Accessibility links

ანა ფოტიგა: რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ მეტი აქტიურობაა საჭირო


ანა ფოტიგა

პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მომზადებული ანგარიში კოლეგებს მოუწოდებს, ევროკომისიაში შეიქმნას ახალი თანამდებობა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და გამოიყოს დამატებითი რესურსები ევროკავშირის შესაბამისი სამსახურისათვის, რომელიც რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ უკვე მუშაობს.

სოციალური ქსელების კომპანიათა რეგულირება, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ანგარიშის პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ნათქვამია, რომ ბლოკმა თავისი ანტიპროპაგანდისტული სამიზნე ჯგუფები „უნდა უზრუნველყოს ფინანსებითა და შესაბამისი პერსონალური შემადგენლობით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის პოტენციალს, გააუმჯობესებს ეფექტიანობასა და მუშაობის ხარისხს“. ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მომზადებული ანგარიში ამ თვის ბოლოს კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტზე იქნება განხილული.

წლის დასაწყისში ევროპარლამენტმა აღმოსავლეთის სტრატკომის სამიზნე ჯგუფისათვის (East StratCom taskforce) ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყო 1,1 მილიონი ევრო (1,3 მილიონი დოლარი), რამაც უნდა გააძლიეროს ბლოკის კამპანია რუსეთიდან მომავალი დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საეჭვო ანგარიშების აკრძალვა და შეუსაბამო მასალის წაშლა შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც ცენზურა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინისა, და ევროკომისიის მიმართ შეფარული კრიტიკის ფონზე, ანგარიშის პროექტი მოუწოდებს მათ ამ მიმართულებით „უფრო აქტიური მოქმედებისაკენ“. კავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც უარყოფენ სტრატეგიული პროპაგანდის არსებობას, ანგარიში მოუწოდებს აღიარონ ეს და პროაქტიულ ზომებს მიმართონ პროპაგანდის გამოსააშკარავებლად და მასთან საბრძოლველად.

დოკუმენტის დიდი ნაწილი ეძღვნება სოციალურ მედიას, რომელიც განმარტებულია როგორც „ძირითადი საშუალება დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გასავრცელებლად“. ანა ფოტიგას წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებით მოხდეს „სოციალური ქსელების კომპანიათა რეგულირება, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“. ამასთან, ასეთი ზომები უნდა გატარდეს გამჭვირვალედ, კომპეტენტურ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ვინაიდან „საეჭვო ანგარიშების აკრძალვა და შეუსაბამო მასალის წაშლა შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც ცენზურა“, - ნათქვამია პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მომზადებულ ანგარიშში.

იუწყებიან, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს 13-14 დეკემბრის ევროკავშირის ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგშიც შეიტანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG