Accessibility links

პომპეომ უცხოურ ტურნეში არ წაიყვანა NPR-ის ჟურნალისტი


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ National Public Radio-ს (NPR) ჟურნალისტი არ შეიყვანა პრესის ჯგუფში უკრაინასა და ოთხ სხვა ქვეყანაში ტურნეზე.

NPR-მა და სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტთა ასოციაციამ (SDCA), რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს წარმოადგენს, განაცხადეს, რომ ჟურნალისტი მიშელ კელემენი ჯგუფში არ შეიყვანეს.

როგორც SDCA იტყობინება, ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს შურისძიება ჟურნალისტის კოლეგის, მერი ლუის კელის მიმართ, რომელმაც მანამდე პომპეოს შეკითხვები დაუსვა უკრაინის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოხმაურებია ამ განცხადებას.

კელიმ პომპეოსთან 24 იანვარს აიღო ინტერვიუ. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი განრისხდა და შეწყვიტა ინტერვიუ, როცა ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვები უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მარი იოანოვიჩის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოხსნა 2019 წელს.
კელის თქმით, ამის შემდეგ პომპეომ ის თავის კერძო ოთახში შეიპატიჟა. კელის სიტყვებით, პომპეომ მას უყვირა და თქვა, რომ ამერიკელთა უმრავლესობამ არ იცის, სად მდებარეობს უკრაინა.

კელის თქმით, პომპეომ მას ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, ამერიკელებს ადარდებთ უკრაინა?“

მოგვიანებით პომპეომ ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა, როცა ის ინტერვიუზე უთანხმდებოდა მას და როცა დათანხმდა, რომ ინტერვიუს შემდეგი საუბარი არ გაეხმაურებინა.
NPR-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კელის „სრულიად პატიოსანი“ ჟურნალისტი უწოდა და მხარი დაუჭირა მის რეპორტაჟს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი და თქვა, რომ პომპეოს რეაქცია კიდევ ერთი მაგალითია პრესის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის „მტრული“ დამოკიდებულებისა.

მარი იოვანოვიჩის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ ტრამპის მოკავშირეები და მას ბრალს სდებდნენ პრეზიდენტის პოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ გამოძიების შეფერხებაში. შარშან ივლისში, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა უარყოფითად დაახასიათა იოვანოვიჩი.

NPR-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში მაიკ პომპეომ, იოვანოვიჩის ხელმძღვანელმა, თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, დაიცვა თუ არა უკრაინის ყოფილი ელჩი მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისგან.
აშშ-ის სენატში ამჟამად მიმდინარეობს ტრამპის იმპიჩმენტზე გამოძიება მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს დეკემბერში იმპიჩმენტის განაჩენი გამოუტანა ორი ბრალდებით: უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის.

ორივე ბრალდება დაკავშირებულია უკრაინასთან ტრამპის პრეზიდენტის ურთიერთობებთან.

პომპეოს ტურნე 29 იანვარს იწყება და ის მოიცავს ბელარუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს.

NPR-ის ჟურნალისტმა კელემენმა, რომელიც ორი ათეული წელია აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებულ თემებს, განაცხადა, რომ მისთვის არ აუხსნიათ, რატომ არ შეიყვანეს ჟურნალისტთა ჯგუფში, რომელიც მაიკ პომპეოს მიჰყვება ტურნეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG