Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი/როგორი პარტია გვჭირდება?


ავტორი: დავით ჩხაიძე

საქართველოში დღეს ორ ასეულზე მეტი განსხვავებული პოლიტიკური გაერთიანებაა. დიდი ალბათობით, საქართველოს მოსახლეობას 10-მდე პარტიაზე თუ ექნება გარკვეული ინფორმაცია. ეს მონაცემები აჩენს ლეგიტიმურ კითხვას, არის თუ არა საქართველო ორასი პარტიის საბრძოლო ველი და რამდენი პოლიტიკური პარტია იქნებოდა დამაკმაყოფილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა პოლიტიკური რეალობაა.ხშირადსაუბრობენ ამერიკულ და ბრიტანულ „ორპარტიულ“ მოდელებზე,თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ აშშ-სა და ბრიტანეთში პარტიები მრავლად არიან წარმოდგენილნი,უბრალოდ ელექტორატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ორ დიდ,ტრადიციულ და ისტორიულ პარტიებს შორის არის გადანაწილებული.

პარტიათა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია,გამომდინარე იქედან,რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება დაარეგისტრიროს პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამ უფლებამ გამოიწვია ის,რომ საქართველოში ორასზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. მიუხედავად ამისა,საქართველოში კრიზისია მუდმივი და მყარი პოლიტიკური პარტიების. ამომრჩეველში კი არსებობს განცდა,რომ საქართველოში საინტერესო და სერიოზული პოლიტიკური პარტია არ არსებობს.

მსგავსი რეალობა ყალიბდება მაშინ,როდესაც პოლიტიკური პარტიის შექმნა და მისი ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად არ არის დაყრდნობილი იდეოლოგიურ ჩარჩოზე. საქართველო ე.წ. „ახალი დემოკრატიაა“,რომელსაც სხვა ტრადიციული დემოკრატიების მსგავსად რამდენიმე ასეული წელი არ უხარშავს დემოკრატიული ღირებულებები და არ მოურგია თავისი საზოგადოებისთვის. გამომდინარე აქედან, საქართველოში პარტიების შექმნა და მათი შემდგომი არსებობა ერთ ქარიზმატულ და პრივილეგირებულ ინდივიდთან არის დაკავშირებული, მისი კარიერის დასრულების შემდეგ კი პოლიტიკური პარტიაც მასთან ერთად კარგავს რეიტინგს,ან სრულად იკარგება.

არადა თითქოს პრობლემა ძალიან მარტივია. საქართველოსთვის საკმარისი იქნებოდა რამდენიმე მყარი,იდეოლოგიის ერთგული პარტია,რომელიც მიუხედავად უახლოესი არჩევნების შედეგისა,ან ლიდერის შეცვლისა, არ დაკარგავდა არც ამომრჩეველს და არც გაქრებოდა აქტიური პოლიტიკიდან. მსგავს სიტუაციაში, მოსახლეობა არა მარტო გაიგებდა ვისთვის მიეცა ხმა,არამედ იდეოლოგიურ ჭრილშიც ამაღლდებოდა მათი ცოდნა და აღარ გაებმებოდა ისეთ მარტივ ხაფანგში,როცა ლიბერალური,მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიები მთელს საარჩევნო კამპანიას მემარცხენე იდეებზე აგებენ.

არაფრის მომცემი ორი ასეული პარტიის ბრალია,რომ დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი ისეთი პარტია,რომელიც მყარად იდგება მემარცხენე იდეებზე და მოსახლეობას მემარცხენე ხასიათის რეფორმების გატარებას შეჰპირდება. არადა საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვართან არის მიახლოებული,არანაკლები ნაწილი კი უბრალოდ შიმშილობს. საქართველოში მსგავს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას არ უნდა გაუჭირდეს წარმატების მოპოვება.

რატომ თვლის ყოველი პოლიტიკოსი,რომ მას საკუთარი პარტია უნდა ჰქონდეს?

ამას შეიძლება რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდეს.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზია. საქართველო ჯერ კიდევ არამყარი პოლიტიკური გარემოსა და საზოგადოების ქვეყანაა,სადაც ძალაუფლების მოპოვებაც ისეთივე მარტივია,როგორც მოგვიანებით მისი დაკარგვა. შესაბამისად, სანამ საქართველო მყარ ორიენტირებულ სახემწიფოდ ჩამოყალიბდება, ნებისმიერს ექნება სურვილი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

უფრო ფართოდ კი, მთავარი პრობლემა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა. ვინ არიან პოლიტიკოსები? ჩვენნაირი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები. შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის გააზრება,რომ ყოველი მათგანი ამავე საზოგადოების ნაწილია. ჩვენსავით ფიქრობენ და აზროვნებენ.საქართველოში ისეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა, ვინც ზუსტად ჩამოიყალიბა თავისი იდეოლოგიური ორიენტაცია,იცის რა სურს და იცის როგორი ტიპის პარტიებისგან უნდა ელოდოს თავის პრობლემებზე ფოკუსირებას. მსგავსი სიტუაციაა შიგნით,პოლიტიკურ სივრცეშიც. პოლიტიკოსებისთვის რთულია იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანება,რადგან მათ თითქმის არ იციან რაზე უნდა ისაუბრონ, არ იციან „გამმიჯნავი ხაზების“ არსებობა, არ იციან ვისზე უნდა კონცენტრირდნენ და რა ტიპის ამომრჩეველი უნდა მიიზიდონ. მათ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება აქვთ მიზნად. რა იგებს არჩევნებს? მეტი ხმა. მეტ ხმას კი მეტი მოქალაქე სჭირდება. შესაბამისად მათი დაპირებები და წინასაარჩევნო კამპანიები გათვლილია ყველაზე, განურჩევლად სოციალური ჯგუფისა,ასაკისა,საქმიანობისა,ინტერესებისა და ა.შ. ნებისმიერ პარტიას სურს,რომ დააკმაყოფილოს ნებისმიერი. ეს უნივერსალური მიზანი კი თანამედროვე მრავალპარტიულ სახელმწიფოში შეუძლებელია განხორციელდეს.

რა მოაგვარებს პრობლემას?

პოლიტიკური კულტურის გამომუშავება არ არის დაკავშირებული სახელძღვანელოს წაკითხვასთან, ან ლექციების ჩატარებასთან. აღნიშნული კულტურისა და სტაბილურობის გამომუშავებას დრო და შესაბამისი გამოცდილება სჭირდება. საქართველომ 28 წლის წინ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და შესაბამისად დაიწყო აღნიშნული ცოდნის მიღება. ცოდნის იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ უნდა ვიქცეთ სახელმწიფოდ,შესაბამისი პოლიტიკური სისტემით. ჩვენ ამისთვის საუკუნეები არ დაგვჭირდება,მსოფლიო პოლიტიკის ტემპი ამის საშუალებას არ მოგვცემს,თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა.

საქართველოში ჯერ პოლიტიკური პარტიების პერიოდი არ დამდგარა. კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიის განმარტებაში იშვიათი გამონაკლისების გარდა არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ ჯდება. პოლიტიკური პარტიის არაერთი განმარტება არსებობს. ზოგი განმარტების მიხედვით პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევნებშიი გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა საკუთარი იდეების გასატარებლად, სხვა განმარტებების მიხედვით,პარტიათა თვითმიზანი არჩევნების მოგება არ უნდა იყოს. განსხვავებების მიუხედავად საერთო ერთია: ყველა პარტია საერთო ღირებულებების მქონე პიროვნებების გაერთიანებაა,რომელთაც სურთ საკუთარი რწმენა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით,ეროვნულ ინტერესად აქციონ. მსგავსი პარტიები კი საქართველოში თითქმის არ გვხვდება.

როგორი და რამდენი პარტია გვჭირდება? ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია,თუმცა როგორი პარტიები გვჭირდება,ამის მიხვედრა რთული საქმე არ არის.

ნამდვილი პარტიები გვჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG