Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ტალღა აშშ-ში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ივნისს


სიბრაზე და პროტესტი: რა იწვევს მღელვარე აქციებს შეერთებულ შტატებში

შეერთებულ შტატებში გამართული საპროტესტო აქციები გუშინ შედარებით მშვიდობიანი იყო, თუმცა იყო ვანდალიზმის რამდენიმე ფაქტიც. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იტყობინება. აშშ-ის მოსახლეობა კვლავ აპროტესტებს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას. ამაში მათ ვერც კომენდანტის საათი უშლის ხელს, რომელიც ნიუ-იორკსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მოქმედებს.

აშშ-ში რასობრივი საკითხების გამო ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე და მასშტაბურია. დემონსტრაციები მოჰყვა მორიგი შეუიარაღებელი აფროამერიკელი კაცის სიკვდილს თეთრკანიანი პოლიციელის ხელში, დაპატიმრების მომენტში.

აფროამერიკელები, ათწლეულებია, ჩივიან უსამართლო მოპყრობაზე სამართალდამცველთა მხრიდან, მათ შორის რასობრივი პროფილის პრინციპის გამო - პრაქტიკის, როცა მოქალაქეს აჩერებენ მისი კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან გენდერის საფუძველზე.

შავკანიანები აშშ-ის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ, თუმცა პატიმრებს შორის მათი რაოდენობა 60%-ია. მათ გაცილებით უფრო ხშირად კლავენ პოლიციელები, ვიდრე თეთრ ამერიკელებს. Washington Post-ში გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, აშშ-ის პოლიციის მიერ მოკლულთა შორის შავკანიანები 26%-ს წარმოადგენენ, რაც მოსახლეობაში მათი რაოდენობის გაორმაგებული რიცხვია. შავკანიანები შეადგენენ პოლიციელთა მიერ მოკლული შეუიარაღებელი ადამიანების ერთ მესამედს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

200-ლარიანი კომპენსაცია: მაისის მიიღეთ? მიიღებთ კიდევ?

92 ათასამდეა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ან ანაზღაურების შეჩერების გამო, მაისის 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად გაკონტროლდება და შესაბამისად - შეიცვლება კიდეც. აპრილში მთავრობა 350 ათასი ასეთი პირის გამოვლენასა და დახმარებას ვარაუდობდა. სად წავიდნენ დანარჩენები?

აპრილში, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ 6-თვიანი 200 ლარიანი დახმარება 350 ათას პირს დასჭირდებოდა:

  • დახმარებით სარგებლობას დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 000 000 ლარის ხარჯს“;
  • ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, შეგვეძლოს 6 თვის განმავლობაში ფინანსურად დავეხმაროთ მათ იმ მინიმალური მხარდაჭერით და თანადგომით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს".

დღევანდელი, უკვე დათვლილი მაჩვენებლების მიხედვით, 200-ლარიან კომპენსაციას არა 350 ათასი, არამედ თითქმის 4-ჯერ ნაკლები ადამიანი მიიღებს.

წაიკითხე მეტი.

საქართველოში 800-ს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა

დადასტურებული შემთხვევა - 800

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 640

კარანტინში - 2424

სტაციონარში - 304

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4 ადამიანს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 800-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 4 ახალი პაციენტიდან ერთი „საბურთალოს კლასტერიდანაა“. სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 640-ია.

2 ივნისს, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული მე-13 პაციენტი. ხანდაზმულ მამაკაცს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს არაერთი თანმდევი დაავადება ჰქონდა.

დღეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს დაიწყება.

პარლამენტის ინფორმაციით, დაინტერესებული მოქალაქეების მიერ ონლაინ დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში. განხილვა 19:00 საათზე დაიწყება. განხილვის სატელევიზიო ფორმატი კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა. საჯარო განხილვა გაიმართება აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით 17 მარტს შეიქმნა, თუმცა, რეგიონების მიხედვით საჯარო შეხვედრები ვერ ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

მაისში საქართველოში წლიური ინფლაცია 6.5% იყო

2020 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 14.7%-ით გაზრდამ.

ოფიციალური სტატისტიკით, ხილი და ყურძენი 47.1%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 24.6%-ით, თევზეული 17.1%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14.5%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 13.9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.5%-ით, ზეთი და ცხიმი 13.1%-ით, პური და პურპროდუქტები 9.2%-ით და ბოსტნეული და ბაღჩეული 2.7%-ით.

სტატისტიკის სამსახურის ცნობითვე, ტრანსპორტზე ფასები შემცირდა 4.6%-ით, ხოლო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 6.9%-ით.

რაც შეეხება ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელს, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (+4.3%), საზოგადოებრივი კვება (+4.4%) და ჯანმრთელობის დაცვა (+1.3%).

2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, წლიური ინფლაცია 6.9% იყო.

ბავშვი და ბავშვი - გლდანის ხევი #6-ის ორი მსხვერპლი?

ვინ დატოვა გლდანის ხევის 6 ნომერში ახალშობილი, რომელიც 2 ივნისის დილას მეეზოვემ გარდაცვლილი იპოვა, ამის შესახებ გამოძიებას ჯერ პასუხი არ აქვს.

ჰყავს თუ არა გამოძიებას ბრალდებული, ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე“, არ პასუხობენ. როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, უნდა დაველოდოთ გამოძიებას“.

2 ივნისის საღამოს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გლდანის ხევის 6 ნომერში მცხოვრებ მეზობლებსა და არასრულწლოვან რესპონდენტებს ეყრდნობოდა, "ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ბინაში გააჩინა და ის მეექვსე სართულიდან გადმოაგდო". მეტიც, ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტს ეზოში მოთამაშე არასრულწლოვანმა რესპონდენტებმა მიაწოდეს, ჩვილის გვამი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ლურჯ პარკში გაახვიეს და ნაგვის ურნაში დატოვეს, რომელიც მერე ნაგვის მანქანამ წაიღო“.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გვამი ექსპერტიზაზე სტანდარტების სრული დაცვით გადაასვენეს.

რაც შეეხება არასრულწლოვან გოგოს, ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც ასევე მეზობლების ნათქვამს ეყრდნობოდა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, არასრულწლოვანი 2 ივნისს პოლიციაში მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და ამჟამად ის სახლში იმყოფება. დამატებით დეტალებს შსს-ში ისევ და ისევ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

არასრულწლოვანი გოგოს გამოკითხვის პროცესს დაესწრო სოციალური სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. გვანცა ღონღაძე, ცენტრის ხელმძღვანელი მოწმის სტატუსით დაკითხულ არასრულწლოვან გოგოს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „არასრულწლოვან დედად“ მოიხსენიებს.

რა სტანდარტით უნდა მიუდგეს მედია ასეთ ამბავს და რა ვიცით ამ დროისთვის გლდანის ხევის 6 ნომერში მომხდარზე, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თბილისში ყვავის თავდასხმის გამო 5 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ წარმომადგენელი ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ყვავები ბახალას იცავდნენ, რომელიც ფრენას სწავლობდა და ისეთ ადგილას დაჯდა, სადაც ბევრი ადამიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG