Accessibility links

პოსტპანდემიური შოკი საქართველოს ტურიზმისთვის


ავტორი: ლალი ოქროშიძე

ყველას გვსმენია ის, რომ საქართველოს ტურიზმს დიდი პოტენციალი გააჩნია და მისი განვითარება აუცილებელია. ისიც გვსმენია, რომ ტურიზმი დადებითად ისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ მოსაზრებების მრავალი ფორმულირება არსებობს, მაგრამ უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ასეა კი ეს? თუ ჯობს საკითხი სხვაგვარად დაისვას?

მაგალითად, ქვეყნის სხვადასხვა სექტორში სიტუაციის გაუმჯობესებით, სარგებელს ყველა და ყველაფერი ნახავს. თუ, ვთქვათ, მომხმარებელთა ინტერესებს კომპანიები მეტად გაითვალისწინებენ, ან მშრომელთა უფლებებს მეტი ენთუზიაზმით (და რეალურად) დაიცავენ, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი მოწესრიგდება, ან ქვეყანაში საშუალო განათლების დონე აიწევს... ყველა მწვავე, თუ არც ისე მწვავე პრობლემის მოგვარების პარალელურად ხომ ტურიზმიც განვითარდება? ჩვენ ტურისტების მისაღებად კი არ განვავითარებთ სექტორებს, არამედ ტურიზმის სექტორი უკვე განვითარებული და ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ეს ხომ დამატებით, უკეთეს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასაც უზრუნველყოფს?

იმაზე არავინ დაობს, რომ ტურიზმი ნამდვილად ქმნის სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყნისთვის დადებითი ეფექტის მომტანია. მაგრამ ტურიზმი ხომ არ არის მხოლოდ სასტუმროები და კვების ობიქტები.

აქედან, ცოტა უფრო მასშტაბურ საკითხებზე გადავიდეთ...

როდესაც ქვეყნის ექსპორტი ბევრად ჩამოუვარდება იმპორტს (როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია, ვეყრდნობით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს), ეს ნიშნავს, რომ პროდუქციის უმეტესობა, რომლის შეძენაც, ადგილობრივებს და ტურისტებს შეგვიძლია - იმპორტირებულია.

ე. ი., როდესაც ტურისტი ქვეყანაში იძენს პროდუქტს, უმეტესწილად, ეს გახლავთ იმპორტირებული საქონელი.

დიახ, ფული ტრიალებს. დიახ, მოსახლეობა საქმდება... მაგრამ, ფულის უმეტესი ნაწილი ხომ ისევ საზღვრებს გარეთ გადის ახალი პროდუქციის შესაძენად?

პროდუქტი ადგილობრივი წარმოების რომ ყოფილიყო, ქვეყანაში გაცილებით მეტი მოგება დარჩებოდა და ეს, შესაბამისად, მისცემდა მწარმოებელს წარმოების გაზრდის საშუალებას. მეტსაც ვიტყვით, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტების საჭირო ნედლეულით უზრუნველსაყოფად, ისევ იმპორტირებულს ვიყენებთ...

გამოდის, რომ მომსახურების სფეროში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე წარმოების სექტორებში.

ესეც არ იქნებოდა ტრაგედია, რომ არა ტურიზმის მახასიათებელი, რომელიც სეზონურობის სახელითაა ცნობილი (სეზონურობის გარდა, ტურიზმს მაღალი მგრძნობელობა გააჩნია პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართაც).

მიზანშეწონილია, თუ არა ქვეყნის ისედაც საკმაოდ შეზღუდული რესურსების საგრძნობი ნაწილის გაღება ისეთი სექტორისთვის, რომელიც დინამიური და ცვალებადია?

დღეს, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა, მშვიდობიანობის დროს ტურიზმის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები დღევანდელობაში გაქრა...

პანდემიამ მთელ მსოფლიოში ყველანაირი წარმოება შეაჩერა ან საგრძნობლად შეაფერხა მაინც, მათ შორის, ტურისტული ბიზნესი მთლიანად გაჩერდა. როდესაც სიტუაცია გადაივლის, ალბათ ტურისტების ნაწილი, გარკვეული პერიოდი მაინც, დასვენების მიზნით მოგზაურობისგან თავს შეიკავებს, თუნდაც იმის გამო, რომ შვებულების აღება მოცემულ პირობებში დამსაქმებელთან მინიმუმ უხერხული იქნება. სხვა სექტორები დაიწყებენ გააქტიურებას, მაგრამ ტურიზმი ნაკლები ტემპებით...

ამ მოსაზრებას ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა, რომლის თანახმად საერთაშორისო ტურისტული შემოსვლები მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, 20-30%-ით შემცირდება.

თუ ტურიზმი ნაკლებად აქტიური იქნება, ვალუტის შემოდინებაც შემცირდება და სამუშაო ადგილებიც ნელი ტემპებით აღდგება.

საბოლოოდ გამოდის, რომ როცა ჯანდაცვის საკითხები შედარებით გადავლილი იქნება და სხვა საკითხებზე დაფიქრების დროც გამოგვიჩნდება, ჩვენ არ ვიფიქრებთ ტურიზმზე. ჩვენ ვიფიქრებთ იმ საკითხებზე, რომლებსაც წლების მანძილზე უყურადღებოდ ან ნაკლები ყურადღებით ვტოვებდით, რომელთა განუვითარებლობასაც საერთაშორისო კონკურენციას ვაბრალებდით (როგორ გავიდეთ საზღვარგარეთის ბაზრებზე, როცა იქ უკვე არსებობენ დამკვიდრებული კომპანიები?), ან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრობლემებს ვახსენებდით თავის გასამართლებლად.

ყველა ამ მივიწყებულმა, კარადაში შენახულმა, ფარდის უკან დამალულმა საკითხებმა სერიოზული პრობლემების შექმნის დროს თავი უკვე იჩინეს და ძველ წყენასაც შეგვახსენებენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG