Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წავიკითხოთ უმუშევრობის სტატისტიკა?


როგორ წავიკითხოთ უმუშევრობის სტატისტიკა?
please wait

No media source currently available

0:00 0:29:58 0:00

"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 12,7% იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1,2%-ით ნაკლებია. ერთი შეხედვით, უმუშევრობა ქვეყანაში, თითქოს, შემცირდა, თუმცა რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, "ეკონომიკური ალტერნატივის" ხელმძღვანელი "დილის საუბრებში" ციფრებს სხვაგავარად განმარტავს: "უმუშევრობის მონაცემი ცალკე არც არაფერს გვაძლევს. ის უნდა განვიხილოთ სხვა პარამეტრებთან თანხვედრაში". ამერიკის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო წლების გამოკითხვებში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის "სამუშაო ადგილები" და "სიღარიბე" სახელდება. 2018 წლის დეკემბრის გამოკვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 51% თვლის "სამუშაო ადგილებს" უმნიშვნელოვანეს საკითხად. "საქსტატი" იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც, უმუშევრად ითვლება:  "15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში". იმავე მეთოდოლოგიის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება: "15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ". რამაზ გერლიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო ძალის რიცხოვნობა, რისი უმთავრესი მიზეზიც სამუშაო ძალის მიგრაციაა. რამაზ გერლიანი განმარტავს, რომ უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებლის კლება მოგვცა სამუშაო ძალის შემცირებამ. "შემცირების ყველაზე მსხვილი მიზეზი არის მიგრაცია და ის, ჩვენდა სამწუხაროდ, არის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მატარებელი". ანუ, "დილის საუბრების" სტუმრის თანახმად, 2018 წელს სამუშაო ძალის რიცხოვნობა რომ არ შეცვლილიყო, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი კი არ შემცირდებოდა, არამედ გაიზრდებოდა. უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების განმარტებისას, მეორე პარამეტრი, რასაც ეკონომისტი გამოყოფს, არის დასაქმებულთა რაოდენობა: "მეორე მაჩვენებელია დასაქმებულთა რიცხოვნობა, რომელიც წინა წელთან შედარებით 12400 ადამიანით შემცირდა. ეს მოხდა უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების პარალელურად. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა". რაც შეეხება მთავრობის ნაბიჯებს, რამაზ გერლიანი ამბობს: "თუკი პოლიტიკა ეკონომიკის ხელშემწყობია, მან უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. თუ წლიდან წლამდე დასაქმებულთა რიცხოვნობა მცირდება, გამოდის, ეს პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ მუშაობს. არ იქმნება ქვეყანაში სამუშაო ადგილები". 2018 წლის მეოთხე კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48,7%-ს შეადგენდა. დაქირავებით დასაქმებულთა ერთი მესამედი საჯარო სექტორშია დასაქმებული, ანუ ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ქალაქში უმუშევრობის საშუალო დონე 19,8%-ია, სოფლად კი - 5,8%. თვითდასაქმებულთა დიდი წილი სოფელზე მოდის. 2018-ის პირველ კვარტალში თვითდასაქმებულების წილი 50%-ს აჭარბებდა. ვერავინ იტყვის მათგან რამდენი იყო რეალურად დასაქმებული. "უმუშევრობის მაჩვენებელი თუ იკლებს დასაქმების რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, ეგ კარგია. მაგრამ, თუ დასაქმების რიცხოვნობა კლებულობს, როდესაც დაანონსებულია წლის განმავლობაში 40 ათას სამუშაო ადგილის შექმნა და ამ დროს რეალურად გასულ პერიოდთან შედარებით 12 ათასით კლება გექნება, არ არის სახარბიელო მდგომარეობა". რამაზ გერლიანი ლაპარაკობს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, მისი გათვლით, უახლოეს პერიოდში უმუშევრობას გაზრდის: "პრობლემის დროულად აღმოჩენა გვაძლევს შესაძლებობას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა გამოვასწოროთ და დროულად მივხედოთ. სხვაგვარად გამოდის, რომ ვართ სირაქლემის პოზაში და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული". ეკონომისტი აკრიტიკებს მთავრობის იმ ნაბიჯებს, რომლებიც, მისი თქმით, "ეკონომიკური თავისუფლების არეალს ამცირებს": "ბიზნესსექტორის მოღვაწეობის არეალის შემცირება ეკონომიკას არასდროს გამოადგება".

XS
SM
MD
LG