Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის ანგარიში პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 მაისს


პარლამენტში გიორგი გახარიას ელოდებიან

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში თავის ანგარიშს დღეს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტში ეს მისი პირველი ვიზიტია. ის არ მივიდა არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არც ამ ვადის გახანგრძლივების დროს. ერთ შემთხვევაში საპარლამენტო მდივანი წარდგა დეპუტატების წინაშე, მეორე შემთხვევაში კი ადმინისტრაციის უფროსი.

ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დროს ითხოვდნენ პრემიერისგან კითხვებზე პასუხის მოსმენას, თუმცა უშედეგოდ. გახარია ინტერპელაციის გზით საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს დაიბარეს, თუმცა მან ოპონენტებს დაასწრო და საკუთარი სურვილით 27 მაისსაც მივა.

წაიკითხე მეტი.

COVID-19: როგორ აპირებს ბიზნესი მუშაობის განახლებას?

მას მერე, რაც სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, ტანსაცმლის ყიდვის პროცესი ისეთი აღარ იქნება, როგორც მანამდე. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ათობით მაღაზიაში გასახდელები გაუქმდება. ცვლილება ვრცელდება „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებზე. მაღაზიაში ვერაფერს მოისინჯავთ, თუმცა დასაშვები იქნება ტანსაცმლის უკან მიბრუნება. მიბრუნებული სამოსი კი დარბაზის ნაცვლად დროებით კარანტინში გადაინაცვლებს.

ბიზნესის გადარჩენის მიზნით ცვლილებებისთვის მზად არიან ბარები და რესტორნები, დახმარებას კი მთავრობისგან ელიან. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ასზე მეტ ბარსა და ღამის კლუბს აერთიანებს, მთავრობას მიმართა. თუკი ობიექტების გახსნას ვერ შეძლებენ, ისინი ბარებისა და კლუბების ღია სივრცეში გადატანას ითხოვენ.

ვერ ვიმუშავებთ იმ პირობებში, თუ მხოლოდ ათი კაცის მიღება შეგვეძლება, რომლებიც ორმეტრიანი დისტანციით იცეკვებენ“, - ამბობს კლუბ „დაისის“ წარმომადგენელი, ქეთევან მესხი. მის ბარს მაგიდები არ აქვს, აქვს სცენა, რომელზეც მუსიკოსები უკრავენ. დანარჩენი სივრცე ცეკვისთვისაა გამოყოფილი. ბარის კლიენტები ადგილობრივებიც არიან და უცხოელებიც.

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბარები და კლუბები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

წაიკითხე მეტი.

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა. კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

დადასტურებული შემთხვევა - 732

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 537

კარანტინში - 3076

სტაციონარში - 300

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 731-დან 732-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 11 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 537-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 354-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

რუსეთი კვლავ მოითხოვს „ლუგარის ცენტრის“ ინსპექტირებას და მიანიშნებს ბიოლოგიურ საფრთხეზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

წაიკითხე მეტი.

ბოლშევიკის ძეგლი მარნეულში - „ვინ არის აქ დირექტორი“

საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) ულტიმატუმმა, რომელიც მარნეულიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას უკავშირდება. ვითარება დაძაბულია: ახლა ძეგლს ის აზერბაიჯანელებიც კი იცავენ, რომლებიც მანამდე დიდად არ აფასებდნენ ნარიმან ნარიმანოვს. მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) გარშემო, საკმაოდ სახიფათო განცხადებებით დაირაზმნენ რადიკალური ძალები. ხელისუფლება კი დუმს.

ნარიმანოვი ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით ის დაინიშნა საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავკაცად.

არის თუ არა ძეგლის აღება მხოლოდ საბჭოთა ისტორიის გადაფასების ნაწილი თუ საქმე პოლიტიკას შეეხება? რას ამბობენ ადგილობრივი აზერბაიჯანელები და რა შუაშია ეკლესიის დაფინანსება - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ქართული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო. პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG