Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგნოზები COVID-19-ის პიკის შესახებ - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ოქტომბერს


COVID-პროგნოზი: რა უნდა გაკეთდეს ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლო დღეებია 1000-ს გასცდა. მატულობს გარდაცვლილთა რაოდენობაც და ამ დროისთვის ის 158-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების ზრდა სწრაფად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზით, პიკი ჯერ კიდევ წინაა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მოდელირებისა და საპროექციო სცენარის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში დეკემბერ-იანვარში უნდა დადგეს. 2021 წლის პირველი თებერვლისთვის კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 2500-მდე შემთხვევაა მოსალოდნელი.

უნივერსიტეტის პროგნოზი რამდენიმე მოდელს განიხილავს. მათ შორის, გარდაცვალების რა რაოდენობა შეიძლება დაფიქსირდეს მაშინ, თუკი შეზღუდვები სრულად იქნება მოხსნილი და ეს რიცხვი შესაძლოა იყოს 6500-მდე და, ასევე, როგორი შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, თუკი, მაგალითად, პირბადეების მოხმარების წესები გამკაცრდება. ასეთ შემთხვევაში, გარდაცვალების რაოდენობა გაცილებით დაბალ მაჩვენებელს, 1600-ს შეადგენს.

როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე გაიარეს კორონავირუსის პიკი და რა უნდა გაკეთდეს ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად? - წაიკითხე ამ თემაზე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ევროპული საქართველო“ დღეს ავტომარშს გამართავს

21 ოქტომბერს, „ევროპული საქართველო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს ავტომარშს სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას“.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც გაიმართება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება ავტომარშები და ასევე გვექნება ავტოკოლონები, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვექნება ავტომანქანების მარში ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კოდური სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას“. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს და ჩვენს დამოკიდებულებას ისე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ კოვიდთან დაკავშირებული მოთხოვნები“, - განაცხადა კაპანაძემ.

"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და, ზოგადად, დასავლეთთან“, - ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი.

ფერნანდესს მიაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში არსებული გარკვეული შეშფოთებების შემდეგ ამ არჩევნებს ვაშინგტონში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ამერიკის კონგრესის მხრიდან.

წაიკითხე მეტი.

როგორ ვუმკურნალოთ კოვიდს სახლში - რას გვირჩევენ ექიმები

კორონავირუსით ინფიცირებულთა სწრაფ მატებასთან ერთად მატულობს იმის ნიშნებიც, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შედის. ქართველი ექიმები მოქალაქეებს, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

„მთავარია, არ შეგეშინდეთ, პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებების არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის აუცილებელი არ არის”, - მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი ყველას, ვინც ხვდება, რომ კორონავირუსის სიმპტომები აქვს.

ნანა გეგეჭკორი პანდემიის დაწყების დღიდან ნიუ-იორკის მაიმონიდის ჰოსპიტალში იყო ჩართული კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. მან გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი ტალღისას, თავადაც გადაიტანა დაავადება, საკუთარ სახლში, მეგობარი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. რჩევები კოვიდინფიცირებულებისთვის ნანამ ასევე შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ექიმთან, ზურაბ გურულთან ერთად შეადგინა.

ამ სტატიაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნასტასია არაბულმა თავი მოუყარა ექიმების რჩევებს, რომლებიც შინ მკურნალობის დროს გამოსადეგია.

ისინი წელს პირველად უნდა წავიდნენ არჩევნებზე და პირველად მისცენ ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისკენაც მათი სიმპათია იხრება. ამ ვიდეოს გმირები 18 წლისები ცოტა ხნის წინ გახდნენ - ორივე პირველკურსელია.

რამ გადააწყვეტინათ, სრულწლოვანების პირველსავე წელს გახდნენ ამომრჩევლები და რა მოლოდინით მიდიან თავიანთ პირველ არჩევნებზე?

ლექსო რატიანი და სალომე მიქაია თავიანთ არჩევანზე მოგვითხრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG