Accessibility links

პრეზიდენტი შეწყალებაზე: მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შედეგად სასიამოვნოს არაფერს ელოდა საზოგადოებისგან და ის, რომ რიგითი მოქალაქე ყოფილიყო, შესაძლოა ნაწილობრივ ვერც გაეგო პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

"სასიამოვნო ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი მართალი, რომ გითხრათ. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გასაგებია. ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის იმიტომ, რომ ახლობელს ვეუბნებოდი, მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ასეთ გადაწყვეტილებაზე და მეც, ალბათ, ნაწილობრივ ვერ გავიგებდი", -თქვა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. მისი განმარტებით, პრეზიდენტის საქმე ზუსტად ის არის, რომ რთულ დროს მიიღოს გადაწყვეტილებები და არ ელოდოს, რომ ამას საზოგადოება დააფასებს.

"დაფასება შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა. მთავარი ის არის, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო", — თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტლება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ ამცნო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

"მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა რომ გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის ნორმალური ქვეყნის მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ სურპრიზები შეაგდო და ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული", — ასე განმარტა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელებამდე მან ქართული ოცნების თავმჯდომარეს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო და ოცნების ლიდერებისგან პასუხად მიიღო: "თქვენი გადაწყვეტილება არისო".

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG