Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი, ამერიკული ბაზა და “ქართული ოცნება”: გთხოვთ, ნუ გაგვაიგივებთ სალომე ზურაბიშვილთან


ავტორი: ირაკლი ორაგველიძე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის იდეას არ იწონებს, საქართველოს პოლიტიკურ ველში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.

«არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნეს აღქმული და, ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს», - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ამერიკის ხმის“ კითხვას, რას ფიქრობთ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზეო.

ამ განცხადების პასუხად ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის" წინადადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ გააჟღერა: „საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებასთან ერთად ეს არის ყველაზე სკანდალური განცხადება, რაც კი გაუკეთებია ქალბატონ ზურაბიშვილს. მე დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად დაასრულებს იმპიჩმენტით, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია, რომ მან არ მიაყენოს ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი ასეთი განცხადებებით“.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ჩატარებული აქციის მონაწილეები
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ჩატარებული აქციის მონაწილეები

​თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მმართველი გუნდისგან განმარტებები მოითხოვა: ”ეს განცხადება პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას საქართველოს მთავრობისგან, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამომავლო ნატოში გაწევრიანების ვალდებულებას”.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს „ქართული ოცნების“ პოზიცია ნაწილობრივ განუმარტა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა:

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი. რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“.

​ვერც ანალიტოკოსებმა აღმოაჩინეს ლოგიკა პრეზიდენტის განცხადებაში. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების წინა პლანზე წამოწევა პარტნიორებთან განხილვის გარეშე დაუშვებელია:

„არ არის მართებული პრეზიდენტის მხრიდან ისეთი თემების წამოწევა, რამაც შეიძლება გართულება გამოიწვიოს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომ პრეზიდენტი უნდა ერიდოს განცხადებებს, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას“.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოლაპარაკებები ამერიკული ბაზების განლაგებაზე არ მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტს გაცილებით მოხერხებულად შეეძლო დასმულ კითხვაზე დიპლომატიური პასუხის გაცემა: "ამ ქალბატონმა რეალურად დაადასტურა, რომ არანაირი დიპლომატი არ არის. შეეძლო ღირსეულად გამოსულიყო სიტუაციიდან, ეთქვა, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი. პირადად დასაშვებად მიმაჩნია, ასეთი მოლაპარაკებები ამერიკელებთნ რომც შემდგარიყო, მას საქმის კურსში არავინ ჩააყენებდა”.

სალომე ზურაბიშვილი პირველად არ იქცევს საზოგადოების ყურადღებას სკანდალური განცხადებებით. მაგალითად, 2017 წლის 31 ივლისს მან ასეთი კომენტარი მიუძღვნა ნატოს ჯავშანტექნიკის შემოყვანას საქართველოში

„ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის, ნათელი არაა ... ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და, საერთოდ, რამე ჩანაფიქრი თუ დგას, ცოტა არ იყოს მეეჭვება. არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი? ვშიშობ, ახალ ადმინისტრაციას არც გამოცდილება და არც შორს მჭვრეტავი ხედვა არ გააჩნია ამ რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისათვის, არც შემუშავებული ენა და მიდგომა, რუსეთი რომ შეაჩეროს“.

ასევე მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის 6 აგვისტოს წინასაარჩევნო განცხადება, რომლითაც მან ბრალი დასდო საქართველოს წინა ხელისუფლებას 2008 წლის ომის დაწყებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG