Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ახალი ტაქტიკა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 აგვისტოს


ჭამაში მოსული მადა - რას ნიშნავს რუსეთის ახალი ნაბიჯი?

ცხინვალი კმაყოფილია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულება ცხინვალთან იმგვარი შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს, როგორიც ამჟამად მხოლოდ რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის მოქმედებს. პროექტი და თხოვნა რუსეთში წლების წინ იყო გაგზავნილი, მაგრამ მოსკოვი მხოლოდ ახლა ამოქმედდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება მოქალაქეებს დამატებით სოციალურ გარანტიებს მისცემს. როგორც ბიბილოვი აცხადებს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იგეგმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს სვლა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა. უწყების მიერ 5 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწორედ უკანონო პასპორტიზაციის პროცესით ცდილობდა რუსეთის ფედერაცია 2008 წელს „საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას“.

რატომ დათანხმდა პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წინადადებას სწორედ ახლა? საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ რუსეთი წინასწარ განსაზღვრული, მიზანმიმართული გეგმით მიიწევს წინ. მიზანი ანექსიაა. ამჟამად კი, მისი ვარაუდით, რუსეთმა დემონსტრაციული სვლა არეულობისა და საქართველოს დასუსტების ფონზე გადაწყვიტა.

აქვს თუ არა საქართველოს განგაშს საფუძველი? რა შეიძლება იდგეს პუტინის ამ ნაბიჯის მიღმა? წაიკითხე მოსაზრებები და განცხადებები ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საია-ს შეფასებით, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება უსამართლობის განცდას აჩენს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულის, პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას კრიტიკულად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

„იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში, როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება“, - აცხადებს საია.

მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. სწორედ ეს უწყება იძიებდა 2019 წელს ჩოლოიანის ბრალეულობის საკითხს ამ საქმეში.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ორგანოს, განმარტებით, მარიანა ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის პრევენციასა და სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში“, - ამბობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორჯერვე მარიანა ჩოლოიანმა დაჰკითხა.

წაიკითხე მეტი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია. კერძოდ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას.

„საუკეთესო იქნება, თუ ავედით 31 000-33 000 ათას აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ საშუალოდ ავედით 25-26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია და ამიტომ ხშირად ვამბობთ, რომ აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-30-მდე აცრა სამი თვის განმავლობაში, ეპიდემიას ნამდვილად შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. დღიურად კორონავირუსის 4000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. უკვე 40-ს უახლოვდება გარდაცვლილთა რაოდენობაც.

ამ პირობებში ფაქტობრივად სრულად არის მოხსნილი ყველა შეზღუდვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქვეყნის ჩაკეტვა“ აღარ იგეგმება, რადგან ვირუსის დასამარცხებლად საჭირო ვაქცინები საქართველოშია.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021" აღარ ჩატარდება

მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ 2021 წელს აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ლიტერატურულ პრემია „ლიტერაში“ მონაწილეობაზე უარი თქვეს მწერალთა ნაწილმა და ჟიურის წევრთა უმრავლესობამ და ამ მიზეზით იშლებოდა.

„ლიტერატურული პრემია "ლიტერა" და მთარგმნელობითი პრემია "ლიტერა მთარგმნელებისთვის" კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის "კულტურის ხელშეწყობა" ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად, ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021" ვეღარ გაიმართება“, - აღნიშნულია მწერალთა სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მწერალთა სახლი ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ წელს აღარ ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადების საფუძველზე კონკურსიდან დღეისათვის 92 წიგნია მოხსნილი.

მთავრობის ავიაცია საჰაერო იერიშებს აგრძელებს, თალიბანი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმებით იმუქრება

ავღანეთის ავიაციამ 5 აგვისტოს გააგრძელა საჰაერო იერიშები თალიბანის პოზიციებზე ქვეყნის სამხრეთში.

თალიბანმა ქვეყნის ჩრდილოეთში მეტი ტერიტორია დაიკავა. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ კიდევ მეტ თავდასხმებს განახორციელებს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე მას მერე, რაც სამიზნეში ამოიღეს ქაბულში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბისმილა ხან მოჰამადი. თალიბანი აცხადებს, რომ ეს „თავდასხმა დასაწყისია შურისძიების ოპერაციებისა მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სხვადასხვა არეალში თალიბანის წინააღმდეგ თავდასხმისა და დაბომბვის ბრძანებებს იძლევა“, განაცხადა 4 აგვისტოს თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მოჰამადიზე თავდასხმისას რვა ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა.

წაიკითხე მეტი.

თვითმკვლელობა, თუ კაგებეს ხელწერით ჩადენილი სუიციდის იმიტაცია?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბელარუსთა დამატებითი დაცვა დაავალა მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში ჩამოხრჩობილი იპოვეს ორგანიზაცია „ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი.

გავრცელებული ვერსიით, შიშოვმა თავი ჩამოიხრჩო თავის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სვიატოშინოს სკვერში, რომლის გავლითაც ის დილის სირბილის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. ამ ვერსიაზე გამოძიებაც მუშაობს, თუმცა პოლიცია არც მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

„განიხილება თვითმკვლელობისა და სუიციდის იმიტაციით ჩადენილი მკვლელობის ვერსიები. ეს არის ორი ძირითადი ვერსია, მაგრამ ჩვენ სხვებსაც არ უარვყოფთ. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში სხვა ვერსიაც გამოიკვეთოს“, - განაცხადა 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმკინმა.

თავად ვიტალი შიშოვის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ „ბელარუსული სახლის“ ლიდერი მოკლულია, რადგან მის სხეულზე ცემის კვალი აღმოჩნდა.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

წაიკითხე და ნახე მეტი.

ვაქცინირებული მაყვალა 88 წლის არის და წინა საუკუნის პანდემიაც ახსოვს. ამის მიუხედავად, ანტივაქსერული კამპანიის „მსხვერპლი“ რამდენიმე თვით მაინც იყო. ხანგრძლივი ფიქრისა და ოთხი რთული ოპერაციის შემდეგ გადაწყვიტა, აცრილიყო. ახლა ამბობს, რომ ერთადერთი სწორი გზა პანდემიის, სახლში გამოკეტვის, მუდმივი შიშისა და სტრესის დასასრულებლად, ვაქცინაციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG