუთმეს. ეს არავისთვის იყო მოულოდნელი.

„ოცნებამ“ თავისუფლების მოედნის ხალხით შევსება 2012 წელსაც შეძლო. პოლიტიკაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის მთავარ მოედანზე. იმ დღეს ხალხს აცნობა, რომ „დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე“ და სააკაშვილის რეჟიმის დასრულებასაც დაჰპირდა.

ამ აქციამდე ერთი დღით ადრე ბორის პაიჭაძის სტადიონზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეკრიბა ხალხი. გუშინდლის მსგავსად თბილისში მაშინაც ბევრმა სამარშრუტო ტაქსიმ და ავტობუსმა მოიყარა თავი.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ახლა „ქართული ოცნება“ მილევად რეჟიმშია, ისევე როგორც ცხრა წლის წინ ენმ იყო. თუმცა, მისი შეფასებით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი, დიდწილად, ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის განსხვავებულმა ხარისხმა განაპირობა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ზუგდიდში შეიკრიბნენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ამჯერად ზუგდიდში გამართა. მოქალაქეები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ, სადაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე ენმ-ის მერობის კანდიდატები და სხვა ლიდერები გამოვიდნენ სიტყვით.

აქციაზე წაიკითხეს მესამე პრეზიდენტის წერილიც: „მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება. ჩემი ოცნების ქალაქი, როგორც ზუგდიდის გაგრძელება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.

წაიკითხე მეტი.

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

სააკაშვილი სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ფორმა კიდევ უფრო რადიკალური გახადა მას მერე, რაც გუშინ უარი თქვა ანალიზების გაკეთებასა და სამედიცინო დახმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ციხიდან უკრაინელმა ექიმმა, რადის დეპუტატმა მაქსიმ პერებიინისმა გამოიტანა.

მოგვიანებით, ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის შეზღუდვები, რაც მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან ურთიერთობის პროცესში დაუწესეს.

"ახლა მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში ფანჯარა გვყოფს და უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. როგორც მივხვდი, ადვოკატებსაც ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს როგორ უნდა მოხერხდეს?" - თქვა ალასანიამ.

გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი. ევგენი გრუშოვეცი განმარტების გარეშე, აეროპორტიდანვე კიევში გააბრუნეს. ადვოკატს საკუთარი ბარგის წაღების საშუალებაც არ მიეცა.

საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი. უკრაინელი ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს იმ ფაქტს, რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ასეთი წერილი არ მიუღიათ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რუსეთში კვლავ სარეკორდოდ მაღალია COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი

რუსეთში კვლავ სარეკორდოდ მაღალია კორონავირუსის შედეგად ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი. ქვეყანა ახალი ზომების შემოსაღებად ემზადება სწრაფად მზარდი პანდემიის შესასუსტებლად.

კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისულმა ცენტრმა 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 1123 ადამიანი გარდაიცვალა, აღირიცხა ინფიცირების 36 582 ახალი შემთხვევა.

დღემდე რუსეთში კორონავირუსს 233 898 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მაჩვენებელია აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

გვინდოდა, ინტერვიუ ჩაგვეწერა სააკაშვილთან - რას ჰყვება საქართველოდან გაძევებული უკრაინელი ჟურნალისტი

27 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი, მათ შორის, ცნობილი წამყვანი დმიტრი გორდონი. გორდონმა დეპორტაციის შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა და თბილისის აეროპორტში მომხდარს საერთაშორისო სკანდალი უწოდა.

რადიო თავისუფლებას მომხდარის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტი ალესია ბაცმანი, დმიტრი გორდონის გადაცემის რედაქტორი და მისი მეუღლე. გორდონთან ერთად გუშინ ვერც მან მოახერხა საქართველოში შემოსვლა.

„როცა იქ თბილისში ჩავფრინდით, გვთხოვეს მოგვეცადა. ჩვენც ველოდეთ, ველოდეთ და მერე ვკითხეთ - რაშია საქმე, რა ხდება? გვითხრეს, რომ სისტემური შეფერხებაა. მეგობრების ჯგუფთან ერთად ვიყავით, ისინი დიმიტრი გორდონის საგანმანათლებლო პლატფორმის შეკრებაზე მიდიოდნენ.

მეგობრები გაატარეს, დავრჩით მხოლოდ ჩვენ. დაახლოებით ერთ საათში ჩვენთან მოვიდა ნოდარ ბარამიძე, აეროპორტის უფროსის მოადგილე, გვითხრა, დიმიტრი გორდონს უარი ეთქვა საქართველოში შეშვებაზეო და როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა“, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ანასტასია სლოვინსკაიასთან ინტერვიუში.

წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG