Accessibility links

site logo site logo

რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო მელიას სარჩელთან დაკავშირებით? - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 თებერვალს


დღეს სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელის დასაშვებობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განიხილავს თუ არა ნიკა მელიას ადვოკატების სარჩელს და შესაბამისად ,ექნება თუ არა ამ საქმეს სამართლებრივი გამოსავალი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

როგორც მელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს.

„დაკავება პოლიტიკური იყო და გაშვებაც პოლიტიკური იქნება. ყველაფერი მათ ნებაზეა დამოკიდებული. 24 საათში შეუძლიათ მელიას გამოშვება, ამისთვის გზები არსებობს“, თქვა ბასილაიამ.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ელის მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას. გუშინ ციხესთან მის გასამხნევებლად მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ.

წაიკითხე და ნახე მეტი.

"ერთი შეხედვით არის დამაზიანებელი" - "ოცნების" უცვლელი პოზიცია

საერთაშორისო პარტნიორების მზარდი შეშფოთების ფონზე „ქართული ოცნების“ „განხეთქილების გამომწვევი“ რიტორიკის შერბილება მართალია, ბევრმა შეამჩნია, მაგრამ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გამოსავალი დიდად არ განსხვავდება ნიკა მელიას დაკავებამდე არსებული შეთავაზებისგან. ოპოზიციური პარტიები დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ხედავენ და ხელისუფლებისგან კომპრომისისთვის მზადყოფნის სიგნალს ელოდებიან.

ნაბიჯებს, რაც დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება და ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყნის უკან დახევაზე მიანიშნებს, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ღირსებისა და კანონის უზენაესობის დაცვით ამართლებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით ირკვევა, რომ ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ტონი მათთვის არასაკმარისად მკაცრია და რომ საქართველოში მომხდარი ამბავი, მხოლოდ „ერთი შეხედვით“ არის შემაშფოთებელი.

რა გზები რჩება კრიზისიდან გამოსასვლელად? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დღეიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 25 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით რამდენიმე ეტაპად შემსუბუქდება შეზღუდვები.

დღეიდან იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტები. მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შაბათ-კვირასაც იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პირველი მარტიდან გაიხსნება ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. 8 მარტიდან მაღაზიები ყოველდღიურ მუშაობაზე გადავლენ.

15 მარტიდან სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. 1 აპრილს კი თეატრები და სპორტ დარბაზები გაიხსნებიან.

ჯერ არ უქმდება კომენდანტის საათი.

როდის რა შეზღუდვა მოიხსნება ქვეყანაში, ვრცლად წაიკითხე აქ.

საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე დღეს გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო. სამოცდათხუთმეტი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდაორმა გაიარა. დარბაზში მხოლოდ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის - ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერები შევიდნენ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არაღიარებულ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა კი ყრილობას პროტესტი გამოუცხადეს - ავჭალის სტადიონთან მივიდნენ, მაგრამ დარბაზში არ შევიდნენ. მათი განცხადებით, რეგისტრაციაგავლილი სუბიექტების ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება, შანტაჟის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა.

რაგბის კავშირი განმეორებითი საერთო კრების თარიღს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მის ჩასატარებლად უკვე დელეგატთა საერთო რაოდენობის ორმოცდაათ პროცენტზე ერთით მეტი, ოცდათვრამეტი ხმაც საკმარისი იქნება.

მსოფლიოში შენარჩუნებულია კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მეექვსე კვირაა მსოფლიოში იკლებს კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა. მესამე კვირაა მცირდება ლეტალობის მაჩვენებელი.

საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკით, გასულ კვირაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 2.4 მილიონი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. 15-21 თებერვლის პერიოდში COVID-19-ით გარდაიცვალა 66 000-მდე ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 20%-ით.

პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 112 600 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს უახლოვდება.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 24 თებერვლისთვის მსოფლიოს 95 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინის 213 მილიონზე მეტი დოზა.

დაგვიანება იცის ვაქცინამ - რატომ გადაიწია COVID-ვაქცინის ჩამოსვლის თარიღმა?

მარტი - ამჯერად, ეს თვე განისაზღვრა ქვეყანაში COVID-ვაქცინაციის დაწყების თარიღად. ოღონდ, უფრო მარტის ბოლო. 24 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სწორედ ასეთი მოლოდინი შექმნა ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის დაპირებით, 29 250 დოზა „პფაიზერის“ ვაქცინას, „კოვაქს პლატფორმის“ გზით, ჯერ კიდევ თებერვალში ველოდით, მაგრამ ამბავი იმის შესახებ, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა დაგვიანდებოდა, მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ყოველგვარმა დაპირებულმა თარიღმა ჩაგვიარა - თებერვლის შუა რიცხვებმაც, თებერვლის ბოლო დეკადამაც და თებერვლის ბოლო კვირამაც.

როგორც ჩანს, დაგვიანების მიზეზად მთავრობა რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებს. მათ შორის, ერთი ფაქტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, 24 თებერვალს ასე ახსნა:

„ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას. ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „პფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინა ჩვენთან ერთად უნდა მიეღოთ, მიწოდება გადავადდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ უკვე მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდით“.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ხელით აყრიან ტექნიკურ მარილს.

დღეს თბილისში თოვლი მოვიდა და როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG